კონსტანცასა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - კვირის პალიტრა

კონსტანცასა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში ანაკლიისა და კონსტანცას პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გვაცნობეს. მემორანდუმი მხარეებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის, საერთო სამოქმედო სატრანსპორტო გეგმისა და მარშრუტების შედგენის შესახებ. ასევე თანამშრომლობა ლოგისტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, კონსტანცას პორტი გამოცდილებას გაუზიარებს და პოპულარიზაციას გაუწევს ანაკლიის პორტს, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის გაზრდაზე იმუშავებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ისეთ სტრატეგიულ პარტრნიორთან, როგორიც კონსტანცაა. ეს სამომავლოდ უკვე ჩვენს ერთობლივ კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას ნიშნავს, რაც ორივე პორტისთვის წარმატებული საქმიანობის წინაპირობა და კიდევ უფრო სწრაფი განვითარების პერსპექტივაა“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

მემორანდუმს ხელი დუნაის სამდინარო არხისადმი მიძღვნილ დღეს მოეწერა. დუნაის სამდინარო არხი ათ ქვეყანას კვეთს და ოც დიდ პორტს აერთიანებს. შესაბამისად, ანაკლიის პორტიც დუნაის არხის პარტნიორი პორტების რიცხვშია.