"2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" - 25 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - კვირის პალიტრა

"2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" - 25 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ორტომეული სამედიცინო რეცეპტების კრებული წარმოადგენს ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" 13-14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარ კრებულს, თუმცა დამატებულია რამდენიმე ახალი რეცეპტიც

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მკითხველს მორიგ უნიკალურ სერიას სთავაზობს - სამედიცინო რეცეპტების დიდ კრებულს, რომელშიც ექიმების სასარგებლო რჩევები და სხვადასხვა დაავადების სამკურნალო მცენარეული რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნი ორ ტომად გამოვა. 25 ივნისიდან "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტის" პირველი ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად, 12 ლარად გაიყიდება. დეტალებზე "კვირის პალიტრა" წიგნის ავტორსა და რედაქტორს, თამარ მამაცაშვილს ესაუბრა:

- "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" "კარაბადინის" ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მკითხველში პოპულარობით და სანდოობით სარგებლობს და რაც მთავარია, თითქმის ყველა ოჯახში დაიდო ბინა. ვიცით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მკითხველისთვის მსგავსი შინაარსის წიგნს, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამედიცინო რჩევები კიდევ ერთ წიგნად გამოგვეცა. მოგეხსენებათ, ფარმაცევტულ ბაზარზე პრეპარატების უმეტესობა მცენარეულია - წიგნიც სწორედ მცენარეული რეცეპტების ბაზაზეა შექმნილი, გვაწვდის საჭირო რჩევებს მცენარეულ პრეპარატებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ქიმიურ ანალოგებს და გაცილებით მარტივია გამოსაყენებლად. მათი მიღება ხანგრძლივად შეიძლება, უსაფრთხოცაა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. ოფიციალური მედიცინა ამ პრეპარატებს აღიარებს, საქართველოში კი ფიტოპრეპარატებისა და რეცეპტების დიდი, ბუნებრივი წყარო გვაქვს. საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო მცენარეული მედიცინის სამშობლოდ. ექიმი გახლავართ და ამ თემით ძალზე დაინტერესებული ვარ. ჩემი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, მცენარეულ რეცეპტებს ყოველთვის ვიყენებ და შემიძლია ყველა მოქმედ ექიმსაც ვურჩიო.

- რამდენად იოლია შინ მცენარეული პრეპარატების მომზადება? ზოგჯერ წიგნებში ისეთი იშვიათი მცენარეები და რთულად მოსამზადებელი რეცეპტები გვხვდება, რომ ბევრი ისევ სააფთიაქო მედიკამენტების გამოყენებას არჩევს. - წიგნი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ რეცეპტები სახლის პირობებში დამზადებისთვისაა გათვალისწინებული, მათი გამოყენების პირობები, რაიმე სახის გართულებები და გვერდითი ეფექტები დაზუსტებულია. ჩვენი სამედიცინო რეცეპტების კრებული წარმოადგენს ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" 13-14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რეცეპტების ერთგვარ კრებულს, თუმცა დამატებულია რამდენიმე ახალი რეცეპტიც. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი" ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კრებულია, რაც კი სამედიცინო მიმართულებით გამოქვეყნებულა. მაქსიმალურად ვეცადეთ, წლების განმავლობაში რეცეპტები დაგვეხვეწა. ის, რომ თითოეული მათგანი თავის დროზე ექიმების ჯგუფის დაწერილი და შემოწმებულია, სანდოობას, ცხადია, ზრდის. კრებულში მოხვდა მკითხველებისგან შემოსული რეცეპტებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ისინიც გადავამოწმეთ. ხალხურ მედიცინაში მართლაც ხშირად გვხვდება ისეთი მცენარეები, რომლებიც რთულად მოსაპოვებელია, ჩვენს რეცეპტებში კი ინგრედიენტები მაქსიმალურადაა დაახლოებული რეალობასთან.

- რომელი დაავადებების სამკურნალო რეცეპტებია წიგნში? - რეცეპტები ორგანოთა სისტემების მიხედვითაა დაყოფილი. მაგალითად, ცალ-ცალკეა გამოყოფილი კუჭ-ნაწლავის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებათა რეცეპტები. შეგვიძლია რამდენიმე მარტივი რჩევა გაგიზიაროთ - მაგალითად, იმუნიტეტის ასამაღლებლად ლიმონის, თაფლისა და ალოეს კომბინაცია ძალიან სასარგებლოა, ტუბერკულოზის დროსაც კი იყენებდნენ ამ ძველ ხალხურ რეცეპტს. ასევე სასარგებლოა შავი ღვინის, ალოესა და თაფლის კომბინაციაც. ხველების დროს ვირისტერფა ან ქონდრის ჩაი შეუცვლელი საშუალებებია. ქონდრის ჩაი პნევმონიის დროსაც კი ანტიბიოტიკზე არანაკლებ ეფექტიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმის დანიშნულ ანტიბიოტიკზე უარი ვთქვათ და ქონდრით ვიმკურნალოთ - ის მხოლოდ დამხმარე საშუალებად უნდა გამოვიყენოთ მკურნალობის დასაჩქარებლად. ქონდრის ჩაი ბრონქიტების დროსაც საოცრად ეფექტურია. დღეში 2-3 ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ. დღეს გახშირებულია ნერვული პათოლოგიები და ამ მხრივაც ბევრ სასარგებლო რეცეპტს ამოიკითხავთ ჩვენს წიგნში. არაერთი რეცეპტი გვაქვს კანზე გამონაყარის ან თმის ცვენის სამკურნალოდაც. დღეს საქართველო იოდის დეფიციტის ზონას წარმოადგენს, ენდოკრინულ დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს ვრცლად მიმოვიხილავთ წიგნში და სასარგებლო რჩევებსაც ვთავაზობთ მკითხველს. ცალკე პრობლემაა არასწორი დიაგნოზიც, რომელსაც საკუთარ თავს პაციენტები უსვამენ გამოკვლევის, ექიმის გარეშე. ასევე დაუშვებელია თვითნებურად ან არაპროფესიონალის რჩევით მკურნალობა! ვიმეორებ, რეცეპტები, რომელთაც ამ წიგნში გთავაზობთ, მკურნალობის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, დიაგნოზის დასაზუსტებლად კი ექიმს უნდა მიმართოთ. რუსუდან შელია