“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
13-06-2018
“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ
“საქართველოს რკინიგზა“ და “დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. "საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და "დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შეთანხმების თანახმად, "საქართველოს რკინიგზა“ და "დოიჩე ბანი’’ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

“ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო
და ძალიან მნიშვნელოვანია. "საქართველოს რკინიგზასთან“ მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს“, - აცხადებს მისტერ დოლი.

“მოგეხსენებათ, რომ "საქართველოს რკინიგზა“ აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ "დოიჩე ბანთან“ ერთად
შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის“, - განმარტავს დავით ფერაძე.

როგორც "საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში განმარტავენ, “საქართველოს რკინიგზამ“ “დოიჩე ბანის“ სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა.

"პარტნიორობის ფარგლებში, "საქართველოს რკინიგზა“ კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი.

"დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს "დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია "დიბი შენკერი’’ განახორციელებს.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

"საქართველოს რკინიგზისა“ და "დოიჩე ბანის’’ პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია“, - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით