აგათა კრისტის დეტექტივი, რომელიც "ჩემი რჩეული მსოფლიოსთვის" სპეციალურად ითარგმნა - კვირის პალიტრა

აგათა კრისტის დეტექტივი, რომელიც "ჩემი რჩეული მსოფლიოსთვის" სპეციალურად ითარგმნა

ანა ნემსიწვერიძე, პროექტის მენეჯერი:

- "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში აგათა კრისტის სამი რომანი ადრეც გამოვეცით, თუმცა ამჯერად გადავწყვიტეთ სერიისთვის აღიარებული მწერლის კიდევ ხუთი ტომი დაგვემატებინა - აგათა კრისტი მსოფლიოში დეტექტივების დედოფლის სტატუსს უკვე მრავალი ათეული წელია ინარჩუნებს და მისი ნაწარმოებები ჩვენს მკითხველსაც განსაკუთრებით უყვარს. მეტიც,

გამომცემლობაში არაერთი წერილი მივიღეთ, სადაც მკითხველები გვთხოვდნენ, აგათა კრისტის რომანები რაც შეიძლება ხშირად გამოგვეცა. რამდენიმე წლის წინ აგათა კრისტის "მისის მარპლის ისტორიები გამოვეცით, ამჯერად კი მკითხველს პუაროს ხუთ საოცარ თავგადასავალს ვთავაზობთ, მათ შორის, მის პირველ და უკანასკნელ საქმეებსაც.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად ახსოვს გამომძიებლის საოცარი მეთოდი, თუ როგორ ხსნის ის უმძიმეს საქმეებს - აგათა კრისტი საოცრად აღწერს პუაროს საქმიან ვითარებაში: გამოძიებას პატარა ბელგიელი აწარმოებს "საკუთარ სავარძელში", მისი სიტყვებით, სულაც არაა საჭირო თავად ეძებოს ნაფეხურები ან სხვა სამხილები, ის მხოლოდ ჯდება სავარძელში, ფიქრობს და ასე ხსნის ყველა, ერთი შეხედვით, გაუხსნელ საქმეს.

- როგორც ვიცი, პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში აგათა კრისტის კიდევ ერთი დეტექტივის გამოცემას გეგმავთ, რომელიც პირველად თარგმნა გამომცემლობამ ქართულ ენაზე. - დიახ, ეს ნამდვილად კიდევ ერთი სიურპრიზია წიგნის მოყვარულებისთვის - აგათა კრისტის "ერკიულ პუაროს ქრისტეშობას" პირველად გამოვცემთ. ასე რომ, მკითხველს საინტერესო თავგადასავლები ელის, მით უმეტეს, ზაფხული საუკეთესო დროა დეტექტივების წასაკითხად და წიგნებთან ერთად დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გამოყენებისთვის.

წიგნების თარგმანი ქართულ ენაზე მთარგმნელმა პაატა ჩხეიძემ მოამზადა, მანამდე კი მას აგათა კრისტის რვა დეტექტივი ჰქონდა ნათარგმნი.

პაატა ჩხეიძე, მთარგმნელი: - აგათა კრისტის დეტექტივების თარგმნა რთული ნამდვილად არაა. ავტორს დახვეწილი სტილით, არისტოკრატიული მანერით წერა ახასიათებს. მის ნაწარმოებებში ვერ ნახავთ სასტიკ მკვლელობებს, ზღვა სისხლს. ყველაფერს მინიშნებებით აკეთებს და არა - პირდაპირი აღწერებით. მის პირველ და ბოლო რომანებს შორის რამდენიმე ათეული წელია გასული, თუმცა ავტორის სტილი არ განსხვავდება. აგათა კრისტი დეტექტივების კლასიკოსად ითვლება და აბსოლუტურად სამართლიანადაც, წლები გადის, მისი დეტექტივები კი ისევ ბესტსელერების ლიდერია. სასიამოვნოა თარგმნის პროცესიც - თავადაც ჩართული ვარ გამოძიებაში და ვცდილობ გამოვიცნო, ვინ არის სავარაუდო მკვლელი, თუმცა, როგორც წესი, წიგნის დასრულებამდე ყოველთვის არასწორი ვერსიები მაქვს. ალბათ, ეს გამორჩეული წერის მანერა იზიდავს დღესაც ყველას.

ბოლო დეტექტივში აგათა კრისტი ქმნის იდეალური მკვლელის სახეს, რომელიც ჭკუამახვილობითა და გონიერებით პუაროს უტოლდება. ვფიქრობ, ავტორმა მკვლელის აღმავალი ხაზი დახატა და სწორედ ამიტომ არის ბოლო ნაწარმოებში ყველაზე ჭკვიანი დამნაშავე. აქ აღწერილია იდეალური მკვლელის პოვნა იდეალური დეტექტივის მიერ, რაც ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა მკითხველისთვის.

რუსუდან შელია