შენი საზაფხულო მარშრუტი - "მაჭახელას თოფის“ გზა - კვირის პალიტრა

შენი საზაფხულო მარშრუტი - "მაჭახელას თოფის“ გზა

"მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ მაჭახელას განთქმული თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები.

თუ "თოფის გზა“ და მაჭახელას ხეობა ჯერ არ გინახავთ, ეს ნიშნავს, რომ წინ ერთი ან რამდენიმედღიანი სიამოვნება გელით - ამ კუთხის ისტორიაში მოგზაურობა, სადაც მომავალშიც არაერთხელ მოგინდებათ დაბრუნება.

მარშრუტის დასაწყისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გავლისას გზად მაჭახელას თოფის ქანდაკება გხვდებათ - თოფმა მე-18 საუკუნიდან გაუთქვა სახელი ხეობას. აქ კაჟ-ჩახმახიან თოფებს, დამბაჩებსა და ხმალ-ხანჯლებს ამზადებდნენ. "თოფის გზას“ სწორედ იმ სოფლამდე აჰყავხართ, სადაც ახლაც ცხოვრობენ სახელგანთქმული თოფის ოსტატების შთამომავლები. მართალია, თანამედროვე ეპოქაში კაჟიანი თოფებით აღარავინ იბრძვის, თუმცა ადგილობრივები აქ ჩამოსულ ტურისტებს მაჭახელას ხეობის გასაცნობად, პირველ რიგში, თოფის ისტორიას უყვებიან.

აქვეა VI საუკუნეში აგებული გვარას ციხის ნანგრევები, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ოთხივე მხარეს. ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა და აქ სათვალთვალო კოშკები იყო მოწყობილი. თოფის მონუმენტის შემდეგ ცხემლარას თაღოვან, ქვითკირის ვიწრო ხიდს გაივლით, რომელიც შუასაუკუნეებშია აგებული და სივიწროვის გამო მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი.

ზედა ჩხუტუნეთი - მაჭახელას ხეობის საზღვრისპირა სოფელიაქ მთავრდება საქართველო და იწყება თურქეთი. "ჩხუტუნეთში გასაყიდ მიწას ვერ ნახავთ, გამორიცხულია, აქ ვინმე უცხო დასახლდეს. ყველა უვლის და უფრთხილდება თავისი წინაპრების კარ-მიდამოს, შეიძლება ზოგი ქალაქში იყოს გადასახლებული, მაგრამ მიწას აქ არავინ გაყიდის,“ - ამბობენ ჩხუტუნეთელები.

სოფელში რამდენიმე ჩანჩქერი და სასეირნოდ მოსახერხებელი, მყარგრუნტიანი ბილიკია. თუ აჭარის სხვა სოფლებშიც ყოფილხართ, აღარ გაგიკვირდებათ, რომ სახლების უმრავლესობა აქ ხისაა და ძველია. არ გაგიკვირდებათ, თუმცა ბევრგან შეჩერდებით, რომ ხის პატარა, დაბრეცილ ფანჯრებს დააკვირდეთ და ნალიებში შეიჭვრიტოთ.

ეს უძველესი ნაგებობები სიმინდისა და ხილის შესანახად გამოიყენება: სიმინდი თაგვისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს, ამიტომაც დგას ნალიები მაღალ ბოძებზე, ნაგებობის კედლების ფარღალალა ფიცრებში კი თავისუფლად გადი-გამოდის ქარი და ადვილად აშრობს სიმინდს. ნალიები აჭარის სოფლებში დღემდე აქვს ყველა ოჯახს, ზოგს ორსართულიანიც: პირველზე სიმინდს აშრობენ, მეორეზე კი, ხილს ინახავენ.

მუზეუმი 200 წლის ფერად მეჩეთში

მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1984 წელს გაიხსნა და 200 წლის წინ აგებულ ხის სამსართულიან მეჩეთშია განთავსებული.

აქ მოსული სტუმარი მაჭახლელების საუკუნეების წინანდელ ყოფას ნახავს. საოჯახო ნივთები, ქალის სამზითვო სკივრები, თოფ მაჭახელას უკანასკნელი ოსტატის ხელსაწყოები და დაზგა - ყველა ექსპონატი ადგილობრივების ოჯახებიდანაა შეგროვილი და ხეობის ნამდვილ ისტორიას გიცოცხლებთ.

მუზეუმი - მეჩეთის ნაგებობას მაღალმხატვრული ღირებულება აქვს: როგორც მუზეუმის დირექტორი, მალხაზ ნაგერვაძე გვეუბნება, ორასი წლის მეჩეთის მოხატულობა რესტავრირებას დღემდე არ საჭიროებს, ფერადი ორნამენტები მზის შუქზე ახლაც ისე ხასხასებს, თითქოს ლაზმა ოსტატებმა ეს-ესაა მოხატეს.

მაჭახელას თოფის ისტორია

ნოე ნაგერვაძე თოფ მაჭახელას ოსტატების შთამომავალია. როგორც გვეუბნება, თოფის ოსტატები ქავთარაძეები, ძნელაძეები და კახიძეებიც იყვნენ.

"მაჭახელამ” პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა კაჟიანი საკეტის მქონე თოფი. გამოიგონეს თოფის კაჟის ქვა, რომელიც ჩამოჰკრავდა ფოლადის ფირფიტას, ისვრიდა ნაპერწკალს, ეცემოდა დენთს და თოფი ვარდებოდა. როგორც არ უნდა გაგეტენა, მაჭახელას თოფის ლულა არ გასკდებოდა და სამიზნემდეც შორს მიდიოდა, ამიტომ ჰქონდა "მაჭახელას“ უპირატესობა სხვა თოფებთან შედარებით. უფრო მეტს კი ნოე ნაგერვაძე გვიამბობს

საოჯახო სასტუმროები მაჭახელას ხეობაში

საოჯახო სასტუმროების უპირატესობა, როგორც მაჭახელას ხეობაში, ისე სხვაგან ის არის, რომ შეგიძლია ოჯახების ნამდვილი ყოფა ნახო, დააკვირდე როგორ მიერეკებიან ძროხებს დილით საძოვარზე, სანამ შენს საუზმეს გაამზადებენ, შეიძლება იმავე ბოსტანთან ახლოს გაგიშალონ სუფრა, საიდანაც ეს-ესაა დაკრიფეს პიტნა და ნადუღს შეურიეს.

თუმცა საოჯახო სასტუმრო "ზურა“ სტუმრებს არამხოლოდ გემრიელი კერძებით უმასპინძლდება, როცა ტურისტების ჯგუფები ჰყავს, სასტუმროს მეპატრონე მალხაზ ნაგერვაძე, შვილებსა და ნათესავ-მეზობლების ბავშვებს ეძახის, ეზოში საცეკვაო მოედანს აწყობს და უცხოელ ტურისტებს ქართული ცეკვებით ახალისებს, ბავშვები ცეკვავენ თავადაც და აცეკვებენ სხვებსაც.

სასტუმრო "ნოეში“ კი მწვანე ლობიოს, ბორანოს, სინორისა და სხვა ტრადიციული კერძების დაგემოვნების გარდა ულამაზესი ხედებით ტკბობა შეგიძლიათ. ოჯახის ვერანდიდან აქ მაჭახელას მთელი ხეობა მოჩანს: თუ დილით ადრე გაიღვიძებთ, ნახავთ, როგორ იფანტება ხეობაში ნისლი ნელ-ნელა და მკვეთრდება საკვამურიანი სახლების, მოვლილი, კოპწია ბაღჩა-ბოსტნების კონტურები.

ფეხით მთაში

თუ დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, ხელუხლებელ ტყეებში გსურთ მოგზაურობა, მაჭახელას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ სასურველი ბილიკი აირჩიოთ: წაბლის, წიფლისა და რცხილის ხეები ჯგუფ-ჯგუფად მთავარანგელოზის მთის ბილიკზე თქვენი მთავარი მეგზურები იქნებიან. თუმცა გარდა ამ ბილიკისა, მაჭახელას ნაკრძალში ქოქოლეთის ან ტყუპი ჩანჩქერის ბილიკიც შეგიძლიათ დალაშქროთ. მთავარანგელოზის რვაკილომეტრიანი ბილიკი მთავარანგელოზის მთით მთავრდება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაჭახელას თოფის გზით დაინტერესებული ტურისტებისთვის:

მაჭახელაში სამარშრუტი ტაქსი დადის, რომლის ღირებულებაც 2 ლარია.ქვედა ჩხუტუნეთი-ბათუმი 07:00 ბათუმი - ქვედა ჩხუტუნეთი - 16:00ზედა ჩხუტუნეთი-ბათუმი 09:00 ბათუმი-ზედა ჩხუტუნეთი - 12:30

ტაქსი: 90 -100 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს ნომრებზე: +995 577 90 90 91 +995 577 90 90 93

ან მიმართეთ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაციაც შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: gobatumi.com