"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულები ცნობილია - კვირის პალიტრა

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულები ცნობილია

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე და იაგო თვალაბეიშვილი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდი, სახალხო ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის" გამარჯვებულები გახდნენ.

კონკურსს გამომცემლობა "პალიტრა L" მეორე წელია ატარებს. გასული წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

კონკურსის მიზანია აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

წელს კონკურსის ფარგლებში 3 რჩეული რომანი ხალხმა გამოავლინა. ესენია: ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება". ჟიურის რჩეულები კი არიან ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია".

"ძალიან დადებითი ემოციებით ვარ დატვირთული. წიგნის გამოცემის მოლოდინი საკმაოდ დიდია. გარშემო ყველა მგულშემატკივრობს, რაც პოზიტივით მავსებს. წიგნი კონკურსისთვის არ დამიწერია. რამდენიმე თვით ადრე დავასრულე მისი წერა, რამდენჯერმე გამოცემაც ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კონკურსის შესახებ რომ გავიგე, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო. ამ კონკურსის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ რჩეულს გამოავლენს სწორედ ის, ვინც შემდეგ ამ წიგნის რეალური მკითხველი იქნება. ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა და აშკარად სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ ტიპის კონკურსი კი არის საუკეთსო რამ, რაც შეიძლება გამომცემლობამ ერთი მხრივ მწერლებს და მეორე მხრივ, მკითხველებს შესთავაზოს. რაც შეეხება ჩემს რომანს, ის არის დეტექტიური. მთავარი გმირია ეან კლაინი, რომელიც დეტექტივებისთვის დამნაშავეების ფოტორობოტებს ხატავს. მათ ქალაქში მოულოდნელად 3 მკვლელობა ხდება. იანის მიერ დახატული პორტრეტების მხედვით კი დამნაშავე თავად არის, ამასვე მიუთითებს სხვა ნიშნებიც. რომანში შემოდის 7 მომაკვდინებელი გრძნობა: მონატრება, მოლოდინი, შიში, ტკივილი, ბრაზი, მარტოობა და იმედგაცრულება. 7-ივეს განცდის შემდეგ კი ჩნდება 7 ეჭვმიტანილი, რომლებიც თითოეულ ამ გრძნობას გამოხატავენ. მკითხველიც ხვდება რომელ გრძნობას შეუძლია მოკლას ადამიანი ჯერ სულიერად და მერე - ხორციელად," - განმარტავს კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

"საოცრად დადებითი ემოციებით მავსებს ის ფაქტი, რომ სრულიად უცხო ადამიანები მეხმიანებიან და გამოთქვამენ ინტერესს ჩემი რომანის მიმართ, გამოხატავენ დადებით შეფასებას, კითხულობენ, როდის იქნება გაგრძელება, როდის დაიბეჭდება წიგნი, სად შეძლებენ მის შეძენას. ვფიქრობ, მწერლის უმთავრესი მოლოდინის ის არის, გაიზარდოს ასეთი მკითხველების რიცხვი. ეს გავსებს და გაგრძნობინებს, რომ წერ ადამიანებისთვის ადამიანებზე. კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი" ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამწყები მწერლებისთვის, გამოიჩინონ გამბედაობა და გადადგან უდიდესი ნაბიჯი წინ. რაც შეეხება, მის მნიშვნელობას ქართული ლიტერატურული წრეებისთვის, არის ის, რომ აქამდე სრულიად უცნობი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა ხდება და შესაბამისად, ჩვენი ლიტერატურული სამყაროც უფრო ფართოვდება. ბევრ დამწყებ მწერალს არ აქვს იმის ფუფუნება, თავისი ნაწარმოები ფართო საზოგადოებას გააცნოს, არც იმის საშუალება აქვს, საკუთარი სახსრებით გამოსცეს წიგნი. სხვა საკითხია კიდევ, ამ დაბეჭდილ წიგნს რამდენად მიიტანს მკითხველამდე. "პალიტრა L-ის" კონკურსი კი ეხმარება მათ ამ ყველაფერში. შეიძლება ითქვას, ხელს უწყობს დამწყებ მწერლებს ოცნება აისრულონ. ჩემი რომანის სახელია „შულამელი გოგონები". ეს არის ნაწარმოები ორ სხვადასხვა პერიოდში მცხოვრებ გოგონაზე, ქალზე. ჩვენ ვხედავთ მათი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს. გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მათ ეპოქა აყენებს. თუმცა, რადგან, ტექსტები, იგივე ამბები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მათი ისტორიებიც საერთო შტრიხებს ავლენს. მკითხველი ხედავს, რომ პრობლემები, რომელთა წინაშეც XVI საუკუნის საქართველოში მცხოვრები ქალი დგას, ნაცნობია XXI საუკუნეში მცხოვრებისთვისაც. საბოლოოდ, ნაწარმოებში ცხადად და ნათლადაა ნაჩვენები ადამიანის შინაგანი ბრძოლა მოვალეობასა და სიყვარულს შორის, რომელსაც ფონად გამოუვალი გარემოება და რთული სიტუაცია ახლავს," - განმარტავს კონკურსის გამარჯვებული გვანცა გუბელაძე.

კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა მის დასრულებამდე ანონიმური იყო. ახლა კი უკვე ცნობილია, რომ გამარჯვებული რომანების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს: მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა, ლიტერატურის თეორეტიკოსმა რამაზ ჭილაიამ, ლიტერატორმა ივანე ამირხანაშვილმა, მწერალმა დიანა ანფიმიადმა და ლიტერატორმა ლევან ბერძენიშვილმა.

"ყველა კონკურსს ახლავს სპეციფიკური სიძნელე და, კაცმა რომ თქვას, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან საქმე გვაქვს სხვადასხვა ხასიათის, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული ტიპის შემოქმედებასთან, სიტყვასთან, მსოფლმხედველობასთან, გემოვნებასთან, ბოლოს და ბოლოს, ადამიანებთან, ავტორებთან, პიროვნებებთან და მათ ფიქრებთან, მიზნებთან, ამბიციებთან. წლევანდელი კონკურსი, შარშანდელთან შედარებით, მხოლოდ ტექნიკურად იყო იოლი: შარშან თუ 300 ტექსტი გვქონდა წასაკითხი, წელს მხოლოდ 100-ის წაკითხვამ მოგვიწია, რადგან გამომცემლობის რედაქტორებმა გაცხრილეს, ჩვენამდე აღარ გამოუშვეს აშკარად სუსტი ტექსტები. საერთოდაც, არჩევანი ყოველთვის ძნელი იქნება, რადგან, როგორც ვაკვირდები, დღევანდელ ქართულ პროზაში ძალები მეტად თანაბარია, მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალისტები არ ჩანან, ამიტომ თანაბარი შესაძლებლობების მქონე 10-15 ავტორიდან გვიწევს ხოლმე 2-3 ფავორიტის გამორჩევა. ვინც უნდა გაიმარჯვოს, უკმაყოფილება და კამათი ყოველთვის იქნება. მაგრამ, დაე, იყოს კამათი. კამათში იბადება ჭეშმარიტებაც და სხვა, ახალი კონკურსების ჩატარების იდეაც. მთავარია, კონკურსი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ „პალიტრა-L-ის" ამ პროექტმაც სავსებით გაამართლა," - აცხადებს ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი.

"წელს არჩევა საკმაოდ რთული იყო. ბევრი ისეთი ნაწერი იყო, რომელსაც ეტყობოდა, რომ წერა მანამდე დაიწყეს, ვიდრე კითხვას დაიწყებდნენ. ჟიურიმ განსხვავებულ ტექსტებს მივეცით შესაძლებლობა. ისეთ ავტორებს, რომლებსაც თავისი ენა ჰქონდათ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე ყურადღებას ვაქცევდით იმას, თუ ნაწერები რამდენად იყო მორგებული თანამედროვე ლიტერატურულ მოთხოვნებს. შერჩეულ ნაწარმოებებში ნამდვილად იგრძნობა ლიტერატურული გამოცდილება. ვითვალისწინებდით ავტორების პერსპექტივასაც. მათ ამ ტექსტებზე კიდევ უნდა იმუშაონ და მე ვფიქრობ, რომ ავტორებს ამ პროცესში დიდი პოტენციალი და პერსპექტივა აქვთ. ზოგადად, ამ კონკურსის განვითარებად კი ის წარმომიდგენია, რომ მონაწილეებს ლიტერატურული სემინარები ჩაუტარდეთ," - განმარტავს მწერალი დიანა ანფიმიადი.

გამარჯვებული ნაწარმოებები რამდენიმე თვეში დაიბეჭდება.