სამედიცინო რეიდი ბათუმის რესტორნებში
29-06-2018
სამედიცინო რეიდი ბათუმის რესტორნებში
29 ივნისს, ბათუმში, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ამავე ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ, ექიმებთან ერთად რამდენიმე რესტორანი მოინახულეს. შეხვედრა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში შედგა და ე.წ. სინფორმაციო - მაკონტროლებელ ხასიათს ატარებს. შემოწმდა რამდენად სრულფასოვნად სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონი, არის თუ არა თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული თამბაქოს ამკრძალავი ნიშნები, გაესაუბრნენ მომსახურე პერსონალს და სტუმრებს.

აღნიშნული ჯგუფის განცხადებით, მათთვის
მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება და საინფორმაციო-სარეკომენდაციო სახის ვიზიტები საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა დაწესებულებაში, ამიტომაც მონიტორინგს, როგორც პარლამენტარები, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დროდადრო, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში განახორციელებენ.

მათივე თქმით, მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე
-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % - ით სრულდება, შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაა საჯარო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, სადაც ცალკეული პირები, მათ შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კაბინეტებში, დაკეტილი კარის მიღმა კვლავაც ეწევიან.
„ჩვენ გაუფრთხილებლად მოვინახულებთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელზეც მონიტორინგის სამსახური მამხილებელი ფაქტების გამო, როგორც დამრღვევზე გონივრულ ეჭვს მიიტანს. ამ კანონის აღსრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ იმიტომ, რომ არამწეველები სუნმა არ შეაწუხოს, არამედ, დავიცვათ. ადამიანების ჯანმრთელობა თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან.“ - განაცხადეს სარეიდო ჯგუფის წარმომადგენლებმა.
საინფორმაციო - მაკონტროლებელი მონიტორინგის ჯგუფს აჭარის ტერიტორიაზე შეუერთდა აჭარის ტელევიზია, რომელმაც საკუთარ დახურულ სივრცეში მოწევა ჯერ კიდევ თამბაქოს კანონის მიღებამდე აკრძალა. ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნათია კაპანაძის განცხადებით, ისინი მზად არიან საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანის, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ფუნქცია შეასრულონ და სრული სიმწვავით დაანახონ რა მომაკვდინებელ შედეგს იწვევს თამბაქოს კვამლი არამხოლოდ მწეველზე, მასზეც, ვინც მწეველის ირგვლივ იძულებით ხდება მეორადი კვამლის მსხვერპლი.

თამბაქოს მოწევის აკრძალვის ნორმების დასაცავად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია: შენობის ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამაბქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების ადმინისტრაციის/წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელი იქნება სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის შემთხვევში.

დაწესებულების ადმინისტრაციამ/პერსონალმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება, რათა აღკვეთოს სამართალდარღვევა მის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პირველ რიგში მივმართავთ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ ისინი არ აღკვეთენ დარღვევას, ვუკავშირდებით საპატრულო პოლიციას 112-ზე.


საკონტაქტო ტელ: 551150773
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით