მუსიკის სახელმძღვანელო პალიტრა L-ისგან - კვირის პალიტრა

მუსიკის სახელმძღვანელო პალიტრა L-ისგან

2018 წლიდან სკოლებში პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულით ახსნა. შესაბამისად, განახლდა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გამომცემლობები ჩაერთნენ. გრიფირებისთვის პროფესიონალების მიერ შემუშავებული წიგნები წარადგინა გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც და დადებითი შეფასებებიც უკვე მიიღო. "მუსიკა", "მე და საზოგადოება", "ჩვენ საქართველო", "შემეცნება და ხელოვნება" - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "პალიტრა L"-მა გამოცდილ ავტორებთან ერთად მოამზადა.

სწავლების რა მეთოდიკით შეიქმნა წიგნები და რამდენად მისაღები იქნება ისინი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, გვესაუბრა მარინა ბერაძე, "მუსიკის" სახელმძღვანელოს ავტორი:

ამ ხნის მანძილზე შევქმენით 1-6 კლასების მასწავლებლისა და 3-6 კლასების მოსწავლის წიგნები თანდართული აუდიო-ვიდეო რესურსით. საერთოდ, მუსიკის ახალი სტანდარტი მუსიკის სწავლებისადმი ახლებურ და თანამედროვე მიდგომას ითვალისწინებს - მუსიკის სწავლება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ჩვენი სახელმძღვანელოებიც სწორედ ამ სტანდარტითაა შედგენილი, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მასალა, რომელიც მოსწავლეთაგან დაზეპირებას ან ტექსტების სისტემატიურ სწავლას მოითხოვს.

გაკვეთილები ძირითადად შედგება პრაქტიკული და სახალისო აქტივობებისგან, რაც აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას. ტექსტები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეს არ გაუჭირდება მათი გაცნობა - მოცემულია ლაკონურად და მნიშვნელოვანი ფაქტების გათვალისწინებით. დასმულია კითხვები, რომლებიც მოსწავლეს მსჯელობის სწორ გზას უჩვენებს, გაუადვილებს მასალის აღქმასა და შესწავლას. მასწავლებლის წიგნში მრავლადაა რეკომენდაციები ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, გაკვეთილის მსვლელობის, მოსწავლეების ჩართულობის შესახებ. მითითებულია მოსწავლისთვის მისაცემი დავალებები და მათი შესრულების გზები.

საჭირო საკითხებზე მოცემულია დამატებითი ცნობები და დაწვრილებითაა გაწერილი სამოდელო გაკვეთილების სცენარები. დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ხერხებით ცოდნის განმტკიცებას. მოცემული დავალებები და აქტივობები მრავალფეროვანია. ხშირად გამოიყენება სწავლება თამაშით, დაკვირვება, კვლევა, თანამშრომლობა. გაკვეთილის მიმდინარეობისას თანმიმდევრულადაა გამოყენებული მოსმენა, დაკვირვება, აღმოჩენა, მუსიკის ფონზე ფიზიკური აქტივობა, პროექტით სწავლება, სეზონური სპექტაკლების დადგმა და სხვა. სახელმძღვანელოებში სისტემატიურად არის მოცემული აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ბუკებისა და მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამა LMMS-ის საშუალებით უნდა შესრულდეს.

ასევე მოცემულია პროგრამებში მუშაობის ინსტრუქციები. მუსიკის სახელმძღვანელოები ხელს უწყობს ტოლერანტული პიროვნების ჩამოყალიბებას. უქმნის რა პირობებს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მოსწავლეებს უვითარებს საგნის შესასწავლად საჭირო გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს. მიზნად ისახავს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი. პირველ რიგში, წინასწარ მადლობას ვუხდით მუსიკის მასწავლებლებს, რომლებიც მოიწონებენ და აირჩევენ ჩვენ სახელმძღვანელოებს. ავტორთა ჯგუფის სისტემატიური თანადგომით, ისინი სრულყოფილად გაითავისებენ მუსიკის ახალი სტანდარტით შექმნილ წიგნებს. ამ მიზნით, პირველ რიგში ჩავუტარებთ ტრენინგებს, სადაც შევასწავლით მუსიკალურ-კომპიუტერულ პროგრამას LMMS. დავეხმარებით მუსიკის გაკვეთილებზე ამ პროგრამის გამოყენებაში და მივაწოდებთ LMMS-ის სასწავლო ვიდეო-ტუტორიალს.