"ქართველი მეფეების" ფარგლებში დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდზე მორიგი ტომი გამოიცემა - კვირის პალიტრა

"ქართველი მეფეების" ფარგლებში დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდზე მორიგი ტომი გამოიცემა

"ქართველი მეფეების" ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე მუშაობენ პროფესიონალები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამა თუ იმ მეფის ეპოქის კვლევას მიუძღვნეს. მკითხველი გრძნობს ხარისხს და ამიტომაც იქცა "ქართველი მეფეები" მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გამოცემად"

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მორიგი უპრეცედენტო პროექტის "ქართველი მეფეების" ფარგლებში ამჯერად დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდზე მორიგი ტომი გამოიცემა. შეგახსენებთ, პროექტი "ქართველი მეფეების" 24-ტომეულში 28 მეფის ისტორია გაცოცხლდება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს გაეცნოს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს.

წიგნები, რომელზეც ცნობილმა მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ იყიდება. როგორი იყო დავით აღმაშენებლის როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ტაქტიკა, ამასთან, როგორ მოახერხა მან საქართველოს გამთლიანება და რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, "კვირის პალიტრა" პროექტის ხელმძღვანელს ჯაბა სამუშიას ესაუბრა:

- როინ მეტრეველის "დავით აღმაშენებელს" გარდა იმისა, რომ ნაწარმოების გმირი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფეა საქართველოს ისტორიაში, როგორც ცალკე წიგნს, ასევე საინტერესო ისტორია აქვს.

მოგეხსენებათ, როინ მეტრეველმა დავით აღმაშენებლის ეპოქის შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როდესაც დისერტაცია სწორედ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდზე დაიცვა. 1972 წელს კი, როდესაც უკვე მაღალი თანამდებობის პირი გახდა, საბჭოთა კავშირის რეჟიმმა მას ნაკლად" სწორედ დავით აღმაშენებელზე დაწერილი წიგნი ჩაუთვალა და პარტიულმა ელიტამ მწვავედ გააკრიტიკა. საბჭოთა პერიოდის ცნობილი პარტიული მოღვაწე იაკოვლევი მოსკოვის მთავარ გაზეთში წერდა, რომ როინ მეტრეველი ულტრანაციონალისტური შეხედულებებით იყო გაჟღენთილი. მოგვიანებით, ეს წერილი თბილისშიც დაიბეჭდა. სწორედ ამ სტატიის შემდეგ როინ მეტრეველმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა, წიგნი კი 80-იანი წლების მიწურულს მაინც გამოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა ნახევარი საუკუნის წინ დაწერა "დავით აღმაშენებელი", ამ ხნის განმავლობაში წიგნი მუდმივად ახლდებოდა. ამჯერადაც მკითხველს განახლებულ და რაც მთავარია, ნაშრომს გამარტივებული თხრობით შევთავაზებთ.

- წიგნის კითხვისას მართლაც იგრძნობა ნახევარსაუკუნიანი შრომა - ავტორი მკითხველს დავით აღმაშენებელს აცნობს როგორც ყველაზე მტკიცე და პრინციპულ მმართველს, ასევე აღწერს მაშინდელი ცხოვრების პირობებს. - დიახ, მკითხველის თვალწინ დავით აღმაშენებლის მმართველობის ეპოქა გაცოცხლდება. წიგნში მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მეფე დავითის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, ასევე გაეცნობით XI-XII საუკუნეების საქართველოს, ავტორი ყურადღებას უთმობს სოფლის ცხოვრებას, ადამიანების ყოველდღიურ ყოფას, მატერიალურ შესაძლებლობას, კულტურას, ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან...

ასე რომ, ეს არის ყოვლისმომცველი მონოგრაფია და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ როინ მეტრეველის "დავით აღმაშენებელი" საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიოგრაფიული ნაშრომია.

- ფაქტია, პროექტს მკითხველების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა და ამას რამდენჯერმე დაბეჭდილი ტირაჟიც მოწმობს. დღეს, როდესაც უკვე მეშვიდე წიგნის გამოსაცემად ემზადებით, რას ეტყვით მკითხველს "ქართველი მეფეების" შესახებ? - შესაძლოა პროექტის დაწყებისას გვეფიქრა, რომ ამ წიგნებით დიდი დაინტერესება სიახლით იყო განპირობებული, თუმცა, დიახ, უკვე ექვსი წიგნი გამოიცა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტმა გაამართლა. ამას კი კონკრეტული მიზეზი აქვს - მკითხველს სურს პროფესიონალების მიერ დაწერილი წიგნის წაკითხვა. ე.წ. მეორადი დანიშნულების ისტორიულ წიგნებს კითხვის მოყვარულები დიდი ხანია არასერიოზულად აღიქვამენ. "მეორად წიგნებში" ვგულისხმობ არაკომპეტენტური ავტორების მიერ დაწერილ ნაწარმოებებს, რომლებიც, როგორც წესი, სხვადასხვა წყაროდან მონაცემებს იღებენ, აკონსპექტებენ და შემდეგ წიგნად გამოსცემენ."

"ქართველი მეფეების" ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე მუშაობენ პროფესიონალები, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამა თუ იმ მეფის ეპოქის კვლევას მიუძღვნეს. მკითხველი გრძნობს ხარისხს და ამიტომაც იქცა "ქართველი მეფეები" მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გამოცემად.

რუსუდან შელია