"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"
16-07-2018
"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"
13 და 14 ივლისს მეიდანზე ხალხმრავლობა იყო. გამოფენა-გაყიდვაზე, სახელწოდებით "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" სპეციალურად შექმნილი საკოლექციო/ტურისტული/სასაჩუქრე ღვინის შეფუთვები გამოიფინა. მეიდანზე უამრავ ღვინის მოყვარულს ნახავდით, აქაურსაც და ტურისტსაც, მათ შორის, ისეთებს, ვინც თითოეული ვაზის ჯიშის წარმომავლობა და ისტორია იცის; ისეთებს, რომელთაც ღვინის აკვნად წოდებულ ქვეყანაში მოგზაურობა სწორედ ღვინის სიყვარულით გადაწყვიტეს და ისეთებსაც, რომელთაც ღვინის თითოეული წვეთის არომატი ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ეთნოგრაფიასაც უყვება.

გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს საშუალება
ჰქონდათ 10 საუკეთესო ღვინის დაგემოვნებისა, ხოლო არჩევის შემდეგ საუკეთესო ღვინის შეძენა ფესტივალის ფარგლებში სპეციალურ ფასად შეეძლოთ. იქვე შეიძლებოდა სხვადასხვა სახეობის ნატურალური ყველის დეგუსტაცია, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ისმოდა გემოვნებიანი მუსიკა, რომელიც ფონად გასდევდა ღონისძიებას.

ნიკოლაი: "მოსკოვიდან ვარ. საქართველოში პირველად ჩ
ამოვედი. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა, მეიდანზე ამ საინტერესო სანახაობას რომ დავესწარი. მე "ხვანჭკარა" მომეწონა, ჩემს მეუღლეს - "ახაშენი". საბჭოთა წლებში, სტუდენტობისას, ყველა სახის ღვინოს განსხვავებული გემო ჰქონდა. მერე ისეთი ვეღარსად ვიყიდე. ახლა ამ ღვინოების დაგემოვნებისას ის გემო გამახსენდა, შორეული სტუდენტობიდან - ნამდვილი ქართული ღვინის გემო. აქედან ღვინის გარეშე წასვლა როგორ შეიძლება?!"
მარია, ჰოლანდია: "რამდენიმე ღვინო დავაგემოვნე და შემიძლია გითხრათ, რომ "ქინძმარაული" ჩემი ფავორიტია. ქართული ღვინის ქება გამიგია და თურმე სამართლიანად. ხვალ ჰოლანდიაში ვბრუნდები და რამდენიმე ბოთლს აუცილებლად წავიღებ. ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ჩემი მეგობრებისთვის".

დმიტრი, მოსკოვი: "აქ ჩამოსვლა რომ გადავწყვიტე, მეგობრებმა მირჩიეს, ქართული ღვინოები გასინჯეო. ძალიან მომეწონა "წინანდალი". მოსკოვში ხშირად დავდივართ ქართულ რესტორნებში, ქართულ ღვინოებს ვსვამთ. თითქოს აქაც იგივე დასახელებებია, რაც იქ - "საფერავი", "მუკუზანი"... მაგრამ აქაური სულ სხვაა.".

ირინა მარცინსკაია, სანქტ-პეტერბურგი: "ყველაზე მეტად "ხვანჭკარა" მომეწონა. აქამდე ამ ღვინის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სტალინს უყვარდა, გამოგიტყდებით, მეც შემიყვარდა. სანქტ-პეტერბურგში ქართული ღვინოები ნაკლებად იყიდება. აუცილებლად შევიძენ".

იგორი, მინსკი: "საუკეთესო ღვინოებია, მაგრამ "ტვიში" კონკურენციის გარეშეა. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი კულტურით, ტრადიციით და ღვინით. თქვენი ქვეყანა ნამდვილად ღვინის სამშობლოა".

ოლგა, კრასნოდარი: "ქართული ღვინოებიდან ჩვენთან მხოლოდ "ხვანჭკარას" და "ქინძმარაულს" იცნობენ. ამ ეკოლოგიურ გარემოში მოყვანილი ყურძნით და თქვენი= უძველესი ტრადიციებით დაყენებულ ღვინოს სულ სხვა გემო აქვს. ჩვენს თბილისურ არდადეგებს ქართული ღვინო განუმეორებელს ხდის".

სერგეი, უკრაინა: "ამაღლებულ განწყო­ბაზე ვარ - ასეთი ბუნება, ხალხი, სტუმართმოყვარეობა და ღვინო. აღარც ვიცი, კიდევ რა შეიძლება ვინატრო. ჩემი აზრით, "ქინძმარაული" და "ტვიში" კონკურსგარეშეა".

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" "პალიტრა მედია ჰოლდინგი" და Allwine.ge ახორციელებს. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, შესაბამისად, ის რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, უცხოელებს კი შესაძლებლობას მისცემს, საუკეთესო ღვინოები აღმოაჩინონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად ღვინის სამშობლოა.
პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" 15 ოქტომბერს ქართული ღვინის ფესტივალზე" სწორედ მეიდანზე დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

პროექტში ჩაერთნენ საქართველოს ღვინის კომპანიები, რომლებმაც დეგუსტაციისთვის საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს. ინტერესი ძალიან დიდი იყო, ამიტომ ბრმა დეგუსტაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა სწორედ ბრმა დეგუსტაციით გამოავლინეს რჩეული კომპანიების 10 საუკეთესო ღვინო. ხუთი ბოთლი ერთ შეფუთვაშია, ხუთი - მეორე შეფუთვაში. სწორედ ამ ღვინის ყუთების ყიდვის საშუალება მიეცათ მსურველებს მეიდანზე 13 და 14 ივლისს გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე.

ანანო თავხელიძე, პროექტის მენეჯერი: "გვიხარია, რომ ამ პროექტის მიმართ ყოველთვის საზოგადოების დიდი ინტერესი იგრძნობოდა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ხმის მიცემის პროცესში, როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებში გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე, რომლებზეც 23 დასახელების ღვინოს აძლევდნენ ხმას, რათა საუკეთესო გამოევლინათ.
პროექტი მართლაც უნიკალურია, რადგან ქმნის პრეცედენტს, რომ მასობრივი გახდეს ბოთლის ღვინის მოხმარება, გააერთიანოს საქართველოს ღვინის კომპანიები და მომხმარებელმა შეძლოს, ერთ შეფუთვაში შეიძინოს სხვადასხვა კომპანიის, განსხვავებული დასახელების საუკეთესო ღვინოები, რომლებიც შერჩეულია გამოცდილი ღვინის ექსპერტების მიერ.
ამ უნიკალური შეფუთვების დიზაინსა და შიგთავსზე ჩვენი ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. შევქმენით ექსკლუზიური ჰოლოგრამა, რომელიც მხოლოდ რჩეულ ღვინოებზე განვათავსეთ. დავბეჭდეთ ბროშურა, რომლისთვის საინტერესო ინფორმაციების მოსაპოვებლად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგვიხდა ჩასვლა და უამრავ ადამიანთან შეხვედრა. ეს ხანგრძლივი, საინტერესო და შრომატევადი პროცესი იყო. ვესაუბრეთ უხუცეს მეღვინეებს, ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების საქმეში გაწაფულ გლეხებს, თითოეული მარნის მეპატრონეს, რომელთათვისაც ფასეულია წინაპრების დანატოვარი რეცეპტები და მათ ტრადიციებს არ ღალატობენ.

მოვიპოვეთ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ინფორმაცია, რომელსაც ყველგან ვერ ამოიკითხავ. საბოლოოდ ამ ინფორმაციამ, ისტორიებმა, ფოტომასალებმა, ღვინის შესახებ მოგროვილმა ცნობებმა ჩვენს ბროშურაში მოიყარა თავი და ის საინტერესო გახადა.

პროექტის ფარგლებში შექმნილ ყუთებში განთავსებულ თითოეული დასახელების ღვინის ბოთლს თავ-თავისი სპეციალური კოდი აქვს (QR კოდები).
ჩვენ ყველა ღვინის მწარმოებელს ვესტუმრეთ, დავათვალიერეთ ქარხნები, ვნახეთ, რა ტექნოლოგიით, სად და როგორ მზადდება რჩეული ღვინოები, მოვამზადეთ სიუჟეტები. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ნახოს თითოეული ბოთლის ჩამოსხმის ადგილი, მეღვინე, რომელმაც ღვინო დააყენა, ვენახი, სადაც ყურძენი მოიკრიფა, ისტორია და საინტერესო ფაქტები. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უცხოელებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ქართული ღვინითა და ტრადიციებით".

ანი ამირანაშვილი, Allwine.ge-ის პროექტის მენეჯერი: "ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის პოპულარიზაციისთვის.
მომხმარებელს მხოლოდ ჩვენთან შეეძლება ამ პროდუქტის შეძენა ექსკლუზიურ ფასად. მათ ჩვენი საიტის საშუალებით პროდუქტის გამოწერა შეუძლიათ ყველგან, მიუხედავად ადგილისა და დროისა.
მოკლედ, ძალიან კარგი პროექტია. მინდა ყველას მოვუწოდო, იჩქარონ და შეიძინონ რჩეული ღვინოები, რადგან ყუთების რაოდენობა ლიმიტირებულია".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით