"ამ რუკას ავაწყობ და კედელზე გავაკრავ, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე" - კვირის პალიტრა

"ამ რუკას ავაწყობ და კედელზე გავაკრავ, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე"

მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ "პალიტრა L"-მა ეროვნული პროექტის - "საქართველოს ინტერაქციული რუკის" გამოცემა დაიწყო. პროექტი თავისი კონცეფციით მართლაც უნიკალურია, მაგალითად, მკითხველს შეუძლია, რუკაზე შიდა ქართლის რეგიონის პაზლი ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორისციხის მინიატიურული ფიგურებით გააცოცხლოს... იქვე ნახავთ ხუთ ფიგურას, მაგ., "დედაენას", რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, რადგან ეს წიგნი ზოგადქართული ფასეულობაა.

"საქართველოს ინტერაქციული რუკის" პირველი ნაწილი იმერეთს" მიეძღვნა და მკითხველი სწორედ იმერეთის რუკის პაზლით იწყებს აწყობას. იმერეთს რაჭისა და ლეჩხუმის პაზლი მოჰყვება და ასე, აფხაზეთამდე...

სარედაქციო ჯგუფთან ერთად, რუკის შექმნაზე პროფესიონალმა ისტორიკოსებმა და კარტოგრაფებმა იმუშავეს. რუკა 12 პაზლისგან შედგება, თუმცა ეს პაზლები თანამედროვე ადმინისტრაციული მოწყობის პრინციპით არ არის შედგენილი. ისინი მეტწილად ისტორიულად დამკვიდრებული სახელწოდებების მიხედვით დაიყო და საქართველოს ამა თუ იმ მხარის ტრადიციებისა და კულტურული თავისებურებების გაცნობას ისახავს მიზნად.

აქ შეგიძლიათ ნახოთ, სად რა მდინარე, მწვერვალი, ხიდი, კულტურული, არქიტექტურული თუ ისტორიული ძეგლია. რუკაზე დატანილია ქალაქები, დაბები, ზოგიერთი სოფელიც კი, ანუ შექმნილია ერთიანი, მთლიანი და განუყოფელი საქართველოს მოდელი, რომლის მეშვეობითაც ძალზე ხელშესახები ხდება საქართველოს ერთიანობის იდეა. ალბათ, სწორედ კონცეფციისა და იდეის უნიკალურობამ, ასევე პროექტის მაღალმა ხარისხმა განაპირობა მკითხველთა გამოხმაურება, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. როგორც გამომცემლობა "პალიტრა LL"-ში აცხადებენ, რუკის პირველი ნაწილის - იმერეთის ტირაჟი თითქმის სრულად გაყიდულია.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა რამდენიმე მკითხველს, რომლებმაც 23 ივლისს, პროექტის გამოცემის პირველივე დღეს, შეიძინეს "საქართველოს ინტერაქციული რუკა".

თამარ ფოფხაძე, მკითხველი: "ამ გამოცემის შესახებ რომ შევიტყვე, ჩასაფრებული ველოდებოდი 23 ივლისს, რომ პირველი ნაწილი შემეძინა და შვილებთან ერთად ჩავრთულიყავი საქართველოს ამ ფორმით გაერთიანების საინტერესო და სახალისო პროცესში. მთავარი ხომ ის არის, პაზლების აწყობასთან ერთად, ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ტრადიციები, კულტურა, განსხვავებული მახასიათებლები ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც გავიცნოთ და შევიყვაროთ. იმერეთის გაცნობის პროცესში მთელი ოჯახი ჩავერთეთ და ახლა მოუთმენლად ველოდებით რაჭა-ლეჩხუმის გამოცემას".

ლევან თავხელიძე, მკითხველი: "11 წლის შვილი მყავს და იმისთვის, რომ განათლების მიღების პროცესი ოდნავ შევუმსუბუქო, ხშირად ხან სამაგიდო თამაშებით ვსწავლობთ, ხან სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებით ლიტერატურას ვკითხულობთ. გამიხარდა, როდესაც "ბიბლუსში" "საქართველოს ინტერაქციული რუკა" აღმოვაჩინე. გარდა იმისა, რომ ერთად ავაწყობთ გაერთიანებულ საქართველოს და ამით მეც და ჩემი შვილიც დადებით ემოციებს მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაზე, მის კუთხეებსა და კულტურაზე ორივე საინტერესო სიახლეებს შევიტყობთ, ახალ ინფორმაციასაც მივიღებთ და შთაბეჭდილებებსაც გავუზიარებთ ერთმანეთს. ვიპოვეთ ჩვენი სოფელიც, რამაც ძალიან გაგვახარა! თანაც საინტერესოა შედეგი - მიზნისკენ რომ მიდიხარ და ბოლოს შენ მიერ აწყობილ რუკას მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენ სახლში. მე სპეციალური წებოვანი სამაგრით, რომელიც რუკას მოჰყვა, პაზლი თავისი ფიგურებით კედელზე მივამაგრე. ამაზე კარგი და საინტერესო რა უნდა იყოს?! რაც მთავარია, მისაღებია ღირებულებაც - თითო ნაწილში 10 ლარს ვიხდი და რადგან თვეში ორი ნაწილი გამოიცემა, 20 ლარის გადადება რუკის შესაძენად ნამდვილად ღირს. ამ რუკას ავაწყობ და კედელზე გავაკრავ, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე".

სალომე სამხარაული, მკითხველი: "სასიამოვნო და აზარტულიც კი არის "საქართველოს ინტერაქციული რუკის" ოჯახის წევრებთან ერთად აწყობა - ამით თითქოს თითოეულ კუთხეში მისვლისა და მისი გაცნობის, ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობა გვეძლევა. როგორც ჩანს, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს ამ პროექტის მიმართ სხვა უამრავ მკითხველსაც, რადგან რიგში მომიწია დგომამ, სანამ რუკის პირველ ნაწილს შევიძენდი. იცით, რატომ არის ჩემთვის ეს რუკა მნიშვნელოვანი? საქართველოს რეალურ გაერთიანებამდე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მალე მოხდება, თუნდაც ასეთი სიმბოლური მნიშვნელობის წიგნებითა თუ რუკებით განწყობის შექმნა ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი""პალიტრა L"-ს, რომ ასეთი ეროვნული პროექტი შექმნა და მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ხელახლა აღმოვაჩინოთ და შევიყვაროთ ჩვენი მართლაც გასაოცარი და მრავალფეროვანი ქვეყანა".

რუსუდან შელია