ვინ არიან ცნობილი მწერლები, რომლებიც "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის გამარჯვებულ რომანებზე იმუშავებენ - კვირის პალიტრა

ვინ არიან ცნობილი მწერლები, რომლებიც "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის გამარჯვებულ რომანებზე იმუშავებენ

მათ ნამუშევრებს გამომცემლობის მხარდაჭერით, მალე იხილავს მკითხველი, მანამდე კი სიახლე ისაა, რომ გამარჯვებულ ნაწარმოებებს ცნობილი ქართველი მწერლები წაიკითხავენ, მწერლებთან ერთად დაამუშავებენ და ავტორებს სამწერლო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებიან. "გახდი ბესტსელერის ავტორის" ხუთივე გამარჯვებულს ეყოლება მენტორი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და რჩევებს მისცემს მათ. ცნობილია მენტორების ვინაობაც: დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, თეა ინასარიძე, სალომე ბენიძე და დიანა ანფიმიადი. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე აღნიშნავს, კონკურსანტებმა მენტორებთან ერთად ტექსტზე მუშაობა უკვე დაიწყეს: "როგორც შარშან, ისე წელსაც თითოეულ გამარჯვებულს საკუთარი მენტორი ჰყავს, რომლებიც ახალბედა ავტორებს როგორც ნაწარმოებზე, ასევე ზოგადად, ლიტერატურულ სფეროზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ცნობილ მწერლებთან ერთად ნაწარმოებებზე მუშაობა განსაკუთრებული მოტივაციაა "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულებისთვის. თითოეულ მწერალს ჰქონდა საშუალება, თვითონ აერჩია ავტორი იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს იყო მასთან აღნიშნული ნაწარმოები, მისი თემატიკა და წამოჭრილი პრობლემები. ვახო ვახტანგაძის მენტორი ცნობილი მწერალი დიანა ანფიმიადია, გვანცა გუბელაძის - დათო ტურაშვილი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის - გიორგი კეკელიძე, ნათია ჯაგოდნიშვილის - თეა ინასარიძე, იაგო თვალაბეიშვილის მენტორი კი სალომე ბენიძეა. კონკურსის გამარჯვებულებმა მენტორებთან ერთად ტექსტზე მუშაობა უკვე დაიწყეს და დარწმუნებული ვარ, მათი თანამშრომლობა წარმატებული იქნება".

გიორგი კეკელიძე, მწერალი: "კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" ბევრი ფაქტორის გათვალისწინებითაა მნიშვნელოვანი. უპირველესად ის ხელს უწყობს ახალბედა მწერლების უნარების წარმოჩენას, რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით საკმაოდ რთულია - ავტორს, რომელსაც საზოგადოება ჯერ არ იცნობს, ყოველთვის უჭირს გამომცემელთან შეთანხმება, რომ ნაწარმოები დაუბეჭდოს და მით უმეტეს, პოპულარიზაციაში დაეხმაროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონკურსი ქვეყანაში ლიტერატურულ სფეროსაც გამოაცოცხლებს - ვიღაცას მოეწონება ნაშრომი, ან პირიქით, შესაძლოა მკითხველთა გარკვეული წრის გემოვნება ვერ დააკმაყოფილოს, მაგრამ დისკუსია ამ თემაზე უკვე საინტერესოა. რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობა ნახავს, რომ შესაძლოა გაჩნდეს შანსი, რომ მკითხველამდე გზა გაიკვლიონ და საკუთარი ნაშრომი საზოგადოებას გააცნონ".

თეა ინასარიძე, მწერალი: "ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში უფრო პოპულარული უცხოელი მწერლები იყვნენ. ქართველი მწერლების პოპულარიზაცია სათანადოდ არ ხდებოდა. ამ კონკურსმა გასულ წელს დაამტკიცა, რომ ქართველი მწერლების ნაწარმოებები უცხოელებზე არანაკლებ პოპულარული შეიძლება გახდეს. წელს ძალიან საინტერესო ავტორები აღმოვაჩინეთ. მე ნათია ჯაგოდნიშვილის მენტორი ვარ და მიხარია, რომ ასეთ საინტერესო ადამიანთან მიწევს მუშაობა. ნათია ჯაგოდნიშვილის რომანის სახელწოდებაა "ცდუნება". ეს არის ამბავი სიყვარულსა და ღალატზე, ოღონდ არა ბანალურად მოთხრობილი. ავტორი ღალატს სრულიად სხვა რაკურსით გვაჩვენებს და ამ საკითხს ძალიან უღრმავდება. ავტორი სცდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ აზროვნებას; "ერთმა მეორეს უღალატა, მოღალატე ნაძირალაა, ღალატის პატიება არ შეიძლება". ვფიქრობ, ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს ამ რომანში და შეიყვარებს მას. ერთი თვეა, რაც მე და ნათია ამ რომანზე ვმუშაობთ. ბევრი საინტერესო დეტალი დაემატა, შეივსო და მკითხველი შემოდგომაზე ძალიან კარგ წიგნს იხილავს. წარმატებას ვუსურვებ ხუთივე გამარჯვებულს".

რუსუდან შელია