აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID -ის მისიის დირექტორი გაეცნო - კვირის პალიტრა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID -ის მისიის დირექტორი გაეცნო

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახლადდანიშნული დირექტორი პიტერ ვიბლერი აბაშის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.

"ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის სტატუსით. ბევრი ინფორმაცია მივიღე, იმის შესახებ, როგორი მნიშნელოვანი პარტნიორობა აკავშირებს საქართველოს და ამერიკას არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ, როგორი მეგობრული კავშირები აქვს ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და პროექტ REAP-ს ურთიერთობა შესანიშნავი წარმატების ისტორიაა. ჩვენ მხოლოდ ერთი თემა არ გვაერთიანებს, რომელიც ფაროსანასთან არის დაკავშირებული, არამედ ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა გზები შევიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლებელი სხვა მავნებლები და დავიცვათ სოფლის მეურნეობის სექტორი,“ - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის მნიშვნელობა მავნებელთან ბრძოლის სისტემის ჩამოყალიბებაში და განაცხადა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"აზიური ფაროსანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს არის ახალი მავნებელი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო დახმარების მობილიზება დაგვჭირდა. სწორედ USAID იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც მყისიერი დახმარება აღმოგვიჩინა როგორც ექსპერტული ცოდნის თვალსაზრისით, ისე ფინანსურად. ჩვენი წარმატებული შედეგი დიდწილად სწორედ USAID-ის დამსახურებაა. ახალი ხელძღვანელი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სისტემას გაეცნო. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ კუთხითაც და სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო- სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი.

საქართველოს სასოფლო- სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2016 წლიდან ხორციელდება, REAP-ის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, რომელთა მონაწილეობითაც შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტერატეგია. აგრეთვე, მავნებლის ბიოლოგიის და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, უცხოელი და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით გაიმართა რეგიონული კონფერენცია; შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; სწავლებები ჩაუტარდა ადგილობრივ სპეციალისტებს; სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს, 2017 წელთან შედარებით, მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მასშტაბი შემცირდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აზიური ფაროსანას გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და კვლავ ძველ საზღვრებში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ფიქსირდება.