ქართველი მეფე, რომელმაც ცხოვრება ემიგრანტ მწერლად დაასრულა - ისტორია არჩილ მეორის შესახებ
09-08-2018
ქართველი მეფე, რომელმაც ცხოვრება ემიგრანტ მწერლად დაასრულა - ისტორია არჩილ მეორის შესახებ
არჩილ მეორეს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის იყო მეფე, რომელიც სარგებლობდა სპარსეთის შაჰის კეთილგანწყობით და სწორედ ამით მოახერხა და ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა. არჩილი გამაჰმადიანებული იყო, თუმცა მის მკერდში ქრისტიანული გული ძგერდა, რაც კარგად გამოჩნდა მის მიერ გაკეთებულ საქმეებში.

არჩილ II დაიბადა 1647 წელს, ქართლის მეფის ვახტანგ V-ის, შაჰნავაზის ოჯახში. არჩილის დედა იყო როდამი, ყაფლან ბარათაშვილის ასული. სწორედ რო
დანი იყოს არჩილის მთავარი მასწავლებელი და დამრიგებელი. არჩილმა საეკლესიო, სასულიერო და საერო განათლება მიიღო.

არჩილმა სამეფო ტახტზე საქმიანობა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ იმერეთში გაამეფა, თუმცა მისმა მეფობამ მხოლოდ 2 წელი გასტანა. ოსმალეთის პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო მამამ, ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა, სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს და შაჰნაზარ-ხანი უწოდეს.

1664
წელს შაჰმა არჩილს კახეთის ტახტი მისცა და საქართველოში დიდი საჩუქრებით გამოისტუმრა. არჩილი კახეთს განაგებდა 12 წლის განმავლობაში. მან კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წელს ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. არჩილ მეფემ კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, შეამცირა რეგიონში ლეკების თარეში.

ამის შემდეგ მან მამის სურვილის წინააღმდეგ დატოვა კახეთის ტახტი და წავიდა ახალციხის ფაშასთან, რომ ოსმალების დახმარებით დაებრუნებინა იმერეთის ტახტი. მეფემ მიზანს მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიაღზია, 1 წლის შემდეგ კვლავ იძულებული გახდა ტახტს გამოთხოვებოდა. გარკვეული პერიოდის მოხიზნეობის შემდეგ ის მოსკოვში დასახლდა. ამის შემდეგ ის კიდევ სამჯერ ავიდა იმერეთის ტახტზე, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით ყოველ ჯერზე გააძევეს. 1680 წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-88 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1699 წელს კი საბოლოოდ გადასახლდა მოსკოვში. პეტრე დიდმა ის დიდი პატივით მიიღო. დაასაჩუქრა მამულით და დიდი ქონებით. პოლიტიკურად იმედგაცრუებული არჩილი დასახლდა მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში და კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო.

არჩილ მეორის უდიდეს დამსახურებად ითვლება ქართული სტამბის დაარსება, სადაც 1705 წელს დაიბეჭდა "დავითიანი". აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს, რომელიც დაიბეჭდა 1743 წელს.

არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში ("საქართველოს ზნეობანი", "ლექსნი ძეულნი" და სხვ.) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარებას მიიჩნევს. ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს არჩილ II ე. წ. "მართლის თქმის" პრინციპი. თავის ნაწარმოებებში იგი ძალიან კარგად გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც ("გიორგი სააკაძე"). არჩილის "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" ქართულ მწერლობაში ისტორიულ პოემას ამკვიდრებს. მასვე ეკუთვნის "ვისრამიანის" ქართულ ენაზე გალექსვა, ასევე რუსულიდან ნათარგმნი "ალექსანდრიანი".

ემიგრანტ მეფე არჩილს დიდხანს არ უცოცხლია. დასნეულებული პოეტი გარდაიცვალა 1713 წლის 15 აპრილს და დასაფლავებული იქნა დონის მონასტერში.

არჩილ მეორისა და მისი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო და უნიკალური ინფორმაციის მიღება კი წიგნების სერია "ქართველი მეფეების" ახალი ტომიდან არის შესაძლებელი.

წიგნის შეძენა მკითხველს წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების პუნქტებში გაზეთ "კვირის პალიტრასათან" ერთად 13 აგვისტოდან შეეძლება. მისი სპეციალური ფასი 5,50 ლარია, გაზეთთან ერთად კი - 7,00 ლარი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით