3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება - კვირის პალიტრა

3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

3 სექტემბრიდან აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს უცხოელი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან.

"ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. საღამოობით კი სასტუმრო "ოაზისში" მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს. მათ შორის გამორჩეულია მეცნიერი, მტაცებელ ფრინველებზე მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ტურლიდერი ვილიამ კლარკი ამერიკიდან და ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, წიგნების ავტორი, ტურლიდერი, ფრინველებზე დამკვირვებელი დეივიდ ლინდო დიდი ბრიტანეთიდან. ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, პრეზენტაციები და ლექციები ყოველდღე, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე გაიმართება. ამასთან, საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად, ტრანსპორტირება შვიდივე დღის განმავლობაში უფასო იქნება და გამგზავრება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან მოხდება.

რაც შეეხება გასვლით ტურებს, 6, 7, 8 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 8 სექტემბერს დასრულდება.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე https://goo.gl/Kq5f7N

(რ)