პროგრესი კეთდება მხოლოდ დისციპლინით, აკრძალვებით და ჯანსაღი კონკურენციით (R)
პროგრესი კეთდება მხოლოდ დისციპლინით, აკრძალვებით და ჯანსაღი კონკურენციით (R)
ჩვენ გვქონდა განათლების ბრწყინვალე სისტემა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავანგრიეთ ის და გავანადგურეთ, სამეცნიერო კადრების ხარისხის შეფასების საკითხი კი მივანდეთ სოროსის ფონდის დაქირავებულ წარმომადგენლებს, რომლებიც როგორც მოესურვებოდათ ისე მართავდნენ პროცესებს ამ სფეროში. სწორედ მათი უშუალო ძალისხმევით და ძალზედ სააეჭვოდ დაკომპლექტებული "სეს" - ის წყალობით დაიცალა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო კადრებისაგან, დაირღვა კანონი, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები; დავიწყებული იქნა მთავარი: ის, რომ მეცნიერებაც და განათლებაც ყველა ნორმალურ ქვეყანას ჭირდება, პირველ რიგში, თავის
საკეთილდღეოდ, საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რაციონალურად წარმართვისათვის, იმისათვის, რომ გამოუმუშაოს თავის ხალხს დღევანდელ რთულ და წინააღმდეგობრივ რეალობაში ადეკვატური მოქმედების უნარი, ხოლო მოეწონებათ თუ არა ჩვენი ეროვნული პოლიტიკა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ნამდვილად მეორეხარისხოვანი პრობლემაა. ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ დაინგრეს თავის ქვეყანაში ყველა საწარმო, მეცნიერება,
განათლება, აიჩეხოს ვენახი კახეთში, განადგურდეს ჩაის პლანტაციები გურიასა და სამეგრელოში, მოისპოს ქართველი გლეხი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პირების სათარეშოდ აქციოს თავისი ქვეყანა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს დღეს ხალხის ინტერესების დამცველი მთავრობა, არ გვაქვს განვითარების რეალური გეგმა, აღარ არიან პროფესიონალები, რომლებიც გაანალიზებენ და შეაფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, დაიჭერენ მათში პრობლემას და მოძებნიან მისი გადაჭრის ოპტიმალურ გზებსა და მეთოდებს. ამ მხრივ საინტერესოა ტრამპის მთავარი პოლიტიკური მესიჯი:"ყველაფერი ამერიკის მოქალაქისათვის!" ღმერთმა ხელი მოუმართოთ მათ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა დავიცვათ დიპლომატიური მეთოდებით ჩვენი ღირსება და ავტორიტეტი?! ხომ არ შეიძლება მუდმივად გვარიგოს ჭკუა ყველამ, ვისაც ეს მოესურვება და ვისმინოთ კიდევ გაუთავებლად მათთან ჩვენი მთავრობის არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი დიალოგები?!

ფაქტია, რომ რაციონალურად და ადეკვატურად ქვეყნის მართვას ჭირდება ძლიერი მეცნიერება და განათლება და კიდევ ყველა მოქალაქის მიერ გაცნობიერებულად და პასუხისმგებლობის გრძნობით გაკეთებული არჩევანი, რათა მივიღოთ ისეთი მთავრობა, რომელიც დაიცავს ხალხის ინტერესებს, არ გაგვაწბილებს და კიდევ ერთხელ არ დაგვტოვებს პირში ჩალაგამოვლებულებს ყველა სფეროში. კორუფციამ, სიღარიბემ და კრიმინალმა დაღალა ხალხი და ძნელია ნამდვილად არკვიოს ამ დროს კიდევ კაცმა ის, თუ რამდენ მილიონს იპარავს ესა თუ ის მინისტრი ხალხის ჯიბიდან, უყურო, თუ რა უსინდისოდ და უკანონოდ ნაწილდება და იფლანგება სახელმწიფო ბიუჯეტი და ისმინო თანაც, თუ როგორი წარმატებული გამხდარა თურმე, ჩვენს ხარჯზე გაფუებული პარლამენტარების აზრით, ხალხის ყოფა და ცხოვრება....ქვეყანა გვემხობა თავზე, ხალხი შიმშილობს, ვდგავართ უფსკრულის პირას\და აშკარად დროა გამოვფხიზლდეთ.

ეხლა ისევ განათლების სისტემის შესახებ: აშკარაა, რომ მეცნიერებისა და განათლების გარეშე ქვეყნის ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა ვერ მოხდება; ცხადია ისიც, რომ ძველი სისტემის ბარბაროსული ნგრევა დიდი შეცდომა იყო, რომ აუცილებელია გარკვეული ფორმით აღვადგინოთ ისევ ის ძველი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ХХI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად განახლებული და ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავკარგოთ ის, რაც უკვე გვქონდა. ასე მაგალითად: ინტეგრირებული, გამთლიანებული აზროვნების კულტურა, ანუ ის, რასაც ასე მძაფრად ითხოვს დღეს ჩვენი საუკუნე და რაც განსაზღვრავს სწორედ, ძირითადად, ადამიანის ახალ რეალობაში ადეკვატურად მოქმედების შინაარსს, იყო ჩვენი განათლების სისტემის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი და თანაც დაწყებული პირველი საფეხურიდან ბოლო საფეხურამდე; ის აძლევდა ახალგაზრდას სამყაროს, როგორც მთელის აღქმის შესაძლებლობას და, რაც მთავარია, ერთნაირად ამზადებდა მას როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ჰუმანიტარული დარგებისათვის. აზროვნების ეს კულტურა, აკადემიურ დონეზე, უკვე იყო წარმოდგენილი იაკობ გოგებაშვილთან და ეს საოცრად პროგრესული ტრადიცია დავკარგეთ პირველად მაშინ, როდესაც გოგებაშვილის სახელმძღვანელოზე ვთქვით უარი და მისი უნიკალური წიგნები ჩავანაცვლეთ უბადრუკი, სრულიად გაურკვეველი ავტორების მიერ არაკვალიფიციურად მომზადებული სახელმძღვანელოებით. გოგებაშვილი, ვისთანაც სრულად იყო წარმოდგენილი ჩვენი ტრადიციული, ეროვნული ფასეულობები და კულტურა, იყო საქართველოდან XXI საუკუნისათვის ნათქვამი ბრწყინვალე სიტყვა პედაგოგიკაში; ამიტომაც მოხდა სწორედ, რომ ვერაფერი უკეთესი ვერ მოგვცა ჩვენ განათლების სისტემის ანალოგების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძიებამ.

იგივე გაკეთდა შემდეგ სხვა დარგებშიც: აქაც, ყველგან მაღალი რანგის ავტორების მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები შეიცვალა თეორიულად გაუმართავი, საოცარი მეცნიერული ხარვეზების მქონე წიგნებით, რის შედეგადაც მთლიანად დაინგრა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესი და ჩვენი ცხოვრების ყველა უბანზე გაქრნენ პროფესიონალები. ფიზიკის ფაკულტეტის ნგრევამ გამოიწვია მის ბაზაზე არსებული ძალზედ მნიშვნელოვანი სემინარის: "მეცნიერება და ფილოსოფია" ლიკვიდაცია და შეწყდა კვლევა დიალექტიკის ძალზედ აქტუალურ საკითხებზე, რასაც უდიდესი ტრადიცია ქონდა საქართველოში და რითაც თავის დროზე დიდად დაინტერესდა საქართველოში სტუმრად ჩამოსული ნილს ბორი; მან მაღალი შეფასება მისცა ქართველი მეცნიერების (ვ.მამასახლისოვი, მ.მირიანაშვილი, ლ.გოკიელი) და ფილოსოფოსების (კ.ბაქრაძე, ს, წერეთელი, ზ.კაკაბაძე) ერთობლივი მუშაობის შედეგებს და ხაზი გაუსვა მათ მსოფლმხედველობრივ უპირატესობას მსოფლიოში არსებული ყველა სხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობასთან შედარებით. სწორედ ამ მსოფლმხედველობის ბაზაზე უნდა წარმართულიყო რეფორმები განათლების სისტემაში, მაგრამ, სამწუხაროდ, "დიალექტიკა" "დიდმა რეფორმატორებმა" სალანძღავ სიტყვად გამოაცხადეს.

ამ ფონზე მისასალმებელია, ნამდვილად, რომ ბოლო ხანებში სამთავრობო დონეზე გაკეთდა გარკვეული აქცენტი დაწყებით საფეხურზე განათლების მიღების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმაზეც, რომ განათლების პროგრამის ხარისხზე და სახელმძღვანელოებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს სახელმწიფო. ნამდვილად აუცილებელია სახელმწიფოებრივი ხაზი კულტურაში, მეცნიერებაში და საერთოდ ყველგან. ნეტავი ეკოლოგიური უსაფრთხოების, ფალსიფიცირებული წამლებისა და უვარგისი პროდუქტებისაგან ხალხის დაცვის მიზნითაც შემოვიდეს სახელმწიფო სტანდარტები, დაწესდეს სახელმწიფო კონტროლი ყველგან და სამთავრობო დონეზე გაჟღერებული ეს თვალსაზრისი ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს. მაგრამ რაციონალური და ადეკვატური სტანდარტების შემუშავება ძალზედ რთული საქმეა და ეს უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა.

განათლების დარგში ამგვარი სტანდარტების შემოღება მოითხოვს, მაგალითად, იმას, რომ კარგად გავიხსენოთ ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგები და ისიც, თუ რა დონეზე და რა ფორმით იყო წარმოდგენილი მათთან სასწავლო და სამეცნიერო პროცესები; აუცილებელია აგრეთვე გაკეთდეს მათი წიგნების ელექტრონული ვერსიები და მიეწოდოს ისინი ახალგაზრდობას, რათა უკვალოდ არ გაქრეს და არ დაიკარგოს მათი უნიკალური ნაშრომი და ნამოღვაწარი. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია თაობათა შორის დიალოგი, რისთვისაც კარგი იქნება, ალბათ, სემინარულ ფორმატში გარკვეული მეცნიერული ძალების მობილიზება და თანაც აკადემიის ბაზაზე, რადგან უნივერსიტეტი ე.წ. "დემოკრატიული რეფორმების" შემდეგ პრინციპულად წინააღმდეგია ყოველგვარი განსხვავებული აზრის მოსმენის; ერთხელაც კი არავინ დაინტერესებულა აქ მომხდარი მოვლენების ანალიზით და არც იმით, თუ რატომ იქცნენ "ჩარეცხილებად"უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერები და პედაგოგები. მიუხედავად მრავალჯერადი მიმართვებისა აქ, როგორც წესი, ირჩევენ დუმილს და პრინციპულად არ მოდიან დაილოგზე. მათ, კაბინეტებში მაგრად ჩაკეტილებს, კატეგორიულად არ სურთ პრობლემურ საკითხებზე საჯარო მსჯელობა და ღია კამათი.

თავის დროზე ყველა გადაწყვეტილება უნივერსიტეტის შესახებ "კმარელების"პოზიციებიდან იქნა მიღებული და, სამწუხაროდ, ასე გრძელდება დღემდე. არავინ არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, თუ რატომ არის, რომ ისინიც კი, ვინც "კმარაზე" უკეთ ვხედავდით პრობლემებს უნივერსიტეტში და გამუდმებით,ღიად და საჯაროდ ვაშუქებდით მათ პრესაში,ვირჩევდით მაინც უნივერსიტეტის შიგნით ღია დისკუსიით საკითხების განხილვას და თაობათა შორის პირდაპირ დიალოგს. სურვილი დღესაც იგივეა! მითუმეტეს მას შემდეგ, როდესაც ვნახეთ, თუ რა დღეშიც ჩავარდა ე.წ. წარმატებული "რეფორმების" შემდეგ უნივერსიტეტი. ამასთან დაკავშირებით კი ნამდვილად აღსანიშნავია ერთი რამ, რომ მოსწონდა თუ არა თავის დროზე ვინმეს როინ მეტრეველი როგორც რექტორი, ან ეთანხმებოდა თუ არა ვინმე მას რაიმე საკითხთან დაკავშირებით, იძულებულები ვართ ვაღიაროთ მაინც, რომ იგი ძირფესვიანად იცნობს უნივერსიტეტის ყველა პრობლემას და ძალიან კარგად იცის ისიც, თუ რა ზომით და რა ფორმით შეიძლება შემოვიტანოთ უნივერსიტეტის სტრუქტურაში რაიმე ახალი. სწორედ ამიტომ მასთან კამათი ყველა ოპონენტისათვის ძალზედ საინტერესოა, შესაძლებელია და, სხვათაშორის, შესაძლებელი იყო ყოველთვის; ვიცი ისიც, რომ მის ირგვლივ სიამოვნებით გაერთიანდებიან სხვადასხვა აზრის მქონე სერიოზული პროფესიონალები და არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთობლივი მუშაობა შედეგიანი გამოდგეს.

ჩვენ არ გვაქვს დღეისათვის ის ფუფუნება, რომ ხელიდან გაუშვათ თუნდაც ერთი შანსი და არ მოვსინჯოთ ყველა გზა უნივერსიტეტის გადასარჩენად. ფაქტია, რომ აუცილებელია თაობათა შორის დიალოგი და რომ ვერც ერთი ცალკე აღებული თაობა არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის; მაგრამ აშკარაა ერთიც, რომ კონსტრუქციული და შედეგის მომცემი დიალოგის წარმართვა ასეთ რთულ აუდიტორიაში ძალიან ძნელია, მას ჭირდება საქმეში კარგად ჩახედული, ძლიერი, გაწონასწორებული და გამოცდილი სპიკერი, რაციონალური მსოფლმხედველობრივი აზროვნების კულტურით. სამწუხაროდ, პიროვნულობის ესოდენ დიდი დეფიციტის პირობებში ამ მხრივ დიდი არჩევანი ნამდვილად არა გვაქვს; არადა აშკარაა, რომ მაღალ დონეზე წარმართული ასეთი დისკუსია და თაობებს შორის ამგვარი ღია, საჯარო, კონსტრუქციული დიალოგები აუცილებელია და ნამდვილად შეიძლება გახდეს შედეგის მომცემი.

ძნელია ცრემლის გარეშე უყურო დღეს უნივერსიტეტს, სადაც უგულველყოფილია ჩვენი ქვეყნის უნიკალური მეცნიერული ტრადიციები, დანგრეულია ბრწყინვალე სკოლები ფიზიკაში, მათემატიკაში, ფილოსოფიაში და სხვ. რომელი ნორმალური ქვეყანა დაუკარგავს ამგვარ ინტელექტუალურ სიმდიდრეს მომავალ თაობას? სამწუხაროდ, ცხადზე ცხადია ისიც, რომ თუ ქვეყანაში არ შეიცვალა პოლიტიკური კურსი მთლიანად და თუ ყველა დანაშაულზე დამნაშავეს არ მოეთხოვა პასუხი, არაფერი არც ერთ სფეროში არ შეიცვლება; მხოლოდ კადრების უბრალო გადაადგილებით და გაუთავებელი, ზერელე არაპროფესიული საუბრებით საკითხებზე ვერც ერთ სასიცოცხლო პრობლემას ქვეყანაში ვერ გადავჭრით; ხოლო თუ ჩვენი ტრადიციები დავკარგეთ და საძირკველი საბოლოოდ გამოგვეცალა, მომავალ თაობას მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება. ამ საძირკველის გადარჩენაზე კი უნდა იზრუნონ პროფესიონალებმა და არა მათ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ ჩვენი დიდი მოღვაწეების უნიკალურ მიღწევებზე და იმაზე, თუ რის გადარჩენაზეა საერთოდ ლაპარაკი; ანუ არა მათ, ვინც სოროსის ფონდის მიერ ჩატარებული უკანონო და მაქინაციური კონკურსების წყალობით მოხვდნენ მევნიერებისა და განათლების სფეროში და მიზანმიმართულად მოწყვიტეს პროფესურის საუკეთესო ნაწილი ახალგაზრდობას.

იგივე ხდება ყველგან. მაგალითად, სამედიცინო სფეროში იმისათვის, რომ ნორმალური ანალიზები გაიკეთო და სწორი დიაგნოზი დაგისვან, ავადმყოფმა უნდა მოიაროს ქალაქის თითქმის ყველა კლინიკა პროფესიონალი სპეციალისტების ძებნაში, რადგან, როგორც წესი, სადაზღვევო ხაზით ჩატარებული ე.წ. "უფასო" ანალიზები და დიაგნოზირება ტარდება ზერელედ, არ არის სწორი და მის ბაზაზე წარმართული მკურნალობა თუ არ მოკლავს ადამიანს, დიდ ზიანს მაინც მიაყენებს მის ჯანმრთელობას. იქნებ იფიქროს ჯანდაცვის მინისტრმა, თავი რომ მოაქვს ამ სფეროში ჩატარებული რეფორმებით, და დასვას არაკვალიფიცირებული მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი ან რაიმე ფორმით პრივილეგირებული გახადოს მაინც კეთილსინდისიერად მომუშავე მედმუშაკები. თითოეულ მცდარ ანალიზზე და დიაგნოზზე სასამართლოს ფორმით დავა ძალზედ მოუხერხებელია, საჭიროა და აუცილებელი სახელმწიფოებრივი კონტროლი. ან კიდევ ყოველგვარი ფორმალური შეზღუდვების და ზედმეტი მატერიალური ხარჯების გარეშე შეიძლებოდეს მკურნალი ექიმისა და საკვლევი ლაბორატორიების არჩევა, ხოლო ის ექიმები და ლაბორატორიები, რომლებიც დარჩებიან პაციენტების გარეშე, აღირიცხონ სპეციალურად, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს მათი მუშაობის დაბალი ხარისხი. არც განათლების სისტემაში, არც ჯანმრთელობის სფეროში და საერთოდ არსად არ უნდა ვითმინოთ არაპროფესიონალიზმი, ეს დაღუპავს მოსახლეობას და დაანგრევს სახელმწიფოს.

მოქმედების კულტურას განსაზღვრავს მეცნიერება და ზნეობა. სრულყოფილი განათლების სისტემა უნდა ეხმარებოდეს ახალგაზრდას საკუთარი შესაძლებლობების გახსნაში, რეალიზაციაში და ადრინდელი პერიოდიდანვე უმუშავებდეს მას დღევანდელ თვისებრივად ახალ, რთულ და წინაარმდეგობებით სავსე რეალობაში ადეკვატური ორიენტირების უნარს. მან უნდა გააცნობიერებინოს ახალგაზრდას ის, თუ რა უნდა, რა შეუძლია და რისი გაკეთების უფლება აქვს, ანუ განუვითაროს ეთიკური, ესთეტიკური და რაციონალური აზროვნების უნარი.

მსოფლიო წესრიგი ძალზედ რთულია და მრავალფეროვანი და ძნელია ამიტომ ამ მრავალფეროვან სამყაროში (სადაც დღითიდღე ძლიერდება გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესები) განსაზღვროს, დაიცვას ადეკვატურად და განახორციელოს კაცმა საკუთარი ინტერესები და თანაც ისე, რომ არ დაუპირისპირდეს ამ დროს თავისი ქვეყნის ძირითად მოთხოვნებს, იგრძნოს მათი რეალური არსი და შეძლოს მათი გათვალისწინებით შეიმუშაოს საკუთარი ინტერესების განხორციელების მეთოდიკა; ახსოვდეს, რომ საზოგადოების წევრი არ არის მთლად თავისუფალი, მას, როგორც წესი, ზღუდავენ სოციუმის მაკრო და მიკრო იმპერატივები. მორალი: "მინდა ვაკეთო ის, რაც მომესურვება!" დამღუპველია საზოგადოებისათვის და თავად ინდივიდისათვისაც. იგი არასწორ წარმოდგენას უქმნის პიროვნებას დემოკრატიაზე და ლიბერალურ ღირებულებებზე. უდავოა, რომ "თავისუფლება" ადამიანის შემოქმედებითი მოღვაწეობის მთავარი საფუძველია, მაგრამ ეს არ არის აღვირახსნილობა, მან არ უნდა დააკარგვინოს ინდივიდს რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი, არ უნდა მოწყვიტოს ის საზოგადოებას, არ უნდა გახადოს ამპუტირებული სოციუმისაგან და, რაც მთავარია, არ უნდა დაანგრიოს იგი როგორც პიროვნება. დემოკრატიიისა და ლიბერალიზმის სწორ გაგებას კი ჭირდება მაღალი კულტურა და დიდი განათლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პაპუასების ეთიკას: "კარგი არის ის, როდესაც მე ვარღვევ კანონს და ვიჭრები სხვის უფლებებში, ხოლო ცუდია, როდესაც იგივეს მიკეთებენ სხვები მე". უფლება და მოვალეობა - აი რისი განსაზღვრა არის უმთავრესი პრობლემა საზოგადოებისათვის. სამწუხაროდ, დღეს მიზანმიმართულად მიდის ახალგაზრდის ცნობიერების დეფორმირება, ხდება პიროვნული საფუძვლების ნგრევა, ისპობა ზნეობა, ახალგაზრდა ხდემა არაადეკვატური და ეტანება ნარკოტიკს. ვიღუპებით!

და ბოლოს: საქართველოს ყველა თაობაში ყავს კადრები, რომლებსაც შეუძლიათ გადაარჩინონ ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი კადრების გამოყენება პრინციპულად არ ხდება! რატომ? და როდემდის? რატომღაც ხდება ისე, რომ ვირჩევთ ყოველთვის დილეტანტებს, გონებაშეზღუდულებს და უზნეოებს. გვყავდეს აბა ისეთი კადრები ყველგან როგორიც შინაგან საქმეთა მინისტრია და მაშინ ნახავდა ყველა,თუ როგორი იქნებოდა საქართველო.

და კიდევ: ბოროტება ღმერთისგან არ არის შექმნილი, ბოროტება ეს ჩვენს მიერ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომაა და ჩვენს მიერვე არასწორად გაკეთებული არჩევანი. დავიცვათ კანონი და გამოუცხადოთ ბრძოლა არაპროფესიონალიზმს ყველა სფეროში. პროგრესი კეთდება მხოლოდ დისციპლინით, აკრძალვებით და ჯანსაღი კონკურენციით.


(R)
მკითხველის კომენტარი (1)
თამარი
07 სექტემბერი 2018 23:38
რატომ გგონიათ რომ ყველას ჭკუის დანარიგებზე უნდა იცეკვოთ ??? მართალია ჩვრამპი ვისი პრეზიდენტიც არის იმათ ინტერესებს იცავს . ასე ჩანს თორემ ამერიკაშიც ალბათ არის დარღვევები ამ ხრივ .
შენ შენი კარგი გააკეთე რაც შენს ხალხს და ქვეყანას წაადგება ვიღაცის თითის ქნევა თუ გაშინებს თვალებში უყურე და შენი მაინც გააკეთე და გაიტანე . ყოველთვის ისე არ წვიმს როგორც ქუხსს და ისტორიის შექმნა და გადარჩენა გამტანობით იყო შესაძლებელი . მთავარია გამჭრიახი და სულიერად ძლიერი გუნდი გყავდეს .

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები