დაუვიწყარი ქართული ღვინის ფესტივალი ბრუნდება - რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს - კვირის პალიტრა

დაუვიწყარი ქართული ღვინის ფესტივალი ბრუნდება - რა ელით ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს

"ქართული ღვინის ფესტივალი“, რომელიც ქართული ღვინის მოყვარულებისა და გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარ დღედ იქცა, წელსაც გაიმართება. ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი Allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები გრანდიოზული ფესტივალისთვის უკვე მეორედ ემზადებიან.

საზოგადოებაში ფესტივალის მოლოდინი საკმაოდ დიდია, რადგან გასული წლის ღონისძიებას უამრავი ხალხი დაესწრო და ყველა კმაყოფილი დარჩა. სტუმრები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ასეთი მნიშვნელობის, ასეთი დონის და ასეთ ლამაზ ფესტივალს ჯერ არ დასწრებიან.

გასულ წელს ფესტივალზე 40-მდე სახეობის კომპანიის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. წელს კი უფრო მეტ კომპანიას ელოდებიან.

უდავოა ფესტივალის მნიშვნელობა ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში დიდი როლი უშუალოდ ღონისძიებაზე არსებულმა გარემომ შეასრულა. შარდენის ქუჩის მიახლოებისთანავე გამვლელების ყურადღებას სასიამოვნო ქართული მუსიკა იქცევდა და ფესტივალისკენ ეპატიჟებოდა. ქუჩის დასაწყისშივე ღვინის დეგუსტაცია იწყებოდა.

VIDEO: "ქართული ღვინის ფესტივალი 2017" - პროექტი, რომელმაც ხალხში დიდი ემოცია გამოიწვია

ხილითა და ყვავილებით მორთული ულამაზესი ქუჩის ორივე მხარეს ღვინის კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ ღვინის არომატებით, არამედ ლამაზი დახლებითაც ეჯიბრებოდნენ. საშემოდგომო ხილით საოცრად მორთული ქუჩის დასაწყისშივე ულამაზესი მიმები იქცევდნენ ყურადღებას.

სცენაზე ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ცვლიდნენ. სცენაზე დანთებული საოცარი მუხტი კი სტუმრებზეც გადმოვიდა და მუსიკალურმა ნომრებმაც ხალხში გადაინაცვლა. ქუჩის ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღება იყო შესაძლებელი. ფესტივალის სტუმრები დეგუსტაციის შემდეგ თამამად იღებდნენ ფოტოებს photo bus-ში და მხიარულად პოზირებდნენ გიფერის აპარატის კამერასთან.

ამჯერად "ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ განახლებული პროგრამითა და ბევრი სიურპრიზით ბრუნდება.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, შარშანდელმა წელმა მოლოდინს გადააჭარბა, წელს კი უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან, რომელთაც ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს ჰპირდებიან. ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა სახის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. "ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ყველი.

აღნიშნული პროდუქტების დაგემოვნების პროცესი კიდევ უფრო სახალისო რომ გახდეს, სტუმრები მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს. ფესტივალს გააფორმებენ მიმები და ოჩოფეხები. იქნება დრამერებისა და ცეცხლის შოუ.

"ვფიქრობთ რომ შარშანდელმა ფესტივალმა ყველა კმაყოფილი დატოვა, როგორც ღვინის კომპანიები, ასევე სტუმრები. წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა კი აუცილებლად მოგვწერონ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival" - განმარტავს ფესტივალის პროექტის მენეჯერი ანანო თავხელიძე.

ღონისძიება 13 ოქტომბერს შერდენზე 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. როგორც შარშან, ასევე წელს ორგანიზატორები ძალიან ბევრ ტურისტს ელოდებიან. ერთ სივრცეში წარმოდგენილი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნიმუშები, მათ გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.