"ბიბლუსმა" სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" შეისყიდა - კვირის პალიტრა

"ბიბლუსმა" სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" შეისყიდა

რა ბედი ელის ამ ბრენდებს?

საქართველოში უმსხვილესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" შეისყიდა. როგორც "ბიბლუსში" განაცხადეს, "პეპელას" შეძენა არ გულისხმობს კომპანიების ერთ ბრენდში გაერთიანებას და სათამაშოების მაღაზია "პეპელა" კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს ბაზარზე საქმიანობას. მათივე ინფორმაციით, მძლავრი კომპანიების გაერთიანება ორივე ბრენდს მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს."უკვე დაგეგმილია "პეპელას" ქსელის გაფართოება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მრავალფეროვანი გახდება პროდუქციაც. მომხმარებელს კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე ელოდება, რასაც ეტაპობრივად შეიტყობს.

წიგნის მაღაზიათა ქსელის, "ბიბლუსის" გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე:

- კომპანია "პეპელასა" და "ბიბლუსს" დიდი ხნის პარტნიორობის ისტორია გვაქვს. "პეპელა" ბაზარზე ცნობილი ბრენდია, რომელსაც მეტი შანსი და შესაძლებლობა აქვს, რომ უფრო ეფექტიანად განვითარდეს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა მნიშვნელოვანი საუბარი ამ თემაზე. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა გაძლიერებულიყო ჩვენი პარტნიორობა ისე, რომ კომფორტული და საინტერესო ყოფილიყო როგორც საზოგადოებისათვის, ასევე ჩვენთვის. შევთანხმდით, რომ საუკეთესო გზა იქნებოდა, თუ "ბიბლუსი" "პეპელას" გამოცდილებას გაუზიარებდა და თანამშრომლობა ერთიანი მენეჯმენტით გაგრძელდებოდა. იდეა საინტერესო აღმოჩნდა "პეპელას" განვითარებისთვის და გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ამასთან, პროექტის ინვესტიციებზე ზრუნვა ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდანვე დავიწყეთ, კონსულტაციების სხვადასხვა მიმართულება გავიარეთ და საბანკო კრედიტზე შევჩერდით, რითაც კომპანიის 100%-იანი წილი შევისყიდეთ.

- "პეპელა" ცნობილი ბრენდია. რა შეიცვლება მისთვის "ბიბლუსის" მფლობელობაში გადასვლის შემდეგ? - "პეპელა" გააგრძელებს ჩვეულ საქმიანობას ერთიანი მენეჯმენტის ფარგლებში და დარჩება როგორც დამოუკიდებელი ბრენდი თავისი გუნდით. ამასთან, ის კიდევ უფრო განვითარდება და გაიზრდება. გაიხსნება მისი ახალი ფილიალები რეგიონებში. შეიცვლება ის, რომ "ბიბლუსის" წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე, "პეპელას" ამ პროცესში ექნება აქტიური მხარდაჭერა ბაზარზე. გაჩნდება ახალი სინერგიები, რაც ხელს Eშეუწყობს მის კიდევ მეტ პოპულარობას.

ჩვენ ვგეგმავთ ასორტიმენტისა და ლოკაციების გამრავალფეროვნებას. შევეცდებით "პეპელას" მაღაზიათა ქსელი ისეთივე ხელმისაწვდომი გახდეს მთელი საქართველოსთვის, როგორიც წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" ქსელია. Aამასთან, შევინარჩუნებთ "პეპელას" პროდუქციის მაღალ ხარისხს, რითაც ის აქამდეც ცნობილი იყო ბაზარზე.

- რა არის ის, რაც გამოარჩევს მაღაზიათა ქსელ "პეპელას" კონკურენტებისგან? - უმნიშვნელოვანესი ნიუანსია სათამაშოების წარმოშობა და ხარისხი, რაც ბაზარზე დღემდე პრობლემურია. ამიტომაც ჩვენი პრიორიტეტია საიმედო პროდუქციის რეალიზაცია. ხარისხი და უსაფრთხოება "პეპელას" ქსელისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო და ამ მიმართულებას აუცილებლად შევინარჩუნებთ. ქსელში შემოსული სათამაშოები ჯანმრთელობისთვის კვლავაც უსაფრთხო და საიმედო იქნება. გარდა ამისა, შევეცდებით ხარისხის დაცვით ყველაფერი მოვაქციოთ იმ საფასო კატეგორიაში, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 59 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო და თანამედროვე სავაჭრო ქსელი. მაღაზიათა ქსელი "პეპელა" კი 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. "პეპელა" აქცენტს ხარისხიან ლიცენზირებულ პროდუქციაზე აკეთებს. ამჟამად იგი სათამაშოების ბიზნესსექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. დღეისათვის აერთიანებს 10 ფილიალს, მათგან 9 თბილისში მდებარეობს, ხოლო 1 - ბათუმში.