ქართული ღვინო და გაცოცხლებული ძველი თბილისი - კვირის პალიტრა

ქართული ღვინო და გაცოცხლებული ძველი თბილისი

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" წელს სტუმრებს განსაკუთრებულად მასპინძლობს

მოძრაობის თეატრის მსახიობები, მიმები, ოჩოფეხები, დრამერები, ცეცხლოვანი შოუ, ქართული ფოლკლორი და რაც მთავარია, ქართული ღვინო - ეს "ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის მცირე ნაწილია, რომელიც სტუმრებს 13 ოქტომბერს შარდენზე, სიონის ქუჩაზე ელოდება. ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბურია. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობენ და ქმნიან ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, რომლებსაც "ქართული ღვინის ფესტივალზე" წარადგენენ.

შორენა ზუბიაშვილი, მსახიობი და Art Shock Company-ს დამფუძნებელი:

-"ჩვენ ვართ პანტომიმისა და დრამის მსახიობებისგან შემდგარი ჯგუფი და წელს სტუმრებს განსაკუთრებულ შოუს ვპირდებით - გმირები და პერფომანსი სპეციალურად ამ დღისთვის იქმნება. მიმები წარმოდგენილი იქნებიან არა ტრადიციული თეთრი გრიმით, არამედ სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი გრიმითა და კოსტიუმებით. სტუმრების გამხიარულებაზე იზრუნებენ ოჩოფეხები, იქნება გოგოსა და ბიჭის ცოცხალი ქანდაკებები, რომლებიც ყურძნის, ვაზისა და ბახუსის საინტერესო სინთეზს წარმოადგენენ. ფესტივალს დაასრულებს ცეცხლოვანი შოუ. მოკლედ, სტუმრებს არაჩვეულებრივ, განსხვავებულ და ორიგინალურ სანახაობას ვპირდებით. გასული წლისგან განსხვავებით უამრავ სიახლეს შევთავაზებთ.

იოსებ ბაკურაძე, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: - "ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის"პარტნიორები ვართ, რაც ჩვენთვის მეტად საპატიოა. 13 ოქტომბერს ღონისძიებაზე ჩვენი 10 მსახიობი იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტრადიციული სამოსით. ისინი ხალხში ისეირნებენ და სტუმრებს შთამბეჭდავ სანახაობას შესთავაზებენ. ვეცდებით ძველი თბილისი გავაცოცხლოთ...

ანანო თავხელიძე, ფესტივალის პროექტის მენეჯერი:

- წელს "ქართული ღვინის ფესტივალი" უკვე მეორედ იმართება. სტუმრებს საინტერესო პერფომანსისა და ქართული ღვინის დაგემოვნების გარდა, მრავალფეროვანი ქართული პროდუქციის დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული პური, ჩურჩხელა და ჩირი. ქართული ყველის კომპანიები საუკეთესო ნაწარმს შესთავაზებენ სტუმრებს... შარშანდელმა ფესტივალმა ყველა კმაყოფილი დატოვა, როგორც ღვინის კომპანიები, ასევე სტუმრები. წელს პროგრამა უფრო მრავალფეროვანი იქნება. ფესტივალში საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია მონაწილეობს და შარშანდელი ფესტივალისგან განსხვავებით, მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იქნება ჭაჭაც. მონაწილეობის მიღების მსურველებმა აუცილებლად მოგვწერონ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე: "ქართული ღვინის ფესტივალი" • Georgian Wine Festival.