"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" - დიდი სტუმრიანობა შარდენზე - კვირის პალიტრა

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" - დიდი სტუმრიანობა შარდენზე

"ფესტივალზე კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა შეიყვარა ქართული ღვინო"

"მიყვარს ვენახი, ხევანი, ხშირი სმა, ხილის ძლევანი./ყურძნისა მწიფე ტევანი, ტკბილის ხმა, ღვინის ლევანი".

"ღვინის ლევანთაგან" ზოგს მშრალი ღვინო მოსწონს, ზოგს - ნახევრად მშრალი, ქალბატონების უმრავლესობას - ტკბილი, ზოგს - ნახევრად ტკბილი, აი, ჩემ გვერდით მდგომს კი აშკარად ქარვისფერი ღვინო ხიბლავს... 13 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეეძლო, უამრავ სახეობას შორის სასურველი, ყველაზე დახვეწილი და განუმეორებელი გემოს ღვინო ამოერჩია, იმიტომ, რომ ამ დღეს აქ "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გაიმართა, რომელზეც მეღვინეებმა, ღვინის მოყვარულებმა და ვაზის ქვეყანაში სამოგზაუროდ ჩამოსულმა ტურისტებმა მოიყარეს თავი.

წლევანდელი ღვინის ფესტივალი, რომელიც ონლაინმაღაზია და მედიაპორტალ ალლწინე.გე-სა და "მეიდან ჯგუფის" ინიციატივით გაიმართა, გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო.

ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. "თბილისში, მეიდანზე, უკვე დამკვიდრდა ღვინის ფესტივალის ჩატარება. ჩვენ თავდაპირველად ღვინის დღე აღვნიშნეთ, შემდეგ ღვინის კვირეული ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ წლევანდელი ღვინობისთვე, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს როგორც თბილისში, ისე - საქართველოს სხვადასხვა მხარეში," - განაცხადა მან.

პირველი ჰანგებიც გაისმა. აბა, რა იქნებოდა აქაურობა "მრავალჟამიერის" გარეშე! გამოფენა-გაყიდვასთაAნ ერთად მიმდინარეობს დეგუსტაციაც. მოედნის ცენტრში ღვინის შადრევანი ჩუხჩუხებს და ირგვლივ დამათრობელ სურნელს აფრქვევს. აქეთ ტრადიციულ ქართულ პურს, ყველს, ჩურჩხელას, ჩირს, თაფლს გვთავაზობენ. ქეიფი ეშხში შედის. "ქუდი გვერდზე დაგიხურავს... ჰარალალი-ჰარალალო"... - დასჭექეს სცენიდან.

ფესტივალის ორგანიზატორებს სტუმართათვის რამდენიმე ადგილი მოუწყვიათ: ერთგან დიდი კომპანიები სთავაზობენ თავიანთ პროდუქციას სტუმრებს, მეორეგან ხელნაკეთი აქსესუარები იყიდება. აი, ფესტივალის უცხოელ სტუმარს უკვე შეუძენია ერთი სასაჩუქრე ხუთბოთლიანი შეკვრა პროექტიდან "10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ". ხალხის ნაკლებობას არც "პალიტრა L"-ის კუთხე უჩივის, სადაც ღვინის, ვაზისა და ქართული კულინარიის შესახებ არაერთი გამოცემაა წარმოდგენილი. ყველგან შემოდგომის ნობათით სავსე მაგიდები დგას; სცენის მარცხნივ ქართული პროდუქტისა და სანელებლების გამოფენა-გაყიდვა გამართულა. გეზს მცირე მარნების წარმომადგენლებისკენ ვიღებ, რომელთაც ცალკე მოედანი აქვთ დათმობილი: "სტუმრებს საფერავსა და რქაწითელს ვთავაზობთ, რომელსაც ბოლნისის მონასტერში, ქვევრში ვაყენებთ. მესამე წელია, რაც წარმოება დავიწყეთ. ეს ფესტივალი მცირე მეწარმეებს ეხმარება ტრადიციების შენარჩუნებაში; ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ... როცა ასეთი ურთიერთობა და სიყვარულია, მაშინ ღვინოც უფრო გემრიელია!"

"ქვევრის გარდა, კასრის ღვინოსაც ვთავაზობთ სტუმრებს. ჩვენს ღვინოს ნატურალური ღვინის სერტიფიკატი მიენიჭა".

"ოცხანური საფერე და კრახუნა გვაქვს ჩამოტანილი. საოცარი ღვინოებია, ვინც გასინჯავს, არ ინანებს. ისეთი ცნობილი არ არის, მაგრამ ეს ფესტივალიც ხომ ამისთვისაა - გაგვიცნობენ და შეგვიყვარებენ!"

ფესტივალზე გამოტანილი პროდუქციისა არ იყოს, პროგრამაც მდიდარი და მრავალფეროვანია - მოძრაობის თეატრის მსახიობების პერფორმანსი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ფოლკლორული ნომრები ანსამბლების "ნანინას", "ოდა ბადეს", "ნართების", "მართვესა" და სხვათა შესრულებით. შთამბეჭდავია დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუ. აქაურობას განსაკუთრებულ განწყობასა და ხალისს მოძრაობის თეატრის მსახიობები სძენენ, რომელთაც გასული საუკუნეების რეალობა გაუცოცხლებიათ - დააბიჯებენ ბანოვანები, ყარაჩოხელები, ძველთბილისურ კოლორიტს ამზეურებენ და ღონისძიებას სულ სხვანაირ შნოსა და ლაზათს მატებენ.

"ღვინო ეუბნება პურსა: რატომ მე არ მიგდებ ყურსა?/ მე და შენ რომ სუფრას გავშლით, ვერავინ ვერ დაგვდებს წუნსა!" - ეუბნება თეთრჩოხიანი რაინდი ჯინსიანს და ისიც გულიანად უჭახუნებს ჭიქას.

ფესტივალის სტუმრები გულღიად გვიზიარებენ ემოციებს. "შესანიშნავი ღონისძიებაა. ძალიან მომეწონა ხვანჭკარა, საფერავი, რქაწითელი, ოცხანურის საფერე, ქვევრის ღვინოებიც მომწონს," - მეუბნება ჭროღათვალება ტურისტი ავსტრიიდან.

"ჩვენ დონის როსტოვიდან ვართ. გვიყვარს ქართული ღვინოები. ყველაზე მეტად მოგვწონს ხვანჭკარა, მუკუზანი, ქინძმარაული. რა კარგია, ასეთ შესანიშნავ პერიოდში რომ მოგვიწია საქართველოს სტუმრობამ".

"ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა, საოცარი ხალხით, ბუნებით, ფოლკლორით, სტუმარმასპინძლობით. არც მახსოვს, ასეთი ღვინო ოდესმე თუ გამისინჯავს. აღარ მინდა აქედან წასვლა," - ამბობს ჰოლანდიელი ჯონი.

როგორც იქნა, ფესტივალის ორგანიზატორიც მოვიხელთეთ სასაუბროდ.

ანანო თავხელიძე: "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" შარდენზე უკვე მეორედ გაიმართა. გვიხარია, რომ ხალხმრავლობა და საზეიმო განწყობაა. ფესტივალს ყოველწლიური ხასიათი მიეცა. სტუმრებს თავიანთ პროდუქციას 12 მცირე მარანი აცნობს, ამ დიდ ზეიმში კიდევ 50-მდე სხვადასხვა კომპანია მონაწილეობს. გვიხარია, რომ სტუმრები კმაყოფილი არიან. დღეს კიდევ ბევრმა ადამიანმა შეიყვარა ქართული ღვინო."

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018"-ის" პარტნიორები არიან მოძრაობის თეატრი, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ART Shok Company. ფესტივალის მედიამხარდამჭერები "პალიტრანიუსი", რადიო "პალიტრა", ambebi.ge, events.ambebi.ge, ipn.ge,, "კვირის პალიტრა", kvirispalitra.ge, georgianjournal.ge, allnews.ge, reitingi.ge. არიან.

ღვინის საუცხოო სურნელისგან მზესაც თავბრუ დახვევია, ღრუბლების მოჰფარებია და თვალები მიულულავს...

დღე თვალის დახამხამებაში გაილია. "ქართული ღვინის ფესტივალი 2018" ერთი წლით დაგვემშვიდობა.