თქვენ გელით მოგზაურობა 12 კლასიკოსის საბავშვო სამყაროში - კვირის პალიტრა

თქვენ გელით მოგზაურობა 12 კლასიკოსის საბავშვო სამყაროში

"სერია "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ძალიან ცნობილ მწერლებს სულ სხვა რაკურსით დაგვანახებს"

მშობლებისა თუ პედაგოგებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება კითხვა - როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავაძალოთ და ისეთი წიგნი შევურჩიოთ, რომელიც მათ დააინტერესებს, ცნობისმოყვარეობას აღუძრავს და კითხვა ვალდებულებად კი არა, სასიამოვნო პროცესად ექცევათ. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, რომელიც მუდმივად ანებივრებს მკითხველს, საქმე ამჯერადაც გაგვიმარტივა და ხანგრძლივი მუშაობის (ბავშვებისა და მშობლების გამოკითხვით, ფსიქოლოგებსა და პედაგოგებთან კონსულტაციით) შემდეგ გამოსცა წიგნების სერია "კლასიკოსები ბავშვებისათვის", რომელშიც მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებს მოუყარა თავი. სერიის პირველი წიგნი 19 ნოემბერს იხილავს დღის სინათლეს. ახალი სერია 12 წიგნად გამოვა და 12 ავტორის შემოქმედებას გააერთიანებს. გამოცემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური მოგვაწვდის:

- სერიაში "კლასიკოსები ბავშვებისთვის" შედის მსოფლიოში ცნობილი მწერლების ის ნაწარმოებები, რომლებიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს. სერია განსაკუთრებულია, რადგან საქმე გვაქვს იმ ავტორებთან, რომლებიც არ ითვლებიან საბავშვო მწერლებად, შესაბამისად, ორმაგად საინტერესოა, გავეცნოთ მათი შემოქმედების იმ ნაწილს, რომელიც ბავშვებს მიუძღვნეს. სწორედ ასეთი ნაწარმოებები შევკრიბეთ და გავაერთიანეთ ერთ სერიაში.

- კონკრეტულად რომელი მწერლების ნაწარმოებები შევა ამ სერიაში?

- სერიაში "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ძალიან საინტერესო და გამორჩეული ავტორები მოხვდნენ: ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი. ამ მცირე ჩამონათვალითაც კი ადვილად მიხვდება მკითხველი, თუ როგორი მაღალი დონის მწერლების საბავშვო ნაწარმოებებს ვთავაზობთ. ზოგიერთი შემთხვევა ნამდვილი აღმოჩენა იყო. მაგალითად,

მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ფოლკნერის საბავშვო ნაწარმოებების არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვებზე უკეთ იცნობენ მის შემოქმედებას.

ეს სერია გამორჩეული იქნება სწორედ იმით, რომ ძალიან ცნობილ მწერლებს სულ სხვა რაკურსით დაგვანახებს. შესაბამისად, ეს წიგნები დააინტერესებს ყველა თაობის წარმომადგენლებს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს წიგნები არის საგანგებოდ ილუსტრირებული, ასევე საგანგებოდ შევარჩიეთ მთარგმნელები და ვფიქრობთ, მკითხველი ძალიან კმაყოფილი დარჩება. სერია კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი პირველად ითარგმნა ქართულად.

- სად და რა ფასად შეიძლება თითოეული წიგნის შეძენა?

- წიგნების შეძენა მკითხველს შეუძლია თვეში ერთხელ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების პუნქტებში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. პირველი წიგნი 19 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, მისი სპეციალური ფასი 13.50 ლარია, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.