ევროკავშირის შრომის სტანდარტები თანაბრად მიემართება კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, აცხადებს ეკატერინე ქარდავა - კვირის პალიტრა

ევროკავშირის შრომის სტანდარტები თანაბრად მიემართება კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, აცხადებს ეკატერინე ქარდავა

ევროკავშირის შრომის სტანდარტები ასახავენ მინიმალურ მოთხოვნებს და თანაბრად მიემართება კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, აცხადებს სამართლის დოქტორი ეკატერინე ქარდავა.

2018 წლის ოქტომბერში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა დ ასოციაციის „ევროპის დროით“ ორგანიზებით, სამართლის დოქტორის ეკატერინე ქარდავას მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე გამოიცა ბუკლეტი სახელწოდებით „ევროკავშორის შრომის დირექტივების ასახვა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში“. კვლევა ეხება შრომითი ურთიერთობების სფეროში ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და ტენდენციებს. ხაზგასმულია ფაქტი, რომ ევროკავშირის დირექტივების დებულებები და ევროპული შრომის სტანდარტები თანაბრად მიემართება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს. ამდენად,

- თუ საჯარო მოხელეს აქვს უფლება ორსულობის გამო აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვალოს საპატიოდ და აუნაზღაურდეს, იგივე სტანდარტით უნდა სარგებლობდეს კერძო სექტორში დასაქმებული;

- თუ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დარეგულირებულია კვირის განმავლობაში დასვენების დღეების საკითხი, საქართველოს შრომის კოდექსიც უნდა არეგულირებდეს კვირის განმავლობაში დასაქმებულისათვის დასვენების უფლების ასპექტს;

- თუ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით მოწესრიგებულია ნახევარ-განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა, საქართველოს შრომის კოდექსიც იგივე სტანდარტს უნდა სთავაზობდეს კერძო სექტორში დასაქმებულ პირს.

კვლევის შედეგები ბუკლეტის სახით დაეგზავნა ყველა პარლამენტის წევრს, იუსტიციის მინისტრს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

იხილეთ ბუკლეტი

(R)