ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს - კვირის პალიტრა

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ანაკლიის პორტის ტერიტორიას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა, მათ შორის ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, იაპონიის, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის, ასევე გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ანაკლიის პორტის მიმდინარე მშენებლობა და ზღვის ფსკერიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ამოტუმბვის მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერეს.

ელჩებს ანაკლიის პორტში პროექტის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და პორტის მენეჯმენტმა უმასპინძლეს. გემის, "ათენას“ დათვალიერების შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

"პირველად ვარ ანაკლიაში და ბედნიერი ვარ, რომ დეტალურად შევიტყვე ამ უნიკალური და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. თუმცა, ვფიქრობ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის იაპონიისთვის. მჯერა, რომ ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდება და იაპონია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროექტში“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ.

"ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე უკვე მეხუთედ ვარ და ძალიან შთამბეჭდავია ეს პროგრესი რაც პორტის მშენებლობამ გაიარა. დღეს ამაყი ვარ, რადგან ეს ["ვან ოორდის“ გემი "ათენა“] ჩვენი გემია. მიხარია, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებ, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება. სამომავლოდ კი ჩვენმა ქვეყანამ ანაკლიის პორტისგან სარგებელიც უნდა მიიღოს - ჩვენ ყველაზე დიდი პორტი გვაქვს და ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები ვიქნებით. ასევე, ერთად ვიმუშავებთ ლოგისტიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში იოჰანეს დოუმამ.

"ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და უკვე მეორედ ვსტუმრობ ახალი პორტის მშენებლობის პროცესს. ძალიან საინტერსოა მისი განვითარება, ის ტექნოლოგიები, რასაც მისთვის იყენებენ და პროექტის კონცეფცია. მიხარია, რომ საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში ამუშავდება“, - განაცხადა რუმინეთის ელჩმა საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბამ.

"მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ანაკლიის პორტის მიმართ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ელჩებთან, მათ დაათვალიერეს მშენებლობის პროგრესი და მიმდინარეობა, ეწვივნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამაღრმავებელ გემს, რომელიც ჩვენთან მუშაობს“, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები ოცდაოთხსაათიან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

"მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა "ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. მიმდინარე სამუშაოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია "ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა "ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი, რომელთა ჯამური სიგრძე 2 436 510 მეტრს შეადგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.