საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფონდი "კონსტანტა" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფონდი "კონსტანტა" განცხადებას ავრცელებს

დღეს ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე. წინა საარჩევნო პერიოდის ვნებათაღელვას აძლიერებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მკვეთრად განსხვავებული მიდგომა საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ. წინა ხელისუფლების უსამართლო ქმედებებით დაზარებული მოსახლეობა იმედგაცრუებულია სამართლიანობის აღდგენისადმი არსებული ხელისუფლების მიდგომით. თუმცა კიდევ არის იმედი, რომ ამ საკითხებს და მათ შორის საკუთრების უფლების აღდგენასაც, ჯეროვანი ყურადღება მიექცევა.

საკუთრების უფლების შელახვასთან დაკავშირებით უამრავი გახმაურებული თუ გაუხმაურებელი ფაქტი არსებობს, რომელიც ცხადყოფს, რამდენად არამართლზომიერი იყო წინა ხელისუფლების ქმედებები ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართ. ადგილი ქონდა სისტემურ დანაშაულებს, რაც ვლინდებოდა სხვისი ქონების უკანონო ჩამორთმევით, ბიზნესმენთა და მათ ოჯახებზე განხორციელებული ზეწოლით. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ფონდი კონსტანტა, რომლის მიმართაც მაშინდელმა ხელისუფლებამ მზაკვრული გეგმა განახორციელა. 2011 წლის 18 მარტს ფონდ კონსტანტასა და ბანკი კონსტანტას სხვა აქციონერებს, პროკურატურამ ზეწოლისა და პირდაპირი მუქარის შედეგად ღამის საათებში იძულებით დაათმობინა ბანკის აქციების 80%. შედეგად, დღეს აღარ არსებობს მზარდი ფინანსური ინსტიტუტი - ბანკი კონსტანტა, დაზარალდნენ აქციონერები და ბანკის თანამშრომლები, გაქრა 2000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, გაჩნდა სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნისა და კანონიერი უფლებების დაცვის იმედი. წინა ხელისუფლების მრავალი მსხვერპლის მსგავსად, ფონდის ხელმძღვანელობამაც მიმართა სასამართლოს და პროკურატურას, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. პროცესი დაიძრა, თუმცა ნელი ტემპით და ნაკლები ობიექტურობით. არადა თითქოს მარტივია, ხელისუფლებამ შეასრულოს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ფონდი კონსტანტა და წინა რეჟიმის სხვა მრავალი მსხვერპლი აღიდგენს კანონიერ უფლებებს.

გაჭიანურებული და არაობიექტური პროცესების მიუხედავად, ფონდის ხელმძღვანელობას, სხვა დაზარალებულთა მსგავსად, სჯერა, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნებითა და მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულებით უახლოეს მომავალში დაიწყება რეალური ქმედებები, რომელიც დაასაბუთებს სახელმწიფოს მზადყოფნას, დაიცვას თავისი მოქალაქეები ფსიქოლოგიური, მორალური თუ ფინანსური ზეწოლისაგან. თავის მხრივ, საპრეზიდენტო არჩევანისას გაკეთებული გონივრული გადაწყვეტილება ქვეყანას განვითარების სწორ გზაზე დააყენებს. საქართველოს მოსახლეობა უდაოდ იმსახურებს მშვიდ, სამართლებრივად დაცულ, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასა და საქმიანობას.

(R)