წიგნები, რომლებიც ახალ 2019 წელს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ - კვირის პალიტრა

წიგნები, რომლებიც ახალ 2019 წელს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

წიგნები, რომლებმაც ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანების ცხოვრება შეცვალეს, აუცილებლად შეცვლიან თქვენს ცხოვრებასაც. ახალ წელს ყველა ახალი მოლოდინით ხვდება და სურს, ის გაცილებით უკეთესი იყოს, ვიდრე გასული წელი. ამისათვის კი წარმატების მიღწევა ბედს ან სხვა საშუალებებს კი არ უნდა მივანდოთ, არამედ თვითონ დავგეგმოთ. დიახ, დავგეგმოთ, დავისახოთ მიზნები, მოვიფიქროთ, გავთვალოთ თითოეული ნაბიჯი, ახლებურად დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობები და ნელ-ნელა, მოთმინებით დავიწყოთ სვლა აღმავლობისაკენ.

"ბიბლუსმა" თქვენთვის ასეთი 5 წიგნი გამოარჩია, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 2019 წელს, რათა მომავალ წელს სიახლეებით შეხვდეთ. მათი გაცნობის შემდეგ, თქვენი წარმოდგენა ბევრ რამეზე შეიცვლება და გაგიჩნდებათ მოტივაცია, თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები შეიტანოთ, რა ასაკშიც უნდა იყოთ, და სასურველი მიზნისკენ გადადგათ ნაბიჯები.

ნინი ჯაფარიძე, "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სწორედ ამ წიგნების შესახებ გვესაუბრება:

აინ რენდი - "ატლანტმა მხრები გაშალა"

- ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, აინ რენდის "ატლანტმა მხრები გაშალა" მეორე ადგილზე გავიდა იმ წიგნებს შორის, რომელთაც ამერიკელების პირად ცხოვრებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს და ის მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩა. აინ რენდის იდეებმა ძლიერი გავლენა იქონია მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე, განსაკუთრებით კი ლიბერტარიანელებზე. ბევრი მსხვილი კორპორაციის ტოპმენეჯერი რომანს "ატლანტმა მხრები გაშალა" თავის სამაგიდო წიგნად ასახელებს. ის მოგცემთ მოტივაციას იმისთვის, რომ არსებული შეცვალოთ, საკუთარ თავში ძალა იპოვოთ და სასურველ მიზნებს მიაღწიოთ. უნდა აღინიშნოს, რომ "ატლანტმა მხრები გაშალა" ცნობილი ჟურნალისტის ოპრა უინფრის სამაგიდო წიგნია, რომელიც გამორჩეულად უყვარს.

ნაპოლეონ ჰილი - "იფიქრე და გამდიდრდი"

- წიგნი გონივრული გადაწყვეტილებების მიღებასა და უნარიანი, ჭკვიანი ადამიანების რჩევებისგან სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ, რათა ეფექტიანად მართოთ თქვენი საქმიანობა.

წიგნი 20 წლის განმავლობაში იქმნებოდა და ეყრდნობა 500 უმდიდრესი ამერიკელის გამოცდილებას. წიგნი დაგეხმარებათ იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც წარმატების მიღწევაში გიშლიან ხელს.

დეილ კარნეგი - "წარმატების ენა"

- ამ წიგნის საშუალებით თქვენ ახლებურად შეხედავთ თქვენს ცხოვრებასა და გარშემო მყოფთ. თქვენ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს, სიცოცხლითა და სამსახურით გახარებას, დაღლილობისა და მოუსვენრობის თავიდან აცილებას, კოლეგებთან ურთიერთობების აწყობას. ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გახდებით სრულიად სხვა ადამიანი, რომლის წინაშეც ყველა შესაძლებლობა იქნება გახსნილი. არ დაგეზაროთ ამონარიდების გაკეთება, ან თუნდაც წიგნში ჩანიშნეთ ის ფრაზები და რჩევები, რომლებიც მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ, რადგან თუ კარნეგის რჩევებს მიჰყვებით, ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას. "წარმატების ენა" ბიზნესმენ ბილ გეითსის ერთ-ერთი რჩეული წიგნია.

აინ რენდი - "პირველწყარო"

- მწერალი აინ რენდი ნაკლებადაა ცნობილი საქართველოში, თუმცა დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, იგი უაღრესად პოპულარულია. წიგნი დღემდე ბესტსელერთა სიაშია და 6,5 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია გენიალური ახალგაზრდა არქიტექტორი ჰაუარდ რორკი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, გახდეთ უფრო მეტი, ვიდრე ხართ, და მიაღწიოთ უფრო მეტს, ვიდრე მიგიღწევიათ. "პირველწყარო" აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას ერთ-ერთი რჩეული წიგნია.

ბრაიან თრეისი - "აკოცე ბაყაყს"

- ბრაიან თრეისის არაჩვეულებრივ წიგნში მოქცეულია ის 12 მშვენიერი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ უარყოფითი დადებითად ჩვენს ცხოვრებასა და სამსახურში. წიგნი გთავაზობთ პრაქტიკულ, აპრობირებულ სტრატეგიას იმისთვის, რომ აქციოთ ნეგატიური ბაყაყები პოზიტიურ პრინცებად. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თითოეულ სირთულეს მარტივად შეხედავთ, რაც უდავოდ დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში. "აკოცე ბაყაყს" თანამედროვე სპიკერებისა და მოტივატორების ერთ-ერთი რჩეული წიგნია. მათ შორისაა მწერალი ელიფ შაფაქი. ის ხშირად ამბობს, რომ ყურს უგდებს ბრაიან თრეისის რჩევებს, რომლებიც მის წიგნშია თავმოყრილი.

თამთა დადეშელი