კულტურის ახალი პრემია საქართველოში - კვირის პალიტრა

კულტურის ახალი პრემია საქართველოში

პრემიის შექმნის საფუძველია, ის რომ გვსურს დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათი ნამუშევრები იმსახურებენ ყურადღებას, რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში - "პრემია იკა", რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. "პრემია იკა" ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით პრემია "იკა" თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოვებს მათ.

პრემია "იკა" - ეს არის:

• ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია;

• ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება;

• ახალი, თანამედროვე კულტურული პლათფორმა.

პრემიის მიზნებია: ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა; ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება; ახალგაზრდა არტისტების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია; გამარჯვებული ნომინანტებისთვის შემდგომ საქმიანობაში ხელშეწყობა .

ნომინაციები: (პრემია იკა გაიცემა კულტურის სფეროს 8 ნომინაციაში)

- ილუსტრაცია;

- პოსტერის/პლაკატის დიზაინი ;

- მხატვრობა;

- კინო;

- ფოტოგრაფია;

- ლიტერატურა;

- მუსიკა;

- ხელნაკეთი ნივთი.

როგორ ვპოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს ?

ყველა ნომინაციისთვის, პრემიის გარშემო შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენი მათ - პრემია იკას "კულტურის ატაშეები" ვუწოდეთ. ესენი არიან უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები , მწერლები, კინემატოგრაფისტები , მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს. კულტურის ატაშეები ადგენენ პოტენციური კანდიდატების სიას, რომელიც შემდგომში ეგზავნება 8 ადამინისგან შემდგარ ჟიურის, რომელთა გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ცერემონიაზე სადაც გამოვლინდება ყველა ნომინაციაში გამარჯვებული 1 კანდიდატი. ჟიური ცნობილი ხელოვანების და შემოქმედი ადამიანებისგან შედგება . დროებით მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ჟიურის სრული შემადგენლობა ცბობილი გახდება ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე .

ვინ და როგორები არიან იკას პრემიის პოტენციური კანდიდატები? ესენი არიან - ახალგაზრა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი შემოქმედებითი, ორიგინალური ხედვა და პრინციპები. არიან დამწყებები, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში , მაგრამ ისინი ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობები არიან.

რატომ ჰქვია პრემიას იკა? პრემიას სახელი იკა კაკულიას საპატივცემულოდ ეწოდა. იკამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა შემოქმედებით ინდუსტრიაში და უზომოდ უყვარდა ხელოვნება სამწუხაროდ იკა 2016 წელს გარდაიცვალა, დღეიდან პრემია სწორედ მის სახელს ატარებს.

სოფო ბეგაშვილი იკას მეგობარი და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი:

"ამ პრემიის შექმნა ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია , ჩვენი ქვეყნისთვის და კულტურის სფეროს განვითარებისთვის.

ძალიან ბევრი ახალგაზრდაა რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა რომ საკუთარი შემოქმედება საზოგადოების ფართო მასებს წარუდგინოს, ახალგაზრდა ასაკში აუცილებელია რომ როგორც შემოქმედს გქონდეს იმის რწმენა რომ რასაც აკეთებ მნიშვენლოვანია და გაუზიარო შენი დამოკიდებულება სხვებსაც. ვფიქრობ რომ ეს პრემია სწორედ ამ მიზანს მოემსახურება, და ახალგაზრდა ხელოვანებს მისცემს საშუალებას რომ მათ შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს. "

გუკი ასათიანი იკას მეგობარი და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი:

"ამ პრემიას ჩვენ იკას მეგობრები და ის ადამიანები ვაკეთებთ რომლებისთვისაც იკა და მისი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, გვსურს რომ ასეთივე მნიშვნელოვანი გავხადოთ , ან მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ახალგაზრდა , დამწყები არტისტების ცხოვრებაში , ვუთხრათ რომ რასაც ისინი აკეთებენ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია და რომ ასე გააგრძელონ, რადგან ამ ქვეყანაში არის ხალხი, ვისთვისაც კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვანია."