რომლებიც ახალ 2019 წელს ბავშვებს ცხოვრებას გაულამაზებს - კვირის პალიტრა

რომლებიც ახალ 2019 წელს ბავშვებს ცხოვრებას გაულამაზებს

ახალი წლის დადგომას ჩვენი შვილები წლის განმავლობაში მოუთმენლად ელიან, საჩუქრები კი ამ დღეებს კიდევ უფრო განუმეორებელ ელფერს სძენს. ჩვენ შეგვიძლია შვილებს თუ ახლობლებს ისეთი საჩუქრები შევთავაზოთ, რომლებიც მათ არა მხოლოდ ამ დღეებს გაუფერადებს, არამედ ცხოვრებისთვისაც მოამზადებს. ასეთი საჩუქრები კი წიგნებია, რომლებსაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ი თქვენი შვილებისთვის ამზადებს.

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინი ჯაფარიძე: "ახალი წლის მოახლოება და იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა ვაჩუქოთ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს თუ ნათესავებს, ჩვენთვის ერთგვარი თავსატეხიც ხდება. მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ღირებულიც იყოს. სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, რომ წიგნი საუკეთესო არჩევანია, არ არსებობს მასზე ძვირფასი საჩუქარი, რომელსაც თუნდაც საახალწლოდ მივართმევთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. Mმისი მნიშვნელობა განუზომელია. წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, თანაც საახალწლოდ - როდესაც მშობელი საახალწლოდ ჩუქნის შვილს წიგნს, ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წიგნის მნიშვნელობას, ბავშვს წიგნს კიდევ მეტად აყვარებს და იმავდროულად, მის განვითარებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზეც ზრუნავს! გთავაზობთ იმ საბავშვო წიგნების სიას, რომელიც ტოპხუთეულში შედის და ბავშვებს საახალწლოდ უნდა ვაჩუქოთ".

წრიპა ბიჭის დღიური

ბავშვობა მართლაც ძნელია და ეს არავინ იცის გრეგ ჰეფლიზე უკეთ. იგი სკოლაში სწავლობს, სადაც პატარა ბიჭებთან ერთად ის"ზონზროხებიც დადიან, პირის პარსვა დღეში ერთხელაც რომ არ ჰყოფნით. მაგრამ "წრიპა" მშვენივრად ახერხებს ძალიან ყოჩაღი იყოს. როგორ? ამას "წრიპა ბიჭის დღიურიდან" შეიტყობთ. სწორედ ამიტომაც გახდა მსოფლიო ბესტსელერი, რომლის 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარი მსოფლიოს 90 ქვეყანაში გაიყიდა.

პატარა პრინცი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველა დროის ყველაზე პოპულარული ბესტსელერია, მისი ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. მას თავად გადახდა თავს აქ მოთხრობილი ამბები მარტოობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც დედამიწაზე ვარსკვლავებიდან ჩამოვარდნილი საყვარელი პატარა პრინცი ჰყვება, საყვარელი პრინცი, რომელიც ვარსკვლავებზე დაბრუნების შემდეგაც სამუდამოდ რჩება პატარების გულში.

კაპიტან გრანტის შვილები

სათავგადასავლო ლიტერატურის კლასიკოსის "რჩეულში" შესული შვიდი რომანი ბავშვებს საოცარი თავგადასავლების ხიბლს აზიარებს, ასაკოვნებს კი სიყმაწვილის წიგნებს გაახსენებს. ჟიულ ვერნის უცნაური ფანტაზიისა და განსწავლულობის წყალობით, მისი თხზულებების თავბრუდამხვევი ფანტასტიკა ნელ-ნელა რეალობად იქცა და ესეც საოცარია!

ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი

რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? რატომ ციმციმებენ ვარსკვლავები? რამხელა იბადება სპილოს შვილი? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ, ამ წიგნში კი პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული, რაც ბავშვებს ახარებთ და აკვირვებთ, წიგნის მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

ჩემი საიდუმლო წიგნაკი

ეს არის წიგნი, რომელიც ხშირად არის "ბიბლუსის" ბესტსელერებს შორის და რომლითაც განსაკუთრებით გოგონები აღფრთოვანდებიან. მათ შეუძლიათ აქ თავიანთი ყველა საიდუმლო ჩაწერონ, თანაც, საიდუმლო უხილავი მელნის კალმით, რასაც უბრალოდ, არაფერი შეედრება.