მაღაზია "ჯორჯიანი" - საქართველოს სავიზიტო ბრენდი ტურისტებისთვის - კვირის პალიტრა

მაღაზია "ჯორჯიანი" - საქართველოს სავიზიტო ბრენდი ტურისტებისთვის

"ჯორჯიანში" ტურისტებს დახვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული, ღვინო, წიგნები და ა.შ. წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის მრჩევლის, Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინო თავისივე სადეგუსტაციო კუთხით...

წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო და თავისი არსით უნიკალური ნაბიჯი გადადგა - დავით აღმაშენებლის #55-ში გახსნა პირველი ტურისტული მაღაზია "ჯორჯიანი", რომელიც ტურისტებს საუკეთესო ქართული პროდუქციის ბრენდებს სთავაზობს, ამასთან, აცნობს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის შემქმნელ ულამაზეს ქვეყანას.

როგორც წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" აცხადებენ, მაღაზია "ჯორჯიანის" გახსნა არა მხოლოდ ტურისტებისთვის ქართული პროდუქციის გაცნობას შეუწყობს ხელს, არამედ ეს კიდევ ერთი შანსი იქნება ქართველი მეწარმეებისთვის, რათა მათ პროდუქციას პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში გაეწიოს. "გვსურს ტურისტებმა საქართველოში სტუმრობისას მაქსიმალურად შეიგრძნონ ჩვენი ქვეყნის დადებითი მხარეები და იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც საქართველოში სტუმრობისას იღებენ, შეიძინონ ქართული ბრენდების მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ "ჯორჯიანი" ახალი გახსნილია, აქ წარმოდგენილი პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და მომავალში უფრო საინტერესო იქნება", - აცხადებენ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში". ასე რომ, მაღაზია "ჯორჯიანში" საქართველოს სტუმრებს დახვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული, ღვინო, წიგნები და ა.შ. წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის მრჩევლის, Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინო თავისივე სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალება მიეცემათ. რაც მთავარია, "ჯორჯიანი" არ იქნება ის ადგილი, სადაც მხოლოდ ტურისტებს შეეძლებათ ქართული კულტურის ნიმუშების ნახვა და შეძენა, ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა. "ბიბლუსში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახალგახსნილი მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. "ჯორჯიანი" მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმმა ადგილი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.

ნინი ჯაფარიძე, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "ვფიქრობთ, მაღაზია "ჯორჯიანი" გახდება პირველი გზამკვლევი თუ სავიზიტო ბარათი იმ უცხოელი სტუმრებისთვის, რომელთაც უნდათ ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, რათა განსაზღვრონ, საიდან უნდა დაიწყონ ჩვენი ქვეყნის გაცნობა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ უძველესი და უახლესი ისტორიის ბრენდების ქვეყანაც არის. სწორედ ამ მიზნით იქნება წარმოდგენილი მაღაზია "ჯორჯიანში" თითქმის ყველა ქართული ეროვნული ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს კულტურასა და ისტორიაზე, არამედ ჩვენს ხასიათსა და ყოფა-ცხოვრებაზეც იძლევა ინფორმაციას - დაწყებული ღვინითა და ქართული თაფლით, დამთავრებული ქართული სუვენირებითა და ქართული ეროვნული სამოსით. ვფიქრობთ, ჩვენი უცხოელი სტუმრები უპირველესად ამ ადგილას უნდა მივიყვანოთ - აქ ხომ პატარა საქართველო იქნება წარმოდგენილი! გარდა ამისა, მაღაზია "ჯორჯიანი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას: უცხოელები დარწმუნდებიან, რომ ქართული ბრენდები, რომლებიც შესაძლოა ისე არ არის პოპულარული, როგორც ცნობილი უცხოური ბრენდები, ამ უკანასკნელებს არაფრით ჩამოუვარდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მათზე ეფექტურიც კი იყვნენ, მაგალითად, ქართული ღვინო ან თაფლი. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი მწარმოებლები "ჯორჯიანში" ახალ და საინტერესო ბრენდებს წარადგენენ".

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" საქართველოს მასშტაბით 60 წიგნის მაღაზიას აერთიანებს. მათთან ერთად კაფე "პიატოს" არტისა და კრაფტის სახელოსნოს, "ბიბლუსი გალერეებს" და ახლა უკვე "ჯორჯიანს", რომელიც მზადაა მოემსახუროს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს.