აგროსესხების აღების პირობები და რჩევები ფერმერებს - კვირის პალიტრა

აგროსესხების აღების პირობები და რჩევები ფერმერებს

სოფლის მეურნეობის განვითარება, მცირე თუ მსხვილი ფერმერების დახმარება სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც საკმაოდ რთულად მისაღწევია. სახელმწიფო ამ მიმართულებით საერთაშორისო დაფინანსების მიღებას ცდილობს და იმავდროულად, თავადაც ახორციელებს თანადაფინანსებისა და სუბსიდირების პროექტებს. მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორის ჩართულობაც, რომელმაც უნდა იკისროს აგროსექტორის პასუხისმგებლიანი დაფინანსება.

"აგროსესხების გაცემისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მცირე ფერმერებს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა შევუქმნათ, ეს ყველაფერი პასუხისმგებლიანად უნდა მოხდეს, რათა მსესხებელმა შეძლოს წარმატებით საქმიანობა. მნიშვნელოვანია რეინვესტირების საკითხიც. ფინანსურმა ორგანომ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა სესხის გაცემის დროს და მაქსიმალურად ეცადოს, რომ მსესხებელი დეფოლტის წინაშე არ დადგეს~, - განმარტავს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ღვალაძე.

- როდის შეიქმნა MBC და როგორია მისი განვითარების გზა?

- ჩვენი კომპანია 2012 წელს დაფუძნდა, ოფიციალურად კლიენტებისთვის კი ჩვენი კარი 2013 წლის 14 თებერვალს გაიღო. მაშინ კომპანიაში 4 თანამშრომელი ვიყავით, ახლა კი 11 სერვისცენტრითა და 150-მდე დასაქმებული ადამიანით ვართ ბაზარზე წარმოდგენილი. ვცდილობთ მოვემსახუროთ არა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქებს, არამედ სრულად რეგიონებს. ვცდილობთ, ჩვენს სერვისში მობილურები ვიყოთ არა მხოლოდ საკრედიტო, არამედ საოპერაციო პროდუქტების კუთხითაც. მომხმარებელს ფინანსების პარალელურად, ყოველდღიურ ცხოვრებაში საოპერაციო პროდუქტებიც სჭირდება. MBC-ის მისია სწორედ მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა - მათი კეთილდღეობის, ვისაც აქვს მცირე ბიზნესის დაწყების იდეა და ამისთვის ფინანსები ესაჭიროება. კომპანია, რომელმაც საფინანსო საქმიანობა 2013 წლიდან დაიწყო, დღეს ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხუთეულშია და 150 კაცს ასაქმებს.

- რა ტიპის სესხებს გასცემს MBC და რამდენად მზარდია თქვენი პორტფელი? - 2013 წელს, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ძირითადი მიმართულება სამომხმარებლო სესხები იყო. განვითარებასთან ერთად, 2015 წელს ბიზნესსესხებზეც დავიწყეთ მუშაობა. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ გაგვეზარდა როგორც მსესხებლების რაოდენობა, ისე პორტფელის მოცულობა. მიმდინარე წელს კომპანია 30%-ით გაიზარდა და საერთო პორტფელი 45 მილიონ ლარს გასცდა.

გიორგი ღვალაძე

- MBC ინოვაციებით გამორჩეული კომპანიაა, რომელიც მეწარმეებს აქტიურად უწყობს ხელს. რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს ამ ეტაპზე? - ამჟამად რამდენიმე საინტერესო პროექტი გვაქვს, სრულიად ახალი და ინოვაციური. წელს საკმაოდ ამბიციური პროექტის, სტარტაპ-სესხების გაცემა დავიწყეთ. კომპანიამ ეს ნაბიჯი გადადგა ახალგაზრდა მეწარმეების მოსაზიდად, რომელთა ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა გვინდა. ეს ახალი პროდუქტია. ჩვენც ახალგაზრდა კომპანია ვართ, სწორედ ასეთი ახალი, ინოვაციური პროდუქტებით უნდა დავიმკვიდროთ ბაზარზე თავი.

ჩვენმა კომპანიამ სტარტაპ-სესხებთან ერთად, დაიწყო ფინანსური მრჩევლის კამპანიის მომზადება. ეს ორი პროექტი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, რათა ახალგაზრდა მეწარმეები არა მხოლოდ ჩავრთოთ ეკონომიკურ აქტივობაში, არამედ გვინდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყვნენ წარმატებული. ფინანსური მრჩეველი იქნება მამოძრავებელი ძალა, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს, თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს ჩვენი მომხმარებელი.

დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ მხრივაც ინოვატორები ვართ. ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებელს ინტერნეტბანკი, რაც არც ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არა აქვს. ასევე პირველებმა შევთავაზეთ საკრედიტო ბიზნესბარათი. "ბიზნესბარათის" შექმნა MBC-ის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია და მომხმარებლისთვის ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, სწრაფი ლიკვიდური ფულით დააკმაყოფილოს ბიზნესსაჭიროებები.

ჩვენი კომპანია არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნაზე, არამედ ლოიალური კლიენტების წახალისებაზეც ფიქრობს. მაგალითად, მსესხებელი, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში დროულად ემსახურებოდა კრედიტს, უკვე მეთორმეტე თვეს უკან იბრუნებს გადახდილი საპროცენტო სარგებლის 10%-ს. ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვაფასებთ მათ კეთილსინდისიერებას ჩვენი კომპანიის წინაშე.

- რას ნიშნავს აგროსესხი და ვის შეუძლია მისი მიღება?

- აგროსესხის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს თუ შინამეურნეობის მფლობელს, ან უბრალოდ მას, ვინც გარკვეულ აქტივებს ფლობს და ახლა აპირებს საქმიანობის დაწყებას. ჩვენთან სესხის მიღება დიდ ბიუროკრატიულ პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის სწორედ ის სტრუქტურა, რომელიც დაბალშემოსავლიანი და ფინანსურ საკითხებში ნაკლებად გაცნობიერებული მოსახლეობის დაფინანსებას უწყობს ხელს. ჩვენ რეგიონების მოსახლეობაზე ვართ ორიენტირებული.

- რა პროცედურების გავლაა საჭირო აგროსესხის მისაღებად? - ჩვენთან აგროსესხის აღებას ერთიდან ოთხ დღემდე სჭირდება, იმის მიხედვით, თუ რა სირთულის ბიზნესის დაწყებას ან განვითარებას აპირებს მსესხებელი. ჩვენი მიზანია სწორი ფინანსური გათვლები შევუქმნათ მომხმარებელს. საკრედიტო ექსპერტი მიდის მათთან, სწავლობს მიმდინარე და სამომავლო პოტენციურ შემოსავლებს, კონსულტაციას უწევს, თუ რა მიმართულებით განვითარებაა მისთვის უკეთესი და ამ ანალიზის საფუძველზე ოპტიმალურ ფინანსურ რესურსს სთავაზობს. ამ ყველაფრის ზუსტად გათვლა აუცილებელია, რადგან ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლა მხოლოდ ეროვნული ბანკის მოვალეობაა.

არსებობს სესხები, რომელთაც ერთ სამუშაო დღეში ვამტკიცებთ. თუმცა აგროსესხის შემთხვევაში ეს გაუმართლებლად მიგვაჩნია. ჩვენი კომპანია არ მიიჩნევს სწორად, რომ ვიზიტის გარეშე, მომხმარებლის შემოსავლების შესწავლისა და დადასტურების გარეშე გავუწიოთ მომსახურება. ვცდილობთ, მომავალში ინოვაციური პროდუქტების დანერგვით დისტანციურად მოვემსახუროთ მომხმარებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარვყოთ ეროვნული ბანკის რეგულაციები.

აგროსესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია ძალიან მცირეა. საჭიროა მხოლოდ აქტივების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მეცხოველეობის შემთხვევაში კი ქონების ღირებულების დადგენა გასაუბრების საფუძველზე ხდება.

- რა ოდენობის აგროსესხებს გასცემთ და როგორია თქვენი საპროცენტო განაკვეთები? - ჩვენ გავცემთ 1 000-დან 100 000 ლარამდე აგროსესხებს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი არის 16,5%. თუმცა ხშირია გამონაკლისებიც. მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში გვქონდა აქცია, როდესაც მინუს 3 პროცენტში ვაძლევდით მომხმარებლებს აგროსესხს. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მიკროსაფინანსო სფეროში შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით ოპერირებს. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს კომპანიის მომგებიანობაზე, მაგრამ ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს სწორი მიმართულებაა. გვირჩევნია, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, გადახდისუნარიანი და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა.

ჩვენ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბაზარზე სხვებთან შედარებით ჩვენი კლიენტების დეფოლტების რაოდენობა 3-4-ჯერ ნაკლებია.

- კონკურენტებისგან განსხვავებით, აგრომეურნეებს რეინვესტირების საშუალებას აძლევთ. ეს რას გულისხმობს? - ჩვენი მიზანი მხოლოდ ფერმერების დაფინანსება არ არის. მათ წარმოებაში ინოვაციების შეტანაშიც ვეხმარებით. აგრომიმართულება საქართველოში არის ერთციკლიანი და მოსავლის მოყვანასა და სწრაფად რეალიზაციას გულისხმობს. ჩვენ კი აგრომეურნეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ მეტად განავითარონ საქმიანობა, სამაცივრე მოწყობილობებში შეინახონ მოსავალი არასეზონზე სარეალიზაციოდ. საზოგადოდ, ციკლი წარმოებასა და გასაღებას შორის მცირევადიანია, ჩვენ კი ამ ციკლის გახანგრძლივებასა და მსესხებლების შემოსავლების გაზრდის მაქსიმალურად ხელშეწყობას ვცდილობთ. აგრომიმართულებას არ განვიხილავთ როგორც ერთწლიან დაფინანსებას. პირიქით, ვცდილობთ აგროსეგმენტს მოვარგოთ ინდივიდუალური გრაფიკები მსესხებლების შემოსავლიანობის შესწავლის საფუძველზე, დავეხმაროთ მათ სწორი სტრუქტურის აგებაში. ინდივიდუალური გრაფიკები და სწორად წარმართული გრძელვადიანი დაკრედიტება მისცემს მათ საშუალებას, რომ პირველ სეზონზე კი არ დაფარონ სესხი, არამედ რეინვესტირება გააკეთონ საკუთარ ბიზნესში და შემდეგ წლებში უფრო ძლიერი და ფინანსურად გამართული დაგვიბრუნდნენ.

- როგორია MBC-ის ამჟამინდელი პოლიტიკა აგროსესხების მიმართულებით?

- აგროსესხები 2018 წლის პროექტია. მისი საპილოტე რეჟიმში განხორციელება და მსესხებლების მომსახურება არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისიდანაც დავიწყეთ. აგროსესხებში ჩვენი მიმართულება კლიენტთან ერთჯერადი ურთიერთობა არ არის. ჩვენი პოლიტიკაა, რომ არა უბრალოდ გავცეთ აგროსესხები, არამედ აგროსესხების გაცემის განვითარებას შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ პროექტის დაწყებამდე ბევრი კვლევა ჩავატარეთ, აქტიურად ვთანამშრომლობდით სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო ინსტიტუტთან. შევისწავლეთ ერთწლიანი კულტურები, მემარცვლეობა, მრავალწლიანი კულტურები, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეთევზეობა, მეციტრუსეობა. შედეგად, მოვამზადეთ აგრორუკები, რომლებიც როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სწორად განსაზღვროს აგრომიმართულების შემოსავლიანობა და მისი დანახარჯები. რუკიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებელს უყალიბდება სწორი შეხედულება, თუ რომელი ბიზნესის დაწყება იქნება მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ განსაზღვრავს, რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული და რა შემოსავლის იმედად უნდა იყოს. ჩვენი აგრობარათები 50-მდე მიმართულებას მოიცავს. გავაკეთეთ სქემებიც, თუ რომელ რეგიონში რომელი კულტურის მოყვანაა მომგებიანი. აღნიშნულ რუკებზე აგრომიმართულების თანამედროვე ტენდენციებიც არის წარმოდგენილი.

- თქვენი აგრობარათებით სარგებლობა და ინფორმაციის მიღება მხოლოდ მსესხებლებს შეუძლიათ თუ ყველასთვის ხელმისაწვდომია? - აქტიურად ვართ ჩართული სოციალურ კამპანიაში. შესაბამისად, მზად ვართ ღია კონსულტაციებისთვის. ამ ყველაფერში ვხედავთ როგორც მსესხებლის სარგებელს, ისე საკუთარ განვითარებას. კომპანია არ არის ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან გეგმებზე, ვცდილობთ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება კომპანიის შიგნით არ ჩაიკეტოს. დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკურ აქტივობაში მეტი და მეტი მოქალაქის ჩართვა წაადგება მთლიან საფინანსო ბაზარს და ჩვენს ქვეყანას. ამაზე ვართ ორიენტირებული, გვინდა წვლილი შევიტანოთ როგორც საფინანსო სექტორის, ისე ქვეყნის განვითარებაში.

- ამ ეტაპზე რომელ რეგიონებშია აგროსესხებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა? - აგროსესხებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სამეგრელოსა და კახეთშია, რადგან ამ მიმართულებით საპილოტე პროექტების განვითარება აღნიშნულ რეგიონებში დავიწყეთ. თუმცა დიდი აქტიურობაა სხვა ფილიალებშიც.

ამჟამად 11 სერვისცენტრი გვაქვს, რომელთაგანაც 5, რეგიონებში მდებარეობს. ესენია: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი და კახეთი. რეგიონებში გაფართოება 2016 წელს ერთი ფილიალით დავიწყეთ, შემდეგ წლებში კი 2-2 სერვისცენტრი გავხსენით. ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე რეგიონული ფილიალის დამატებას გორში, მარნეულში, ახალქალაქსა და სენაკში. ჩვენი მიზანია ახლო მომავალში სრულიად საქართველოს დაფარვა.

- რას ურჩევთ ფერმერებს, რათა აგროსესხები მარტივად მიიღონ და მეურნეობა განავითარონ?

- სიახლის ძიება წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. აგრომსესხებლებმა სწრაფად უნდა აუბან მხარი იმ პროექტებს, რომლებსაც მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახორციელებს. აგრომიმართულების ახალი ტენდენციები უნდა დანერგონ, რასაც ქართველი ფერმერები კარგად აკეთებენ. შედეგად, ბაზარზე უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა. მნიშვნელოვანია პროდუქტის რეალიზაციის არეალის გაზრდა. ეს უნდა დაიწყოს ჯერ საქართველოს დიდი ქალაქებით, მერე კი საერთაშორისო ასპარეზზეც უნდა გავიდნენ.

ნანა მღებრიშვილი