გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის უმსხვილეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა - კვირის პალიტრა

გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის უმსხვილეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა

სემეკის წევრის - ECRB-ის პრეზიდენტის, გიორგი ფანგანის ინიციატივით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლებს (MEDREG) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ სემეკიდან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა. როგორც სემეკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ენერგეტიკის სექტორში წამყვან ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გიორგი ფანგანის, როგორც ECRB-ის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. მათივე განცხადებით, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს, რათა ენერგეტიკის ბაზრის რეგულირების შესაძლებლობები გაუმჯობესდეს.

"სამ უმსხვილეს ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიზანია ენერგეტიკის სექტორის რეგულირების გაძლიერება. მემორანდუმის საფუძველზე მომზადდება ერთიანი ანგარიშები, რომელიც გააერთიანებს მხარეთა შეფასებებსა და მონაცემებს, რაც ენერგეტიკის მარეგულირებლების საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს", - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) ევროპის მარეგულირებელთა პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ევროპის ენერგეტიკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ 34 ორგანიზაციას აერთიანებს.

როგორც სემეკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო (ECRB) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას წარმოადგენს. ასევე, ევროპულ დირექტივებთან ქვეყნების ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს უწყობს ხელს.

მათივე განცხადებით, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი პირველად ჰყავს.

(R)