მათ, ვისაც მხატვრობა უყვარს - კვირის პალიტრა

მათ, ვისაც მხატვრობა უყვარს

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ყველა დროის უდიდეს ფერმწერთა შედევრების ასლების შეძენა იქნება შესაძლებელი

2019 წლის 21 იანვრიდან იწყება ქართულ სინამდვილეში უპრეცედენტო და ნოვატორული პროექტი "დიდი მხატვრების შედევრები შენს კოლექციაში". ასე ჰქვია გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტს, რომლის ფარგლებშიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ყველა დროის უდიდეს ფერმწერთა შედევრების ასლების შეძენა იქნება შესაძლებელი.

თინათინ ასათიანი, "პალიტრა L" - ის დირექტორი: "2009 წელს დავიწყეთ "დიდი მხატვრების" სერია, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდებოდა. მაშინ ესპანური კომპანია "სოლ 90"-ისგან შევიძინეთ 15 მხატვარზე (ვან გოგი, გოგენი, მონე და სხვ.) წიგნების გამოცემის უფლება. წიგნები ისეთი პოპულარული გახდა, რომ თითოეული ტომის 20 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამასთან, მკითხველმა გამოთქვა სურვილი, გამოგვეცა სხვა დიდი მხატვრებიც: მოდილიანი, ლოტრეკი, დიურერი, აივაზოვსკი... გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა სერია და დავიწყეთ თანამშრომლობა იტალიის მუზეუმების ყველაზე დიდ არქივთან, "სკალასთან". მოლაპარაკების შედეგად, 2012 წლიდან "დიდი მხატვრების" სერია 30 ტომამდე გავზარდეთ.

- დარწმუნებული ვარ, მკითხველი კმაყოფილი დარჩა.

- თუ გაყიდული წიგნების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ასეა. თუმცა პარალელურად მკითხველი გამუდმებით ითხოვდა პიკასოსა და დალის შესახებ ტომების გამოცემას. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, თუმცა ეს გამოცემებიც შეემატა "დიდი მხატვრების" სერიას. მკითხველის შემდეგი მოთხოვნა იყო ანალოგიური წიგნების გამოცემა ქართველ მხატვრებზე. პასუხად მკითხველთან ერთად შევარჩიეთ 3 მხატვარი - ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და საბოლოოდ, 35 ტომისგან შემდგარი სერია მივიღეთ.

- "დიდი მხატვრების" სერია დასრულდა...

- 2016 წელს, ერთ-ერთ გამოფენაზე დაიბადა იდეა, გამოგვეცა ძალიან საინტერესო სერია - "მსოფლიოს მუზეუმები". რეალურად ეს პროექტი "დიდი მხატვრების" სერიის ერთგვარი გაგრძელება იყო. შევარჩიეთ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი 12 მუზეუმი. კვლავ იტალიურ "სკალა ჯგუფთან" ვითანამშრომლეთ და 2017 წელს დავიწყეთ გამოცემა. იმავდროულად, დავიწყეთ მუშაობა სერიაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ წიგნის მოსამზადებლად. შედეგად, დღეს უკვე გამოცემულია უნიკალური წიგნი-კატალოგი, რომლის მსგავსი მანამდე არც კი ჰქონია ეროვნულ მუზეუმს. ახლა ვფიქრობთ, ინგლისურ და რუსულ ენებზეც ითარგმნოს და ტურისტებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. პროექტი ოქტომბერში დასრულდა, თუმცა დაგვიტოვა ახალი იდეა - შედევრების ასლები გადაგვეტანა ტილოებზე და შეგვეთავაზებინა ჩვენი მკითხველისთვის. მით უმეტეს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც ვნახეთ, ამ მიმართულების როგორი ბუმია მთელ ევროპასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ძალზე მოდური გახდა ე.წ. კანვასების, ანუ ორიგინალთან ძალიან მიახლოებული ტილოების ბეჭდვა. ისინი ამშვენებს ნებისმიერ სივრცეს - სამუშაოსაც და საცხოვრებელსაც. ჩვენი აზრით, ჩვენი სერიების ლოგიკური გაგრძელება და დასასრული იქნებოდა სწორედ ასეთი ტილოების დაბეჭდვა. ამასთან, იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია მაქსიმალურად უპასუხებდეს მკითხველთა გემოვნებასა და განწყობას, გადავწყვიტეთ, ხმის მიცემით შეგვერჩია ჯერ მხატვრები, მერე კი მათი ნამუშევრები. 1-ლი დეკემბრიდან დაიწყო ხმის მიცემა მხატვართა შესარჩევად. ჯერ საბოლოო შედეგი არ გვაქვს, მაგრამ უკვე იმდენად დიდია ვან გოგის თაყვანისმცემელთა რაოდენობა, რომ დიდი ალბათობით, პირველად მის ნამუშევრებს დავბეჭდავთ.

პროექტისთვის 12 მხატვარი შევარჩიეთ, თითოეულის სამ-სამი ნამუშევარი დაიბეჭდება ეტაპობრივად და ყოველთვიურად გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

- რა ეღირება ეს ტილოები?

- ვფიქრობთ, ტილოები შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ ორიგინალების ზომას (ძირითადად, A4-დან A5 ზომამდე). გარდა ამისა,

ისინი უმაღლესი ტექნოლოგიით იქნება ნაბეჭდი და ფერებიც ძალიან ახლოს იქნება ორიგინალთან. ტილოები რეალიზაციის წინ გადაიჭიმება სპეციალურ ჩარჩოებზე. ფასები ზომის მიხედვით განსხვავებული იქნება, მაგრამ აუცილებლად ხელმისაწვდომი. ასე რომ, 21 იანვრიდან საშუალება გექნებათ დაამშვენოთ თქვენი ინტერიერები ვან გოგის, კლიმტის, მონესა და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით.

გიორგი კალანდია, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი: "როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, "პალიტრა L" -მა თავის ერთგულ მკითხველს შესთავაზა ბრწყინვალე სიურპრიზი - "დიდი მხატვრების შედევრები თქვენს კოლექციაში", რასაც წინ უძღოდა დიდი მხატვრების შემოქმედების სერია, შემდეგ კი "მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები". ახლანდელი სიურპრიზი ლოგიკური დასასრულია მთელი აქციისა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის მართლაც დიდი შენაძენი ნებისმიერი ოჯახისთვის, რადგან დასავლეთევროპული ხელოვნება საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო. ჩვენი წინაპრები დასავლეთევროპული ხელოვნების ნიმუშებს, დიდი ევროპელი მხატვრების ნამუშევრებს, მათ ასლებს საკუთარ სახლებში, სასახლეებსა თუ სამუშაო სივრცეებში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ. შემდეგ ეს ინტერესი თითქოს რაღაცნაირად მიიჩქმალა, დაიკარგა, მაგრამ სწორედ "პალიტრა L"-ის დამსახურებით კვლავ უბრუნდება ჩვენს საყოფაცხოვრებო სივრცეს და, რაც მთავარია, ჩვენს ყოველდღიურობას.

რატომაა ეს მთავარი? იმიტომ, რომ ხელოვნების უპირველესი დანიშნულება არის ესთეტიკური გემოვნების, ჩვენი მხატვრული გემოვნების უფრო დახვეწა, მშვენიერებასა და სიკეთესთან ზიარება. ასე რომ, თქვენ გეძლევათ ბრწყინვალე შანსი, თქვენი შვილები, აღსაზრდელები, მოსწავლეები კიდევ უფრო დააახლოოთ ხელოვნებას, ხელოვნებასთან სიახლოვე კი ადამიანის სულიერ სამყაროს უფრო ამდიდრებს. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ნამდვილად მისასალმებელია. უფრო მეტიც, არათუ მისასალმებელია, არამედ, ვიტყოდი, სავალდებულოც არის მასში მონაწილეობა.

შეაგროვეთ დიდი მხატვრების ტილოების საუკეთესო ასლები და თქვენს სამუშაო ოთახებში, საძინებლებში განათავსეთ, აჩუქეთ მეგობრებს. ალბათ, ამაზე უკეთეს საჩუქარს ახლობელ ადამიანს ვერ გაუკეთებთ.

ხელოვნებასთან ზიარება ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, უფრო გაიფართოოს თვალსაწიერი, უფრო მიუახლოვდეს მარადიულ ღირებულებებს. ასე რომ, ამ აქციას, დარწმუნებული ვარ, ბევრი შეუერთდება, მით უფრო, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული ბეჭდვა საშუალებას იძლევა, რომ უნიკალური ხელოვნების ნიმუშები თითქმის სრული სიზუსტით მივიტანოთ ჩვენს სახლებში და ყოველდღიურად ვნახოთ ის, რაზეც კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი აღიზარდა. ასე რომ, დიდი მხატვრების შემოქმედება თქვენი ცხოვრების ნაწილი ხდება და არ გაუშვათ შანსი ხელიდან".