"იფქლი 1"-ის ხელმძღვანელი: "ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება" - კვირის პალიტრა

"იფქლი 1"-ის ხელმძღვანელი: "ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება"

ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება, - ამის შესახებ "იფქლის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს. მათი თქმით, ფასის ცვლილება უმნიშვნელოა.

"გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით. ახლა 85 თეთრია გაზის ღირებულება. თუ 86 თეთრი გახდა, ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ფასზე, 1 თეთრი არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გავაძვირეთ პურის ფასი, რაც ყველაფრის გაძვირებას მოჰყვა. თუმცა, პრინციპში, ჩვენი პური ძვირი არ არის. თუ მომხმარებელი იმ პურს აწონის, რომელსაც 60 თეთრად ყიდულობს და ჩვენს პურს, სხვაობას თვალნათლივ დაინახავს. ანუ სხვისი სამი პური ჩემი ორი პურის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ მაგ დონემდეც არ გაგვიძვირებია ფასი", - განაცხადა "იფქლი 1"-ის ხელმძღვანელმა დავით ვასაძემ.

შპს "იფქლის" ხელმძღვანელის, არისი ბოჭოიძის თქმით, თუ გაზის საფასური 86 თეთრი გახდება, ეს პურის ფასზე არანაირად არ იმოქმედებს".

4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს""ყაზტრანსგაზიდან" აცნობეს.

"ყაზტრანსგაზის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება.

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)