2018 წლის ბესტსელერი წიგნები - კვირის პალიტრა

2018 წლის ბესტსელერი წიგნები

არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველი ახალი თვე, ახალი წიგნით, თავგადასავლებითა და ემოციებით იწყება. სწორედ მათთვის მთელი წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებდა. მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურა. ბევრისთვის ეს სია იმის განმსაზღვრელი იყო, თუ რა უნდა წაეკითხა, რომელ წიგნზე გაემახვილებინა ყურადღება.

ამჯერად "ბიბლუსმა" მკითხველებისთვის 2018 წლის ყველაზე პოპულარული წიგნები შეაჯამა, ისინი, რომლებიც თვეების განმავლობაში ლიდერობდნენ გაყიდვების მაჩვენებლით და მომხმარებლის დიდი ინტერესი დაიმსახურეს. თუ გსურთ, 2018 წელი ნაყოფიერად ჩაითვალოს, წიგნები, რომლებსაც ქვემოთ გაგიზიარებთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მცირე ანოტაცია, რომელიც მათ ერთვის, წიგნის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ:

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის ათეული:

"აღიარება ხელისგულზე" - ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულს, თათული ღვინიანიძეს ეკუთვნის და ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედსა და ბედნიერებისთვის ბრძოლაზე მოგითხრობთ.

"მზე, მთვარე და პურის ყანა" - თემურ ბაბლუანის პირველი რომანი ერთდროულად თრილერიცაა, რომანტიკული საკითხავიც და ავტობიოგრაფიაც. თემურ ბაბლუანი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდსა და ადამიანთა ყოფაზე ამ რეჟიმში, კრიმინალურ სამყაროზე, ქურდულ წესებზე და იმავდროულად, სიყვარულზეც, რომელსაც ყოველთვის, ნებისმიერ გარემოში სიცხადე შეაქვს.

"სიყვარულის ორმოცი წესი" - ელიფ შაფაქის რომანი გიამბობთ, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში მოულოდნელად შეიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!

"ნასესხები სიცოცხლე" - ერიხ მარია რემარკის ბესტსელერში ტრაგიკული სიყვარულის ამბავია აღწერილი. რომანის მთავარი პერსონაჟი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც დარჩენილი სიცოცხლის გატარება სამკურნალო დაწესებულებაში არ სურს. სიყვარული მთელ მის ცხოვრებას შეცვლის.

"აირჩიე სიკეთე - საოცრება" - რაქელ პალაციოს ამ რომანმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის ამბავი დეფორმირებული სახის ბიჭზე, რომელიც 10 წლის პირველად მიდის სკოლაში. თუ რა სირთულეების გავლა მოუწევს და დაუჭერენ მხარს თუ არა თანაკლასელები, ამას წიგნში შეიტყობთ.

"გროსმაისტერი" - სოფო არდიას ეს რომანი ჭკვიან მანიპულატორზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ერთი შეხედვით მას ყველა იცნობს, მაგრამ სინამდვილე სრულიად განსხვავებულია.

"სხვა უდაბნოს საიდუმლო" - ია კარგარეთელის ბესტსელერში ქართველი მწერალი ქალის ეგვიპტეში მოულოდნელობებით სავსე მოგზაურობაა აღწერილი; მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალება ბედუინია.

"ჯინსების თაობა" - 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა მარცხით დამთავრდა - მას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დავით ტურაშვილის რომანში სწორედ ეს ისტორიაა ასახული.

"ღირსება" - ელიფ შაფაქის ეს რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, ერთდროულად რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს - უდაბნოს მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული და მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და იმავდროულად მსხვერპლიც.

"ჰარი პოტერი" - ფილოსოფიური ქვა" - ეს არის პირველი წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორი ჯოან როულინგია. ეს წიგნი წაკითხვისთანავე შეგიყვარდებათ.

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნების ათეული:

"ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი" - ეს წიგნი ყველაზე ცნობისმოყვარე პატარებისთვისაა, რომლებიც უამრავ კითხვას სვამენ და ჯიუტად მოითხოვენ პასუხებს.

"წრიპა ბიჭის დღიური" - მთელ მსოფლიოში ცნობილი გრაფიკული რომანების სერიაა. პირველი წიგნი აშშ-ში 2007 წელს გამოვიდა და გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. გრეგ ჰეფლის კომიკურ ისტორიებს თითქმის ყველა ქვეყანაში ინტერესით კითხულობენ, უმეტესად, 8-12 წლის ასაკში. წრიპა ბიჭის ამბები განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც კითხვა ნაკლებად უყვართ. "წრიპა ბიჭის და შენი დღიური" - ჯეფ კინის ამ წიგნში პატარები ბევრ საინტერესო შეკითხვასა თუ პასუხს იპოვიან და ისეთი გვერდიც ბევრია, სადაც თავიანთი აზრი უნდა ჩაწერონ.""რაც გინდა, დაწერე, ოღონდ როცა მორჩები, იცოდე, დღიური საიმედო ადგილას უნდა გადამალო", - წერს ავტორი.

"წრიპა ბიჭის დღიური 2 - როდრიკი უბერავს" ჯეფ კინის ცნობილი გრაფიკული რომანების სერიის კიდევ ერთი გაგრძელებაა, რომელიც პატარა მკითხველების რჩეულ წიგნად იქცა.

"საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის" - გოგონები უხილავი კალმით ჩაწერილ საიდუმლოს, ოცნებებსა და სურვილებს მხოლოდ ამ ფერად წიგნს ანდობენ.

"გულივერის მოგზაურობა" - ჯონათან სვიფტის სათავგადასავლო რომანის მთავარი გმირი ჯერ ლილიპუტების ქვეყანაში ამოყოფს თავს, მერე კი გოლიათების ხელში ჩავარდება.

საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია - ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაგიშლით. აქ მოცემულ ინფორმაციას პატარები ინტერესით გაეცნობიან, შეიძენენ ცოდნას და გულდასმით ჩაიკითხავენ თითოეულ დეტალს.

"ზღაპარი პრინცესებზე" - ამ მხიარული ისტორიების კოლექციაში დისნეის ულამაზესი პრინცესები შეიკრიბნენ. თითოეული ზღაპრის წაკითხვას სულ 5 წუთი უნდა. საბავშვო ენციკლოპედია - მოგვითხრობს უახლოეს მიღწევებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე.

"ჯადოსნური ზღაპრის თეატრი - "გოგონა და 3 დათვი" - ამ წიგნის დახმარებით პატარებს საშუალება ეძლევათ თავად გააცოცხლონ ცნობილი ზღაპარი და მისი გმირები.