საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საბა და ცოტნე ჩახუნაშვილებს სახლი აჩუქა - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საბა და ცოტნე ჩახუნაშვილებს სახლი აჩუქა

რისთვის დავიბადე?! მშიერი რომ ვყოფილიყავი?.. ეს შეკითხვა ბავშვმა საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელს დაუსვა. ვიდეო სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და ეს ბავშვები ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში მოხვდნენ - "პროფილში მაია ასათიანთან ერთად“.

ვანის რაიონში, სოფელ ტყელვანში მცხოვრები საბა და ცოტნე ჩახუნაშვილები დედამ 10 წლის წინათ დატოვა და ორ მცირეწლოვანს მამა გოგიტა ჩახუნაშვილი ზრდის.

საბასა და ცოტნეს სხვა ბავშვებივით უნდოდათ სუფთა და კეთილმოწყობილ გარემოში ცხოვრება, უნდოდათ ჰქონოდათ საკვები, ყოფილიყვნენ თბილად და თანატოლებთან ერთად ევლოთ ექსკურსიებზე, ჰყოლოდათ ველოსიპედი, ლეკვი... ეს მათი მოკრძალებული ოცნებების არასრული ჩამონათვალია - ბავშვებს ნორმალური ცხოვრება უნდათ. საქართველოს ეროვნული ლატარიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, ბავშვების მძიმე სოციალური პირობები ოდნავ მაინც შეეცვალა და ჩახუნაშვილების ოჯახისთვის სახლი შეიძინა, რომელიც "ემბავუდ ჯორჯიას“ დახმარებით ავეჯით უზრუნველყო, "ელიტ ელექტრონიქსის“ მონდომებით ტექნიკით შეავსო, ხოლო "ენერგოპრო ჯორჯიასა“ და "სოკარ გაზ ჯორჯიას“ ხელშეწყობით 1 წლის განმავლობაში ოჯახი კომუნალური გადასახადებისგან გაათავისუფლა. სახლში დამონტაჟდა გამათბობელი და ამასთანავე, ბავშვებს ექნებათ საკუთარი ოთახი. ესეც მათი ერთ-ერთი ოცნება იყო. საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის ფონდ "სიკეთის ქალაქს“ და ტოქშოუ "პროფილსა“ და მის ავტორს მაია ასათიანს, რომლებმაც საზოგადოებას საბასა და ცოტნეს მძიმე სოციალური პირობების შესახებ შეატყობინეს.

საქართველოს ეროვნული ლატარია ვერ შეცვლიდა მცირეწლოვანი ბავშვების ცხოვრებას, რომ არა ლატარიის ერთგული მომხმარებელი. სწორედ მათ მიერ შეძენილი ბილეთებიდან შემოსული თანხებიდან შეგროვდა ჩახუნაშვილების დასახმარებლად განკუთვნილი თანხის ნაწილი.

ჩვენ, ყველამ ერთად, ეს შევძელით! და მიგვაჩნია, რომ თუნდაც ერთი ოჯახისთვის შეცვლილი ცხოვრებით საკუთარი წვლილი შევიტანეთ უკეთესი მომავლის შენების საქმეში, სიკეთე ხომ გადამდებია...

იხილეთ ვიდეო