მაღაზია "ჯორჯიანი“ ქართველ მეწარმეებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

მაღაზია "ჯორჯიანი“ ქართველ მეწარმეებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ახალ აღმაშენებელზე სეირნობისას, არ შეიძლება არ შეამჩნიო ლამაზი, დახვეწილი ინტერიერის მქონე ტურისტული მაღაზია, რომელშიც ქართველი თუ უცხოელი დამთვალიერებლებისთვის ბევრი საინტერესო ნივთი და პროდუქტი დარაბებიდანაც კარგად ჩანს. ცხადია, ჩემს ინტერესიან თვალს ეს ადგილი არ გამოჰპარვია, შევიარე და თავაზიანი პერსონალის დახმარებით, მაღაზიაში არსებული პროდუქცია საგულდაგულოდ დავათვალიერე. მაღაზია "ჯორჯიანში" თითქმის ყველა ქართული ეროვნული ბრენდია წარმოდგენილი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს კულტურასა და ისტორიაზე, არამედ ჩვენს ხასიათსა და ყოფა-ცხოვრებაზეც იძლევა ინფორმაციას.

როგორც მითხრეს, მაღაზია "ჯორჯიანის" მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, სწორედ ამიტომ, აქ მხოლოდ ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი, რათა აქ შემოსულმა ადგილობრივმა თუ უცხოელმა სტუმრებმა მათი სახელი და საქმიანობა უკეთ გაიცნონ.

მეწარმეებს მაღაზიის მესვეურნი საგულდაგულოდ არჩევენ და სხვადასხვა კუთხეში მოიძიებენ, მათთან კი მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ თანამშრომლობას, რაც დარწმუნდებიან, რომ პროდუქცია მართლაც ხარისხიანია, საუბარია, ღვინოზე, თაფლზე, სხვადასხვა ტიპის აქსესუარებზე, ქართული წარმოების საპონზე და ა.შ. თავის მხრივ, მეწარმეებისთვის ეს დიდი სტიმულია, არამხოლოდ ფინანსური კუთხით, არამედ იმ მხრივაც, რომ მათი ნახელავი, ტურისტების წყალობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ოჯახში აღმოჩნდება. ამიტომაც, "ჯორჯიანი“ აქტიურად იწვევს და ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ პროდუქციას აწარმოებენ. სურს მათი აღმოჩენა, წახალისება და დახმარება, რაც მათი პროდუქციის პოპულარიზაციით მიიღწევა. ეს ის სივრცეა, სადაც ისინი თავიანთი პროდუქციის განთავსებას შეძლებენ.

"ჯორჯიანში“ დაგხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, წიგნები, ჩაი, უნიკალური ქართული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული ქართული ტკბილეული, ნატურალური წვენები, ქართული ღვინის მრჩევლის - Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინო თავისივე სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალება მიეცემათ. რაც მთავარია, "ჯორჯიანი" არ არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ ტურისტებს შეუძლიათ ქართული კულტურის ნიმუშების ნახვა და შეძენა, ეს არის ადგილი, სადაც სტუმრობა ნებისმიერ ქართველს მიანიჭებს სიამოვნებას. ასე რომ, ნუ ჩაუვლით ამ ადგილს უყურადღებოდ, ნუ მოგერიდებათ შესვლა და თქვენთვის საინტერესო შეკითხვების დასმა, აქ პასუხს ყველაფერზე მიიღებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯორჯიანი "ბიბლუსის“ მიერ გახსნილი პირველი ტურისტული მაღაზიაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ერთერთი უმთავრესი მიზანი ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა და წახალისებაა:

"გვსურს, რომ ტურისტებმა საქართველოში სტუმრობისას მაქსიმალურად შეიგრძნონ ჩვენი ქვეყნის დადებითი მხარეები და იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც აქ ვიზიტისას იღებენ, დარწმუნდნენ თუ რაოდენ საინტერესო,ხარისხიანი და განსხვავებული შეიძლება იყოს ქართული ნაწარმი. მიუხედავად იმისა, რომ "ჯორჯიანი" ახალი გახსნილია, აქ წარმოდგენილი პროდუქტი საკმაოდ მრავალფეროვანია და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იქნება. "ჯორჯიანი" მზადაა ითანამშრომლოს ქართველ მწარმოებლებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულმა ნაწარმმა ადგილი უცხოურ ბაზარზე დაიმკვიდროს. უცხოელები დარწმუნდებიან, რომ ქართული ბრენდები, რომლებიც შესაძლოა ისე არ არის პოპულარული, როგორც ცნობილი უცხოური ბრენდები, ამ უკანასკნელებს არაფრით ჩამოუვარდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მათზე ეფექტურიც კი იყოს, მაგალითად, ქართული ღვინო ან თაფლი. ამას უკვე ბევრი აღიარებს. დარწმუნებული ვარ, რომ თავის მხრივ, ქართველი მწარმოებლები "ჯორჯიანში" ბევრ ახალ და საინტერესო ბრენდს წარადგენენ.

ვფიქრობთ, მაღაზია "ჯორჯიანი" გახდება პირველი გზამკვლევი თუ სავიზიტო ბარათი იმ უცხოელი სტუმრებისთვის, რომელთაც უნდათ ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, რათა განსაზღვრონ, საიდან უნდა დაიწყონ ჩვენი ქვეყნის გაცნობა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ უძველესი და უახლესი ისტორიის ბრენდების ქვეყანაც არის. ამიტომ, ახალ აღმაშენებელზე მოხვედრილები, ვფიქრობ, გულგრილად ვერ ჩაგვივლიან და სწორედ ამ მიზნითაა წარმოდგენილი პატარა საქართველო ამ პატარა სივრცეში.”,-აცხადებენ "ბიბლუსში“.

თამთა დადეშელი