შენს ქვეყანას კარგად იცნობ? გაეცანი "საქართველოს გეოგრაფიულ ატლასს" - კვირის პალიტრა

შენს ქვეყანას კარგად იცნობ? გაეცანი "საქართველოს გეოგრაფიულ ატლასს"

"ეს ატლასი ერთი მხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი შრომაა პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის და მეორე მხრივ, ძალიან ღირებული შენაძენია მთელი ქართველი საზოგადოებისთვის"

პირველად საქართველოში შეიქმნა და გამომცემლობა "პალიტრა L "-მა გამოსცა თანამედროვე ტიპის "საქართველოს გეოგრაფიული ატლასი". ამ ატლასით, რომელიც არ არის გათვლილი რომელიმე ასაკობრივ ჯგუფზე, მკითხველი გაეცნობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოს. ატლასი ორიგინალურია იმით, რომ რუკებთან ერთად მასში წარმოდგენილია შესაბამისი ტექსტი და გეოგრაფების, აგრეთვე, ქართველ და უცხოელ მოყვარულ ფოტოგრაფთა გადაღებული ფოტოსურათები.

ატლასის კონცეფციაზე კარტოგრაფი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გულიკო ლიპარტელიანი გვესაუბრება.

- ქალბატონო გულიკო, როდის დაიბადა ამ ატლასის შექმნის იდეა და რამდენად რთული და შრომატევადი აღმოჩნდა მასზე მუშაობა?

- ატლასზე მუშაობის იდეა დაიბადა 2015 წელს. ამ დროისთვის საქართველოში უკვე გამოცემული იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში შედგენილი ორი ეროვნული ატლასი - 1964 და 2012 წლებში. 2018 წელს ეროვნული ატლასი გამოსცეს ინგლისურ ენაზეც. ეროვნული ატლასების მთავარი ღირსებაა მეცნიერული კვლევების მრავალფეროვანი სპექტრი.

ეროვნული ატლასების გამოცემის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საცნობარო გეოგრაფიული ატლასის გამოცემის საჭიროება. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საინტერესოა ქვეყნისთვის აქტუალური და პოპულარული თემები.

ატლასის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს თემები მკითხველამდე მიტანილია არა მარტო რუკით, არამედ სათანადო ტექსტითა და თემასთან მისადაგებული ფოტოსურათებით, ხოლო სტატისტიკა - დიაგრამებითა და გრაფიკებით.

სწორედ ამ კომპლექსურობაში მდგომარეობს ატლასის კონცეფცია.

ატლასზე წარმატებული მუშაობა უზრუნველყო სამუშაო ჯგუფმა, რომელიც წარმოდგენილია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორიის კარტოგრაფებით, ესენია: თამარ ჭიჭინაძე, ნატო სოლოღაშვილი, რომან კუმლაძე, ანა ირემაშვილი, თამარ ცხაკაია, ნინი გესლაიძე, მიხეილ ხაბაზიშვილი. აგრეთვე უცხოეთში მცხოვრები კარტოგრაფები: ირმა ქველაძე და მანანა ქურთუბაძე. ყველა ჩემი ყოფილი სტუდენტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ჩვენ მუდმივი მხარდაჭერა გვქონდა ინსტიტუტის დირექტორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის ნანა ბოლაშვილისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, გვყავდა კომპეტენტური კონსულტანტები

- რას ეტყოდით მათ, ვისაც ჯერ არ ჰქონია ამ ატლასის გაცნობის ფუფუნება? რითია ის მნიშვნელოვანი და გამორჩეული? - საქართველოს გეოგრაფიული ატლასის ეს გამოცემა მნიშვნელოვანია იმით, რომ მკითხველი გაეცნობა მრავალ ისეთ თემას, რომელიც ადრე გამოცემულ ატლასებში არ ასახულა და გრაფიკული სახით არც ლიტერატურაშია წარმოდგენილი. მადლობა გამომცემლობა "პალიტრა L "-ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას და უზრუნველყო ჩვენ მიერ შედგენილი ატლასის გამოცემა და მკითხველამდე მიტანა.

- ატლასი მდიდარია სხვადასხვა ტიპის სტატისტიკებითაც. რას იტყოდით გამოცემის ამ ნაწილზე? - ატლასში მრავლადაა გამოყენებული სტატისტიკური მონაცემები. ვისარგებლეთ როგორც საქსტატის, ისე ცალკეული ორგანიზაციებიდან მიღებული რაოდენობრივი მაჩვენებლებით. ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გარეშე რუკების შედგენა შეუძლებელი იქნებოდა. ატლასის დიაგრამები და გრაფიკები განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა, რაც ჩვენი ატლასის დიზაინერის მანანა ქურთუბაძის დამსახურებაა.

- ატლასში დეტალურად არის საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, მოსახლეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე... კიდევ რომელ მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდა აქცენტი? - ატლასის ყველა თემა ღრმად არის გააზრებული. განსაკუთრებით საინტერესოა მოსახლეობის თემატიკა, მათ შორის სასოფლო დასახლებები, გაუკაცრიელებული სოფლები, ეთნიკური უმცირესობები, გერმანელები საქართველოში, იძულებითი შიდა გადაადგილება, იუნესკოს ძეგლები საქართველოში. ყველა ამ რუკიდან ვიღებთ პასუხს კითხვებზე: რა? სად? როდის? რამდენი?

ატლასში განსხვავებულად არის წარმოდგენილი ვახუშტი ბაგრატიონისა და ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა. გეოგრაფიული მეცნიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებით არიან წარმოჩენილი ქართველი გეოგრაფები. ატლასი მთავრდება XXI საუკუნის ორი მეცნიერი-მოგზაურის, არნოლდ გეგეჭკორისა და ნიკო ბერუჩაშვილის მსოფლიოში მოგზაურობის ამსახველი რუკებითა და ტექსტით.

ატლასში აგრეთვე სხვა მრავალი საინტერესო რუკაა, რომელთა გაცნობა მკითხველისთვის მიგვინდვია.

- ვისთვის, რა კატეგორიის მკითხველისთვის შეიქმნა გეოგრაფიული ატლასი? - ჩვენ არა ვართ განებივრებული ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ატლასებით. ამიტომ მიღწევად უნდა ჩავთვალოთ მისი შექმნა და გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით.

ეს ატლასი ერთი მხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი შრომაა პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის და მეორე მხრივ, ძალიან ღირებული შენაძენია მთელი ქართველი საზოგადოებისთვის.