პროფესიონალი PR პერსონა - ელდარ პირმისაშვილი - კვირის პალიტრა

პროფესიონალი PR პერსონა - ელდარ პირმისაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR-ის) შესახებ პირველად მისგან გავიგე, შემდეგ მის ტრენინგს დავესწარი, იშვიათად შეხვდებით პროფესიაზე ასე უზომოდ შეყვარებულ და იუმორით სავსე ადამიანს. ტრენინგის ბოლოს, კმაყოფილების ნიშნად, ტორტი წარწერით "PR-ის გურუ" გადავეცით. ახლა ინტერვიუს ვწერ მასთან, პროფესიონალი PR პერსონა - ასე შემიძლია დავახასიათო ელდარ პირმისაშვილი.

მიყვება როგორ აირჩია პროფესია, მე-11 კლასში იყო, როდესაც შემთხვევით შეხვდა ახლობელს, რომლსაც ხელში სემ ბლექის წიგნი "ყველაფერი PR-ის შესახებ" ეკავა, გამოელაპარაკა, პირველად გაიგო სიტყვა PR, საერთაშორისო ურთიერთობის ნაწილი ეგონა მოეწონა და გადაწვყიტა PR სპეციალობაზე ჩაებარებინა. ოთხი წელი ჯერ ბაკალავრიატზე ისწავლა, შემდეგ კიდევ ორი წელი მაგისტრატურაზე. სწავლა ისე მოეწონა, ოცდაშვიდი წლის ასაკში, დოქტორის აკადემიური ხარისხიც მოიპოვა.

"მეოთხე კურსს ვამთავრებდი, როდესაც სტაჟირებაზე გამიშვეს უნივერსიტეტიდან, როგორც წარმატებული სტუდენტი. იმავე პერიოდში უნივერისტეტში ტრენერობა და ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს, იმ დროისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჩემთვის." - ამბობს ელდარ პირმისაშვილი. მეგობრებთან ერთად საზოგადოებასთან ურთიერთობის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანდა და მოიარა ევროპა. "ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის ევროპული PR ასოციაციის სასწავლო კურსებზე და კონგრესებზე დასწრება, ადგილობრივ და საერთაშორისო სიტუაციას ვადარებდი და ვსწავლობდი ისეთ თემებს, რომელიც საქართველოში ახლა არის აქტუალური"- მიყვება ელდარი.

ახლა რას აკეთებ? ვეკითხები! "ახლა მეგობრებთან ერთად სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოში ვმუშაობ, ორგანიზაციებს წარმატების მიღწევაში ვეხმარებით. ჩვენი მიდგომები განსხვავებულია, ჩვენ ვირჩევთ ეთიკურობას, სტრატეგიულ და ეფექტიან მიდგომებს, რომელიც მინიმალური ხარჯებით მაქსიმალურ შედეგებამდე გაიყვანს ორგანიზაციას. ჩვენი ძლიერი მხარე და უპირატესობა სტრატეგიული გეგმების მომზადებაა, ორგანიზაციების მცირე ნაწილს აქვს გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის ხედვა, სწორედ ამ საკითხში ვეხმარებით ჩვენ, ვსწავლობთ არსებულ სიტუაციას, ვიმუშავებთ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს, ვსაზღვრავთ მიზნობრივ ჯგუფებს, ტაქტიკას, საკომუნიკაციო არხებს. მხოლოდ დაგეგმილ კომუნიკაციას მიყავს ორგანიზაცია და ბრენდი სასურველ შედეგამდე."

"მორგებული გვაქვს კომპეტენტური კონსულტანტის როლი, ვირჩევთ საერთაშორისო და სოლიდურ კომპანიებს ურთიერთობისთვის. მათ კარგად ესმით საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) და კომუნიკაციის არსი და მნიშვნელოვან შედეგებზე გავდივართ ერთად. PR და კომუნიკაცია მომავლის პროფესიებია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ყოველთვის ვამბობ, როგორც საუბარზე და მოძრაობაზე ვერ იტყვი უარს, ასევე არის საზოგადოებასთან ურთიერთობაც - მის გარეშე არაფერი გამოდის"

რა პროექტებს ახორციელებთ და რომელია შენთვის მნიშვნელოვანი?

"ჩვენ თავად ვირჩევთ კლიენტებს. თუ თემა და დამკვეთი არ მოგვწონს, არ ვთანამშრომლობთ მათთან. გვყავს ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი და საინტერესო კლიენტები. ვთანამშრომლობ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი (EU), ა.შ.შ განვითარების სააგენტო (USAID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) და სხვა."

ელდარ პირმისაშვილი PR და კომუნიკაციის სფეროს განვითარებით არის დაკავებული. იგი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია, GIPA-სა და კავკასიის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, ატარებს ტრენინგებს საკომუნიკაციო დისციპლინებში და წიგნის "10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად" ავტორია.

როგორია შენი ერთი დღე ? კვირა საღამოს ვგეგმავ შემდეგი კვირის განრიგს. დილით ადრე ვერ ვდგები, რადგან ღამე გვიან მიწევს დაძინება. ვამოწმებ მეილებს, თანამშრომლებთან ერთად განვიხილავ რა გვაქვს გასაკეთებელი, აუცილებლად ვკითხულობ როგორ არიან ჩვენი კლიენტები, რა საჭიროება აქვთ და ვაგვარებ ყოველდღიურ საქმეებს. ვესწრები და ვაწყობ შეხვედრებს, საღამოობით გავრბივარ ლექციებზე ან პრეზენტაციებზე. თავისუფალ დროს ვკითხულობ პროფესიულ და მხატვრულ ლიტერატურას, დავდივარ ბევრს, ლისის ტბასთან ავიშენე სახლი და გარემო მაძლევს განმარტოების და ბუნებასთან ურთიერთობის საშუალებას, სიარული მეხმარება განტვირთვაში, ასევე ფიქრში. ჩემი პროფესია ბევრ ფიქრს და ქმედებას მოითხოვს, ასე რომ სულ ფორმაში უნდა ვიყო.

თამუნა მაისურაძე

(R)