"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში

მალე ჟურნალ "გზასთან" ერთად ორ კვირაში ერთხელ გამოვა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მკითხველს მართლაც უნიკალურ საჩუქარს სთავაზობს: მალე ჟურნალ "გზასთან" ერთად ორ კვირაში ერთხელ გამოვა "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები", რომელიც მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს, ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხების სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა. ინფორმირებული მკითხველები უკვე მოუთმენლად ელიან მას, მათთვის კი, ვისაც ჯერ არ სმენია ამ პროექტის შესახებ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერი ანა კოპაძე გვესაუბრება:

- მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ზღაპრები, თქმულებები, იგავები, ბალადები მკითხველთა ყველა თაობის ინტერესის საგანი იყო და რჩება დღემდე. ეს ერთგვარი კულტურული რელიკვიაა, რომელიც მიმობნეულია სხვადასხვა გამოცემაში, არქივებსა და საცავებში. დღეს ამგვარი ლიტერატურა, ერთად თავმოყრილი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და, შესაბამისად, ერთგვარი სიცარიელეა ამ მხრივ წიგნის ბაზარზეც. ამის შესახებ გამუდმებით გვწერდნენ მკითხველებიც და სწორედ ამან დაგვაფიქრა ახალი, შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი სერიის შექმნაზე.

ამ იდეის ხორცშესხმას არცთუ მცირე შრომა დასჭირდა. დავიწყეთ მოძიება იმ ადამიანების, რომლებსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოცემისთვის თუ პროფესიული ინტერესის გამო უმუშავიათ ამ ლიტერატურის შემცველ წყაროებზე, უთარგმნიათ ან დაუმუშავებიათ მსგავსი ტექსტები. ჩვენი რედაქტორები გულდასმით არჩევენ და ახარისხებენ ამ ტექსტებს, რათა ჩვენი ახალი სერია თანაბრად საინტერესო იყოს როგორც უფროსი თაობის, ისე ახალგაზრდა და მოზარდი მკითხველისთვის. სხვათა შორის, ეს იდეა გავუზიარეთ ბატონ ჯენეტო ჭანტურაიას, რომელმაც თავის დროზე დიდი შრომა გასწია ფრანგული ზღაპრების შერჩევა-მოძიებისა და თარგმნისათვის. ბატონი ჯენეტო თვეობით მუშაობდა საფრანგეთის ბიბლოთეკებში ფრანგული ხალხური ზღაპრების შესაგროვებლად, საფრანგეთის კუთხეების მიხედვით ალაგებდა მათ. ჩვენმა განზრახვამ ის ძალიან გაახარა და გულწრფელად გულშემატკივრობს ჩვენს წამოწყებას.

- ცხადია, ზღაპარი ხომ მხოლოდ ზღაპარი არ არის, ის უამრავ ცხოვრებისეულ სიბრძნეს ინახავს, "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში" კი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ცხოვრებისეული სიბრძნეა. - ამ სერიის ყოველი ტომი მეტყველებს იმ ხალხების კულტურაზე, ყოფასა და წეს-ჩვეულებებზე, რომელთაც ეს ზღაპრები შექმნეს.

ყოველი ზღაპარი კლასიკაა და ამდენად, საოცრად მშობლიურია. მათი კითხვა ნებისმიერ ადამიანს - დიდს თუ პატარას გაიტაცებს. თუკი ზღაპარი სიბრძნეა, ამ საგანძურში შემონახული მსოფლიო სიბრძნე ინტერესმოკლებული არ იქნება არავისთვის, რადგან ამ საგანძურით ცხოვრების უამრავი ნიუანსის სწავლა შეიძლება. ამასთან, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ წიგნებით მკითხველი იმოგზაურებს დროსა და სივრცეში, გაეცნობა მსოფლიოს ხალხების თავგადასავალს.

ჩვენი, "ქართული ხალხური ზღაპრები", ორ ტომად გამოიცემა. რაც შეეხება ყდის კონცეფციას, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია, ამაზეც ბევრი ვიფიქრეთ. ჩვენი ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი ყდები, რომლებიც თან ამ კლასიკურ სტილს შეესაბამებოდა და თან მიესადაგებოდა თანამედროვე მკითხველის გემოვნებას. Yწიგნების დიზაინი უნდა ყოფილიყო თანამედროვე და დახვეწილი. ასე რომ, არაერთი ვარიანტი განვიხილეთ. საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ ჩვენი ყდები, რასაკვირველია, იქნება მაგარი და ყოველ მათგანზე დავიტანთ იმ სიმბოლოს, რომელიც კონკრეტული ხალხის კულტურისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, კრებულის პირველი ტომის "ასურული ზღაპრების" ყდაზე ძველასურული ორნამენტებია გამოყენებული. შვედური ზღაპრების, რომელსაც ასევე მალე მიიღებს მკითხველი, ყდა შვედეთის დროშის ფერი იქნება.

ასე რომ, მკითხველს მართლაც მაღალხარისხოვან გამოცემას ვპირდებით. გამოგიტყდებით და, ჩვენც, ვინც ამ გამოცემაზე დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობთ, ვიხიბლებით იმ არაჩვეულებრივი ზღაპრებით, რომლებიც სერიაშია შესული. გვჯერა, რომ ამ წიგნებთან ერთად ჩვენი პატარა თუ დიდი მკითხველები მთელ მსოფლიოში, სივრცესა და დროში შეუზღუდავად და შეუნელებელი ინტერესით იმოგზაურებენ.