მაუწყებლობა თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში- როგორ უნდა უწყობდეს თანამედროვე რადიო ტენდენციებს ფეხს - კვირის პალიტრა

მაუწყებლობა თქვენს კომპიუტერსა თუ სმარტფონში- როგორ უნდა უწყობდეს თანამედროვე რადიო ტენდენციებს ფეხს

დღეს, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყარო ინტერნეტია. სულ რაღაც 20-30 წლის წინ კი რადიოსა თუ ტელევიზიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა 90-იან წლებში ელექტროენერგია ფუფუნებას წარმოადგენდა, ქვეყანაში არსებული სიახლეების შესახებ სწორედ რადიოს მეშვეობით იგებდნენ, ახალ მუსიკალურ ჰიტებსაც უსმენდნენ და საყვარელ წამყვანებს უკვე ხმით ცნობდნენ.

ახლა, როცა საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მოქალაქეთა ნაწილი მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია და ხშირად, ტელევიზორის ყურებასაც კი ვეღარ ასწრებს, რადიომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, სხვა დატვირთვა შეიძინა. გარდა იმისა, რომ ტრადიციულმა რადიომ ინტერნეტში მაუწყებლობაც დაიწყო, ის ინფორმაციის მიღების სწრაფ და მოსახერხებელ საშუალებად იქცა. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში საცობის გარეშე გადაადგილება უკვე წარმოუდგენელია. ჰოდა, მძღოლებიცა და მგზავრებიც მანქანაში ყოფნისას უმეტესად რადიოს უსმენენ.

რადიომ რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს კარგად აუწყო ფეხი, ამას ადასტურებს კვლევაც, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ში ჩატარდა. კვლევის თანახმად, ზრდასრულების 90% ყოველკვირეულად უსმენს რადიოს. ქვეყანაში 11 000 რადიო სადგური მაუწყებლობს, მათგან ყველაზე დიდის წლიური შემოსავალი კი 68 მილიონი აშშ დოლარია. ონლაინ რადიო ძალიან დიდ როლს თამშობს რადიოს მზარდ პოპულარობაში. 2017 წელს ამერიკის რადიოების საერთო შემოსავალი 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო, საიდანაც 890 მილიონი აშშ დოლარი ონლაინ რადიოს წილი დაფიქსირდა.

რადიოს მოსმენის ორი მთავარი მიზეზი არის სასიამოვნო მუსიკა და ინფორმაციის სწრაფად და ოპერატიულად მიღების შესაძლებლობა.

მნიშნელოვანია, რომ რადიო სადგურები თანამედროვე მოთხოვნებს მოერგონ და მსმენელს შესთავაზონ ის და იმ ფორმით, როგორი მოლოდინიც მისგან აქვთ. რადიოების ნაწილმა აღნიშნული მოახერხა, მაგალითად, გადავიდა ონლაინ პლატფორამზე და მსმენელს სასიამოვნო მუსიკასთან ერთად, საინტერესო და საჭირო ინფორმაციასაც ოპერატიულად სთავაზობს.

აშშ-ს მსგავსად თანამედროვე ფორმატზე გადასვლა საქართველოში არსებული რადიოების ნაწილმაც მოახერხა. მაგალითად, #1 საინფორმაციო რადიო "პალიტრა" (FM 103,9) მსმენელის მოთხოვნებსა და ინტერესებს მაქსიმალურად ერგება. საინფორმაციო გამოშვებები ეთერში დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე გადის. დილით, ახალი ამბები ეთერში ყოველ ნახევარ საათში ერთხელაა და მოიცავს ბიზნესსიახლეებსაც. დღის განმავლობაში კი საინფორმაციო გამოშვებები საათში ერთხელ არის. ყოველ სამუშაო დღეს 18:00 საათზე ეთერშია ვრცელი საინფორმაციო გამოშვება, რომელიც დღის განმავლობაში მომხდარ მთავარ ამბებს აჯამებს.

როგორც რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია განმარტავს, საინფორმაციო გამოშვებები სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

"წამყვანებთან ერთად, მსმენელების ინფორმირებას უზრუნველყოფენ ჩვენი ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან. სხვადასხვა წერტილიდან კორესპონდენტების ჩართვებით გამოშვებები უფრო ცოცხალი, დინამიური და, რა თქმა უნდა, ოპერატიულია. მსმენელის სანდო და დროულ ინფორმირებაზე პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. წამყვანებს - კოკა კვირკველიას, ლალი ვეზირიშვილსა და ზურაბ თვაურს, პირდაპირ ეთერში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება კორესპონდენტებს, "პალიტრა მედიას" ინტეგრირებულ ნიუსრუმში სხვადასხვა პლატფორმაზე გამოცდილი ჟურნალისტები საქმიანობენ. ისინი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მუშაობენ და ვცდილობთ, მსმენელის ინტერესის დასაკმაყოფილებლად მათი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ჩვენი ძირითადი ბირთვი რადიო "პალიტრის", სააგენტო "ინტერპრესნიუსისა" და "პალიტრანიუსის" კორესპონდენტები არიან. ამ გუნდით ვამაყობ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რადიო პალიტრა ნომერ პირველი საინფორმაციო რადიოა," - განმარტავს ანა მარშანია.

რადიო "პალიტრას" სანდო და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაში ეხმარება ისიც, რომ იგი არაერთ რეგიონში მაუწყებლობს და არაერთი რეგიონული ჟურნალისტი ჰყავს. გასულ ზაფხულს, აჭარაში მაუწყებლობის დაწყებისთანავე, სპეციალურად აჭარისთვის ცალკე სამაუწყებლო ბადე შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარაში მყოფი აუდიტორიისთვის სპეცპროექტები მზადდება.

"ვამზადებთ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც აჭარაში ან აჭარასთან დაკავშირებულ მოვლენებს მოიცავს. გარდა ამისა, ვაკეთებთ აჭარული პრესისა და ვების მიმოხილვას. ყოველ სამუშაო დღეს კი, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ეთერში გადის გადაცემა "მოკლე ჩართვა აჭარიდან", სადაც როგორც ზოგადად ქვეყანაში, ასევე ლოკალურად აჭარაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, მოსახლეობის აზრს ქუჩის გამოკითხვის მეშვეობით ვიგებთ. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია," - დაამატა ანა მარშანიამ.

რადიო "პალიტრა" პოპულარობის შენარჩუნებას მისი მსმენლზე მაქსიმალურად მორგებული ბადით ახერხებს. ზოგადად კი "ფორბსის" ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სმარტფონების ეპოქაში რადიომ ახალი დატვირთვა შეიძინა: "თუ ახალგაზრდები რადიოს ძველი ტრადიციისამებრ არ უსმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის "მოკვდა", პირიქით, იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტენდენციებს ფეხი სწორად აუწყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რადიოს კომპიუტერსა თუ სმარტფონში მოსმენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, რადიო "პალიტრას" მოსმენა საიტების http://radiopalitra.ge/, https://palitranews.ge/ და "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობითაც შესაძლებელია.