"არა ინტელექტის ოკუპაციას!"
"არა ინტელექტის ოკუპაციას!"
"საავტორო უფლებების სფეროში რუსული საფრთხე ძლიერდება"

რუსეთის ოკუპაცია, რომელიც გასულ საუკუნეში საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო, სხვადასხვა ფორ­მით კვლავაც გრძელდება. ყველაზე მწვავე და მტკივნეული მცოცავი ოკუპაციაა, თუმცა...

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და მისი უფლებამოსილებები და საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონითაა გაწერილი. თუმცა ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ასოციაციამ აქტიური საქმიანობა 2012 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში ჰონორარის შეგროვების მხრივ რეგიონის ლიდერები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. საავტორო უფლებების
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველო 2012 წლამდე წლიურად 250 000 ლარს აგროვებდა. 2015 წელს უკვე რეგიონის ლიდერად იქცა. 2018 წელს ჰონორარმა 5.100.000 ლარს მიაღწია. ამ შედეგით საქართველოს ამბიცია აქვს, რომ გაუთანაბრდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

მსოფლიოში ასოციაციის ანალოგიური 239 ორგანიზაციაა და მათ გაერთიანებას CISAC ჰქვია. სწორედ CISAC-ის რეიტინგით
გახდა საქართველო 2015 წელს რეგიონის ლიდერი, რაც რუსეთისთვის, როგორც კონკურენტისთვის, სასიხარულო ნამდვილად არ ყოფილა.
გიგა კობალაძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) თავმჯდომარე:
"რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იყო 2017 წელს ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციის (EACOP) დაარსება. რუსეთმა კონფედერაციაში შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურად შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და მის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება.

EACOP-ის დაარსებისთანავე რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკება, რეალურად კი ზეწოლა - ის საქართველოსგან ევრაზიის კონფედერაციაში გაერთიანებას მოითხოვდა.

ჩვენ მათთან გაერთიანებაზე უარი ვთქვით. ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში და ეს გაერთიანება ამ პოზიციას აუცილებლად დაგვაკარგვინებდა. მეორე მხრივ, ეს კავშირი ურთიერთობას გაგვიფუჭებდა CISAC-სთან, ხელს შეუშლიდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, სადაც ერთი თავი ეთმობა ინტელექტუალურ საკუთრებასა და მისი დაცვის ვალდებულებას. ჩვენმა უარმა რუსეთი ძალიან გააღიზიანა და ზეწოლის ახალ ხერხს მიმართა - სწორედ ამას ვუკავშირებ ახალი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც ავტორებს ეუბნება, რომ მეტ ჰონორარს შეაგროვებს და მისცემს მათ.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია GCA-ს ალტერნატივა და შემცვლელი ვერ გახდება, რადგან ამის იურიდიული შესაძლებლობა არა აქვს. კანონით მკაცრად არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს უფლებამოსილება, გასცეს ნებართვა და შეაგროვოს ჰონორარი, ანუ იყოს კოლექტიური მართვის სტატუსის მქონე. ამისთვის მას მსოფლიოში არსებული ანალოგიური ორგანიზაციების უმრავლესობასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული.

თუ მხოლოდ მუსიკის სფეროზე ვისაუბრებთ, მათ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 120 ხელშეკრულება, რადგან სულ 239 ორგანიზაციაა მსოფლიოში. GCA-ს 202 ხელშეკრულება აქვს. თეორიული შანსიც კი უმცირესია იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ საჭირო რაოდენობის ხელშეკრულება მოაგროვოს, რადგან უცხოეთის ორგანიზაციებს ხელშეკრულების გაფორმება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი GCA-სთან გაწყვეტენ თანამშრომლობას. ამას კი კონკრეტული მიზეზები სჭირდება, რაც არ არსებობს.

მეორე იურიდიული წინააღმდეგობაა ასევე კანონით დადგენილი კრიტერიუმი, რომ შესაძლებელია ერთ სფეროში შეიქმნას მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელიც საავტორო უფლებებს დაარეგულირებს, ის კი GCA-ის სახით უკვე არსებობს.

სავარაუდოდ, რუსეთის მიერ მართული გაერთიანებები ავტორებზე ფულით მანიპულირებასაც ცდილობენ და ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუსეთს ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარი აქვს გადმორიცხული, ვიდრე ავტორებმა მიიღეს. ჩვენ დავინტერესდით ოფიციალური მაჩვენებლებით და გავარკვიეთ, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რუსეთს გადმორიცხული აქვს ჯამში 125.000 ლარი, საქართველოს კი რუსეთისთვის გადარიცხული აქვს 420.000 ლარი. ამ ციფრებითაც აშკარაა, რომ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია რუსეთისაზე უკეთ მუშაობს.

იმასაც კი ამბობენ, თითქოს ქართველი ავტორების სახელზე რუსეთში უკვე შეგროვებულია დიდი ოდენობით ჰონორარი, რომელიც მათ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ჩაერიცხებათ. მთავარი საფრთხე კი არის RAO-ს მიერ შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი IP CHAIN, რომელიც კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და მის მფლობელთა შესახებ ინფორმაციას აკონტროლებს. საქართველოს გაწევრების შემთხვევაში ქართველ ავტორთა შესახებ სრული ინფორმაციაც რუსეთის ხელში აღმოჩნდება", - დასძენს გიგა კობალაძე.

ინტელექტის ოკუპაციის საფრთხე რომ რეალურია, ნათლად მეტყველებს უკრაინის მაგალითიც - გეგმა, რომლის ხორცშესხმა რუსეთს საქართველოში სურს, მან უკრაინაში 2013 წელს შეასრულა. უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია (UACRR) 2013 წლამდე რეგიონში ლიდერი იყო. რუსეთმა მის დასასუსტებლად ზუსტად იმავე მეთოდებით შექმნა ჯერ 2, შემდგომ კი 17 დამატებითი ორგანიზაცია, რომლებმაც ხელოვნურად შეამცირეს ტარიფები და რამაც შეგროვებული ჰონორარი ათჯერ შეამცირა. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერობა, არამედ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის აღმოჩნდა.

"ახლა რუსეთი ცდილობს იგივე სცენარი საქართველოშიც გამოიყენოს. თუ ოკუპანტმა მიზანს მიაღწია, საქართველოში ჰონორარი ძალზე შემცირდება. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ავტორები არ წამოეგონ პროვოკაციაზე, არ დაიჯერონ ათასგვარი დაპირება. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც. მე უკვე ვთხოვე მას დახმარება, რათა უკრაინის სცენარი საქართველოშიც არ განმეორდეს.
აუცილებელია საავტორო­ უფლებებში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელის, "საქპატენტის" ჩართუ­ლობაც და გასახარია, რომ მისი პოზიციაც ადეკვატ­ურია - რუსეთის გეგმ­ის ხორცშესხმა პირდაპ­ირ შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლასა და ასოცირების ხე­ლშეკრულებას".

ნანა მღებრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები