შალვა გვარამაძის ღვინის მარნის ისტორია - კვირის პალიტრა

შალვა გვარამაძის ღვინის მარნის ისტორია

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია ათეულობით წელს ითვლის. ჩვენთან გავრცელებული უნიკალური ვაზის ჯიშები კი მსოფლიო მეღვინეობის მუზეუმებშია დაცული. სწორედ ამ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშებით და ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდით გამორჩეულმა ქართულმა კომპანიამ "შალვა გვარამაძის ღვინის მარანმა" მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები მიიღო და მსოფლიოს უნიკალური ქართული ღვინო წარუდგინა.

იაპონიაში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Sakura Japan Women’s Wine Awards 2019 შალვა გვარამაძის მეღვინეობის 2017 წლის საფერავი ორმაგი ოქროსმფლობელი გახდა. გარდა ამისა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა შალვა გვარამაძისმეღვინეობის 2017 წლის წარაფი. ჩინეთშბ კი, China Wine and Spirits Awards (CWSA) ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე შალვა გვარამაძის მეღვინეობის 2017 წლის საფერავი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ჩვენ წარმატებული ქართული ღვინის კომპანიის დამფუძნებელს შალვა გვარამაძეს ვესაუბრეთ:

"ჩვენ წარმოშობით მესხეთიდან ვართ. ჩვენი მშობლიური მხარე აწყურია. პაპაჩემი კარგი მევენახე იყო, ქვევრები ჰქონდა და ვენახსაც კარგად უვლიდა. სწორედ ამიტომ, ბავშვობიდან მივეჩვიე ვენახთან მუშაობას, მის მოვლას, ქვევრების რეცხვას და ის ყველა წვრილმანი შევისწავლე, რაც პაპამ იცოდა. ქალაქში რომ გადმოვსახლდით, სოფელთან კავშირი არ გაგვიწყვეტია, სოფელში ხიხვის ჯიშის ვაზი გვქონდა და კომუნისტური წყობილების დროს გაჩეხეს, ამბობდნენ ვაზი ნაკლებ მოსავლიანობასთან ერთად რთული მოსავლელიაო. სწორედ ასე დარჩა მესხეთი ვენახების გარეშე, მხოლოდ ოჯახებში ჰქონდათ ვენახი შემორჩენილი.

დაახლოებით 90-იანი წლებიდან, მაშინ უკვე მეცნიერებათა აკადემიაში ვმუშაობდი, მოგვეცა საშუალება საკუთარი ვენახები შეგვეძინა, ნელ-ნელა დავიწყე ადგილების ძებნა, სად შეიძლებოდა საუკეთესო ვენახის გაშენება. მოვიარე ქართლი, იმერეთი, საბოლოო ჯამში, არჩევანი კახეთზე შევაჩერე. კონკრეტულად სოფელ კარდენახზე.

კარდენახში მისი ადგილმდებარეობის გამო, ოპტიმალურად იტვირთება ვენახი როგორც გლუკოზით, ასევე ღვინის მჟავით. აი,მაგალითად, ალაზნის ჩრდილოეთით, ყურძნის მჟავიანობა მაღალია და სამხრეთით შაქრიანობა სძალავს, სწორედ ამიტომ, ამ ღვინოებს უფრო პორტვეინისთვის იყენებდნენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოფელ კარდენახში სეტყვის სტატისტიკა ყველაზე მცირეა. სეტყვა მევენახის დიდი მტერია, რაც უფრო ახლოსაა სავენახე სავარგულები კავკასიონთან, იქ სეტყვის ალბათობაც ძალიან მაღალია, ამიტომაც არის რომ უფრო მეტად, სეტყვა თელავში, ახმეტის რაიონში და ყვარელში მოდის, თუმცა იქ ყურძენი საუკეთესო იცის.

ადგილის შემდეგ, ნელ-ნელა დავიწყე ყურძნის მოძიება. ამ საქმიანობაში თებურ ბერიძე დამეხმარა. დაახლოებით 2004-2005 წლისთვის, როცა საკმაო რაოდენობის მოსავალი დაგვიგროვდა, აღმოჩნდა, რომ ყურძენი არავის სჭირდებოდა. საჭიროებამ მოითხოვა ჩვენი ქარხანა გაგვეკეთებია. კარდენახში შევიძინეთ მიტოვებული ადგილი, ნელ-ნელა დავიწყეთ ქარხნის მშენებლობა, ამ ყველაფრის პარალელურად დავიწყეთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, რათა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გაგვეხადა ჩვენი წარმოება.

დავიწყე ხიხვის ძებნა, რადგან ბავშვობაში პაპა სწორედ ამ ჯიშს უვლიდა. კარდაკარ დავდიოდით და ასე ვეძებდით ხიხვს, თუმცა ვერც კარდენახში, ვერც გურჯაანში, ის ვერსად ვიპოვეთ. შემდეგ ერთ-ერთმა პროფესორმა მიგვასწავლა, რომ იტალიაში ვაზის ჯიშების მსოფლიო ბიბლიოთეკაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშებიც ჰქონდათ. მოვახერხეთ ისე, რომ 1 ჰა-ს საყოფი ნერგები ჩამოვიტანეთ. ხიხვის ნერგებმა საოცრად გაიხარა. ამის შემდეგ დავრგეთ ქისი, მწვანე.

ქარხანამ ფუნქციონირება 2008 წლიდან დაიწყო, სიმართლე გითხრათ ეს ყველაფერი ჰობი უფრო იყო, მაგრამ შემდეგ, ამ საქმიანობით ჩემი შვილი და რძალი დაინტერესდა და აქტიურად ჩავერთვეთ საქმეში.

ქარხანაში გვაქვს 260-მდე ქვევრი, რომელიც მე თავად მოვიძიე. 2005-2006 წლებში ქვევრი არავის აინტერესებდა, კარდაკარ დავდიოდი მიტოვებულ ქარხნებში, მიწიდან ქვევრებს ვიღებდი და ჩემთან ვაბინავებდი. ეს 260 ქვევრი 400-500 ტონამდე ქვევრის ღვინოს იძლევა. კომერციული მიზანი დიდი არ მქონდა. მე უფრო მინდოდა მაღალი კლასის ღვინო მეწარმოებინა. ღვინის მომხმარებელთა 80%, სამწუხაროდ, ვერ ერკვევა ღვინის ხარისხში, მათ შორის ქართველებიც.

ჩემი მიზანი იყო, ისეთი ღვინო გამეკეთებინა, რომელიც მაღალი კლასის სექტორს დააინტერესებდა. სწორედ არმიტომ დიდი ყურადღებით ვარჩევდი სავენახე მიწის ნაკვეთებს. ჩვენი ვენახებ ის უდიდესი ნაწილი გაშენებულია გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, მდინარე ალაზნის მარკვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 390 მეტრზე. ვენახების ნაწილი გაშენებული გვაქვს ქინძმარაულის ისოტორიულ მიკროზონაში, სოფელ ენისელის ტერიტორიაზე, ასევე წარაფების, ახოებისა და მოწყობილის მიკროზონებში. ქვევრის ღვინის პრეზენტაცია შვეიცარიაში გავაკეთე, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ასე ნელ-ნელა გაჩნდა "შალვა გვარამაძის ღვინის მარანი", ძალიან კარგი საფერავით, ხიხვით, ქისით, წარაფით და მწვანით.

რთველის წინ ჩვენ სკურპულოზურად ვარჩევთ და ვახარისხებთ ყურძენს, ღვინო დგება ქვევრში ტრადიციული კახური მეთოდით. განსხვავებით ქვევრის ღვინის დაყენების გლეხური წესისა, ქარხანაში ღვინო ლაბორატორიულად კონტროლირდება, შედეგმაც არ დააყოვა. ჩვენ დიდი სურვილი არ გვაქვს ყველა კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ღვინო თავისტავად ამბობს რომ კარგია, რადგან მოთხოვნა არის მაღალი.

მივიღეთ რამოდენიმე პრესტიჟული ჯილდო. გამოვარჩევ საფერავს, რომელმაც არაერთი პრიზი მიიღო, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენმა ქვევრის საფერავმა, საკურას ფესტივალზე ორმაგი ოქროს მედალი მიიღო სტრუქტურისათვის და არომატისათვის. წარაფმა მიიღო ოქროს მედალი ჰონკონგში, ასევე რუსეთში "აპლოდ ექსპორტზე" მივიღეთ ორი ოქროს მედალი.

პირველი ჯილდო

კარდენახში ჩვენთან ადგილწარმოშობის ღვინოკარდენახი ისხმებოდა. მათ ლიქიორულ ღვინოებსაც კი უწოდებენ. ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ამ ღვინის წარმოება აღმედგინა. ქალბატონ ნანა წიკლაურთან ერთად, აღვადგინეთ ზუსტად ის ტრადიცია და დავაყენეთ ღვინო "კადენახი". ჩვენმა დისტრიბუტორმა ეს ღვინო წაიღო ამერიკაში და მაშინ, როცა ამერიკაში ახალი შესულები ვიყავით, ცნობილი პრესტიჟული ჟურნალის: American Wine &Spirits- ის კონკურსში შემაგრებულ და ტკბილ ღვინოებში 100 ქულიდან ჩვენ 92 ქულა მივიღეთ, რაც ძალიან მაღალი შეფასებაა. ამის შესახებ დაიბეჭდა კიდეც ამ ამერიკულ ჟურნალში და სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი სიხარული, რადგან შექება პირდაპირ ამერიკული ბაზრისგან დავიმსახურეთ.

მაშინ, როცა დღეს ბევრი ღვინის ქარხანა გაიხსნა, ღვინის დაყენებისას ზოგი უჟანგავი ფოლადს იყენებს და ძირითადად, ღვინოს ფრანგული თუ იტალიური მეთოდით აყენებენ. გამახსენდა ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელიც იდენტობის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებს და მეც ილიას სიტყვების მიხედვით ქართული ტრადიციული მეთოდი გამოვიყენე და ღვინოს კახური ტრადიციული მეთოდითვამზადებთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვევრის ღვინის წარმოება თანამედროვე მეთოდების ათვისებასაც გულისხმობს. როცა ქვევრის ღვინოს გლეხი ოჯახური ტრადიციის და ინტუიციის საფუძველზე აწარმოებს, ეს სხვაა და არ გამოგვადგება, რადგან მაღალი დონის მომხმარებელს მაღალი მოთხოვნები აქვს.

მაღალი ხარისხის გამო, ჩვენი ღვინის თვითღირებულება მაღალია, მთელი დანადგარები, რომელიც წარმოებაში გამოიყენება ევროპიდან გვაქვს შემოტანილი. ევროპის ბაზარზე შესასვლელად კი კომპანია სერიოზულ და ამავე დროს ობიექტურ ბარიერს აწყდება, რომლის გადალახვა არ არის ადვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჩვენს ღვინოს ძალიან მაღალი დონის მომხმარებელი ჰყავს და ჩემი აზრით, სამომავლოდ, უცხოურ ბაზართან ერთად,აუცილებელია ქართული ბაზრის ათვისება. ჩვენი ღვინო გადის როგორც ამერიკაში ასევე, ევროპის ათუაზიის სხვა და სხვა ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი კომპანიებს უფრო მეტად დაიკავონ უცხოური ბაზარი, თუმცა ამისერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ლოჯისტიკის საკითხების მოგვარებაა. მეღვინე ბევრ პრობლემას აწყდება მაშინ, როცა მას ღვინის საზღვარგარეთ გატანასურს.

ჩვენი მიზანია, საქართველოსა თუ მსოფლიო ბაზარს მივაწოდოთ ის მაღალი კლასის ღვინო, რომელსაც "შალვა გვარამაძის ღვინის მარანი" ამზადებს. 10 მარტიდან ჩვენი ღვინო იაპონიაში მიემგზავრება, სლოგანით "საქართველო, ღვინის აკვანი" დაიწყება იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენა - გაყიდვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ღვინო კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.

ეკა გადახაბაძე

(R)