3 ვალდებულება, რასაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ასრულებს - კვირის პალიტრა

3 ვალდებულება, რასაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ასრულებს

საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების მაღალ დონეზე განხორციელებაზეა დამოკიდებული. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით გვაძლევს:

· საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა

· საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

· მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება

· დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა

· ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოში აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებებით. ზოგ საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესია, ზოგი შემთხვევაში კი განვითარების ტემპი სუსტია. ახლა გაგაცნობთ რამდენიმე მიმართულებას, რომელშიც რეალური ცვლილებები განხორციელდა.

ინტელექტუალური საკუთრება

ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო ვალდებულია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირისას დაუახლოვოს. სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ვალდებულია გაატაროს საკონონმდებლო ცვლილებები საქართველოს საპატენტო კანონში, სასაქონლო ნიშნის შესახებ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, დიზაინის შესახებ, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ და პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონებში.

ამ მიმართულებაში ყველაზე პრობლემური საავტორო და მომიჯნავე უფლებების სისტემის გამართვა და გაუმჯობესებაიყო, რაც რეალურად საკმაოდ წარმატებით განხორციელდა. ამ მიმართულებით კანონი საკმაოდ კარგი და დახვეწილია, მთავარი პრობლემა მისი აღსრულებაა. აღსრულებას კი ხელს უშლის ამ მიმართულებით ცნობიერების დაბალი დონეროგორც საავტორო უფლებების მფლობელებში, ისე მის მოსარგებლეებში.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA)აქტიური საქმიანობის შედეგად, 2015 წელს საქართველო ჰონორარის მოკრების კუთხით რეგიონის ლიდერად იქცა. რეიტინგს ადგენს მსოფლიო გაერთიანება CISAC-ი. 2018 წელს ჰონორარმა 5 100 000 ლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 20-ჯერ აღემატება 2012 წლამდე მაჩვენებლს. ამ შედეგით საქართველოს ამბიცია აქვს, რომ გაუთანაბრდეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. თუმცა როგორც ირკვევა ამ მიმართულებით საქართველოს შეიძლება, სერიოზული საფრთხე შეექმნას რუსეთის მხრიდან. რუსეთმა 2017 წელს შექმნა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია (EACOP), რომელშიც შეიყვანა ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი, ხაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. პარალელურ რეჟიმში, შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, IP CHAIN-ი, რომელმაც დაიწყო კონფედერაციის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება. როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში განმარტავენ, EACOP-ის დაარსებისთანავე რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო მოლაპარაკებები, რომელსაც რეალურად ზეწოლის სახე ჰქონდა და ევრაზიის კონფედერაციაში გაერთიანებას მოითხოვდნენ. ამ ასოციაცში გაერთიანება ხელს შეუშლის საქართველოს მიერ ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. რუსეთი კი ამ გაზაზე საქართველოს ხელშეშლას ყველა არსებული ხერხით ცდილობს და ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ. მათ შექმნეს ახალი ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის გეგმით GCA-ის ალტერნატივად მოიაზრება. ოკუპანტი სწორედ ამ ორგანიზაციის ჩართულობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოში საავტორო უფლებების მაღალ დონეზე დაცვას. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე ცუდ გავლენას იქონიებს და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში ხელსაც შეუშლის.

ჰაერის დაბინძურება და ტექდათვალიერება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა. ურბანულ გარემოში ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მთავარ მიზეზად დასახელებულია ავტომანქანების გამონაბოლქვი. საქართველოში ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია და განახლება სჭირდება. სახელმწიფოც სხვადასხვა ხერხით ახალი ავტომობილების შემოყვანის წახალისებას ცდილობს.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ ტექდათვალიერების სისტემა გაემართა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტექდათვალიერება უკვე ამოქმედდა. ტექდათვალიერების შედეგად, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 10 მარტამდე ავტომობილთა 45% დახარვეზდა, საიდანაც 10-15% გამონაბოლქვზე და დაახლოებით ამდენივე პროცენტი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაზე მოდის, დანარჩენი კი, ძირითადად ვიზუალური ხარვეზებია. საერთო ჯამში 140 ათას ერთეულ ავტოსატრანპორტო საშუალებას ჩაუტარდა ინსპექტირება.

რადგან ავტომობილების გამონაბოლქვი ჰაერის მთავარი დამაბინძურებელია, ვარაუდობენ, რომ ტექდათვალიერების სისტემის გამართულად ამუშავების შედეგად, ეს პრობლემა დიდწილად მოგვარდება. ეს ყველაფერი კი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

თამბაქოს კონტროლი

ასოცირების ხელშეკრულების ეროვნულ სამოქმედო სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველო მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების პრევენციის, ასევე თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ქმედითინაბიჯებიუნდა გადაიდგას.

ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილება მართლაც განხორციელდა. 2018 წლის პირველი სექტემბრიდან თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.ამასთან, აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 18 წლამდე პირებზე.

ცვლილებები განხორციელდა თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინშიც. თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების დატანას თამბაქოს ნაწარმის თითოეულ ყუთსა და კოლოფზე.