რა ხდება ავტობუსების 79 მილიონიან სადავო ტენდერში? - კვირის პალიტრა

რა ხდება ავტობუსების 79 მილიონიან სადავო ტენდერში?

ავტობუსების 79 მილიონიანი ტენდერის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის 1 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა 4 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ ტენდერის რეალური გამარჯვებული გამოვლენილი არ არის.

კომპანიას, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დადო, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მეორე პრეტენდეტი "ჯითი გრუპია“ რომელიც კომპანიის თქმით, სრულიად უსაფუძვლო მიზეზების გამო ჯერ დისკვალიფიცირებულ იქნა, თუმცა მათი არგუმენტირებული საჩივრის გამო კვლავ ტენდერში დააბრუნეს. რა ხდება ავტობუსების ტენდერის საკმაოდ გახმაურებულ საქმეში, bm.ge "ჯითი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს, ლევან გოგსაძეს ესაუბრა.

"როდესაც ტენდერი გაიხსნა, აღმოჩნდა რომ 1 ადგილზე ყველაზე დაბალი ფასით წარმოდგენილი იყო კომპანია "გრავიტა", რომელსაც მოეთხოვა დაზუსტება და მიეცა დისკვალიფიკაცია, რადგან გარკვეული დოკუმეტაცია არ იქნა მის მიერ დაზუსტებული, რაც ჩვენთვის გაურკევევლია და კითხვებს იწვევს“-აცხადებს ლევან გოგსაძე.

ჯითი ჯგუფის გენერალურ დირექტორს ეჭვი აქვს, რომ "გრავიტამ“ დოკუმენტაცია მიზანმიმართულად არ დააზუსტა, რის გამოც მას ტენდერში დისკვალიფიკაცია მიეცა.

ლევან გოგსაძე ამბობს, რომ "გრავიტას“ შემდეგ სწორედ მისი კომპანია, "ჯითი ჯგუფი“ იყო, რომელმაც 79 მილიონიან ტენდერში ყველაზე დაბალი, 15 მილიონ ლარით ნაკლები ფასი წარმოადგინა. ამბობს, რომ მათ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია დააზუსტეს, თუმცა ტენდერში მონაწილე მესამე კომპანიამ "ინტერავტო თრეიდინგმა“ მათი მისამართით შემსყიდველის მიერ დოკუმენტაციის დაზუსტების გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც მათი თქმით, ასევე მიზანმიმართულად განხორციელდა.

"ბრალი დაგვდეს არასწორად დოკუმენტების წარდგენაში, არაკეთილსინდისიერ ქმედებაში, აქედან დაიწყო ისტორია“

ამ ისტორიის მანძილზე დავების საბჭოზე გოგსაძის კომპანია 4 ჯერ წარსგა. ის, რაც დღემდე სადავო რჩება არის შემდეგი: აქვს თუ არა "ჯითი ჯგუფის“ პარტნიორ კომპანია "ისუზუს“ 10 ერთეული ავტობუსის ანალოგიური მოდელის მიწოდების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში.

გოგსაძე ამბობს, რომ მიუხედავად წარდგენილი საბაჟო, ექსპორტისა და ტრანზიტის დეკლარაციებისა, დავების საბჭომ მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.

"ველოდებოდით ამით დამთავრდა და მოგვანიჭებდნენ გამარჯვებას, მაგრამ დავების საბჭომ უცნაური ოქმი გამოსცა და თქვა, რომ არ დგინდება 1 ნოემბრამდე ასეთი გამოცდილების არსებობა. 1 ნოემბერზე არ ყოფილა აქამდე საუბარი და უცნაური იყო ჩვენთვის დავების საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება “-ამბობს გოგსაძე.

აქვს თუ არა "ჯითი ჯგუფის“ პარტნიორ თურქულ "ანადოლუ ჯგუფს“ , მათ მიერ წარმოებული ავტობუსების ევროკავშირში მიწოდების საკმარისი გამოცდილება , ამ კითხვით bm.ge-მ თავად კომპანიას მიმართა.

"თურქეთში ჩვენ პირველ წელს 362 ავტობუსის გაყიდვა შევძელით. დღეს ჩვენ ბაზრის 35%-იანი წილი გვიჭირავს და ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, ბაზრის ლიდერებიც ვართ. პარალელურად ჩვენ დიდი წარმეტებები გვაქვს ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ ავტობუსები ისეთ ქვეყნებში გავყიდეთ, როგორებიცაა საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი,იტალია და საბერძნეთი და სხვა.

მოტივირებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ ტენდერს მოვიგებთ, რადგან დარწმუნებულები ვართ ჩვენი ტრანსპორტის მაღალ ხარისხსა და მომსახურებაში. გვჯერა საქართველოსთან გრძლევადიანი პარტნიორული ურთიერთობები გვექნება“-განგვიცხადა ჰაკან კეფოღლუმ, " ანადოლუ ისუზუს“ ექსპორტის დირექტორმა.

"ჯითი ჯგუფის იურისტმა განგვიმარტა, რომ ტენდერიდან მათი კომპანიის დისკვალიფიცირებით დავების საბჭომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო და ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მომჩივანის პოზიცია თავისად გაასაღა, რითაც შესყიდვის პროცედურა ჩიხში შევიდა.

"ამ გადაწყვეტილებით სატენდერო კომისია, შემსყიდველი იძულებული იყო უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიეცა დისკვალიფიკაცია "ჯითი ჯგუფისთვის“.რადგან დაუსაბუთებლად მოხდა დისკვალიფიკაცია, კომპანიამ გამოიყენა კანონიერი უფლება გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება.

იმდენად სამართალიანი და საფუძვლიანი იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აქედან გამომდინარე დავების განხილვის საბჭოც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ "ჯითი გრუპის“ მიმართ დაირღვა შესყიდვების პროცედურები და მოქმედი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე ჩვენი საჩივრის საფუძველზე შემსყიდველ ორგანიზაციაში შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელმაც განიხილა "ჯითი ჯგუფის“ საჩივარი, სრულიად დაეთანხმა მომჩივანის კანონიერ პოზიციას და დააკმაყოფილა "ჯითი ჯგუფის“ საჩივარი.

სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა "ჯითი ჯგუფის ტენდერში დაბრუნება და მიდის ჩვენი კომპანიის სატენედრო წინადადების შერჩევა -შეფასების პროცესი“-აცხადებს ჩვენთან საუბარში კომპანიის იურისტი, ანი რუხაძე.

"ჯითი ჯგუფი“ ავტობუსების ტენდერის გაპრობლემებას "თეგეტა მოტორსის“ ინტერესებს უკავშირებს. გოგსაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილე კოპანიების: "გრავიტასა“ და "ინტერავტო თრეიდინგის“ უკან სწორედ "თეგეტა მოტორსი“ დგას.

"ეს არის ურთიერთდაკავშირებული პირები, რომლებიც ბინძურ თამაშს თამაშობენ. ვნახეთ, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება, იგივე შესყიდვების სააგენტოს ტენდერებში. გარდა ამისა აღმოვაჩინეთ ბევრი ფაქტი, როცა ერთად შედიან ტენდერში და შემდეგ ერთ-ერთი კომპანია არ აზუსტებს დოკუმეტაციას და იგებს უფრო მაღალფასიანი.

ერთი კურიოზული შემთხვევა ვნახეთ, როცა ერთ-ერთ ტენდერში "თეგეტას“ შეეშალა და ატვირთა "ინტერავტოს“ საბუთები. აქ გასაგებია, რომ ესენი თამაშობენ ერთ თამაშს“-აცხადებს გოგსაძე.

"თეგეტა მოტორსი“ ზემოთაღნიშნულ კომპანიებთან კავშირს გამორიცხავს. კომპანის პრესსამასახურში ამობენ, რომ "თეგეტას“ კომპანია "გრავიტასთან“ კავშირი არ აქვს, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს მათ ოფიციალურ გვერდზე მითითებული ინფორმაცია. ასევე კომპანიას საკონტაქტო ნომრად "თეგეტა მოტორსის“ ოფიციალური ნომერი აქვს მითითებული.

რაც შეეხება კომპანია "ინტერავტოს“, "თეგეტა“ არც ამ კომპანიასთან კავშირს ადასტურებს. საპირისპიროს მიუთითებს ფაქტობრივი გარემოებები. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით "თეგეტა მოტორსსა“ და "ინტერავტო თრეიდინგის“ მეწილეები ერთი ოჯახის წევრები არიან.

ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს კომპანიის იურისტი.

“რამდენადაც საქმის კურსში ვარ არსებობს ნათესაური კავშირი დამფუძნებლებს შორის, მაგრამ ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ტენდერთან მიმართებაში, რადგან ტენდერში მოანწილეობს "ინტერავტო თრეიდინგი“ და მისი სერვის პარტნიორია "თეგეტა მოტორსი“. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამას ტენდერთან მიმართებაში“-აცხადებს "ინეტრავტოს“ იურისტი ეკატერინე შანიძე.

შანიძე ტენდერებში კომპანიების შეთანხმებულ ქმედებასაც უარყოფს. ამბობს, რომ "ჯითი ჯგუფის“ მოთხოვნები უსაფუძვლოა და ისინი სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჯითი ჯგუფის ტენდერში დაბრუნება დავების საბჭოში გაასაჩივრეს.

რატომ დასჭირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გაეუქმებინა საკუთარი გადაწყვეტილება და კვლავ დაებრუნებინათ ტენდერში დისკვალიფიცირებული "ჯითი ჯგუფი“, ამ კითხვებს ნათელს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია მოჰფენდა, თუმცა მათ ამ თემაზე დავის დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 79 მილიონიან ავტობუსების ტენდერის საკმაოდ ხმაურიან საქმეზე იმავე მიზეზით არც შესყიდვების სააგენტო აკეთებს კომენტარს.

ამ უწყებებისგან არც "ჯითი ჯგუფს“ აქვს პასუხი მათ მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების-"თეგეტა მოტორსისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები იკვეთება.

"ჯითი ჯგუფში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წერილი გასული თვის დასაწყისში გააგზავნეს, თუმცა ამ დრომდე მას რეაგირება არ მოჰყოლია.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო

(R)