"ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს გაჯეტების ეპოქაში ყველაზე დიდი სიამოვნება კითხვამ მიანიჭოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს გაჯეტების ეპოქაში ყველაზე დიდი სიამოვნება კითხვამ მიანიჭოს"

"წიგნის მოყვარულთა რიცხვი კვირიდან კვირამდე იზრდება. კითხვას ხატვისთვის განკუთვნილი დრო მოსდევს და დრო თვალის დახამხამებაში აზრიანად და მხიარულად გადის. ბავშვებს აქედან წასვლა აღარ უნდათ, შინ წუწუნით მიდიან და კიდევ მოვალთო, ერთმანეთს უთანხმდებიან შემდეგი შეხვედრისთვის"

ჯერ იყო მიზანი... რომ ბავშვებს გაჯეტების ეპოქაში ყველაზე დიდი სიამოვნება კითხვამ მიანიჭოს. მერე მიზნის მისაღწევად შესაფერისი გზის ძიებას შეუდგნენ: ფსიქოლოგებთან, პიარის სპეციალისტებთან, მწერლებთან, წიგნის მოყვარულებთან ერთად. ასე დაიბადა პროექტი, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას თბილისის და ბათუმის "ბიბლუსი გალერეაში" 5-დან 10 წლამდე ბავშვებს მასპინძლობს. პატარების სურვილის მიხედვით შერჩეული ცნობილი ადამიანები გვევლინებიან წიგნის მკითხველად, მათ შორის არიან მწერალი გიორგი კეკელიძე, მომღერალი თამარ ჭოხონელიძე, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ტელეწამყვანი ეთო ფურცხვანიძე, განათლების ექსპერტი პაატა პაპავა, მუსიკოსი გია ბაღაშვილი, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა, "ბიბლუსის" წარმომადგენელი იაკო კვიჭიძე და სხვები.

კითხვის საათები მხიარულად გადის, წიგნის მოყვარულთა რიცხვი კი კვირიდან კვირამდე იზრდება. კითხვას ხატვისთვის განკუთვნილი პერიოდი მოსდევს და დრო თვალის დახამხამებაში აზრიანად და მხიარულად გადის. ბავშვებს აქედან წასვლა აღარ უნდათ, შინ წუწუნით მიდიან და კიდევ მოვალთო, ერთმანეთს უთანხმდებიან შემდეგი შეხვედრისთვის.

"რა თქმა უნდა, "ბიბლუსის" წამოწყება შედეგზე იყო გათვლილი, მაგრამ რეალურმა სურათმა მოლოდინს გადააჭარბა", - ამბობენ "ბიბლუსში".

კმაყოფილი არიან მშობლებიც: "ჩემი პატარები მესამედ მივიყვანე კითხვის საათზე. ახალი მეგობრები შეიძინეს. კითხვის სურვილი გაუჩნდათ. ძილის წინ წიგნის წაკითხვას მთხოვენ, რაც ადრე იშვიათობა იყო. ძალიან მოგვწონს "ბიბლუსის" პროექტის ფორმატიც. კარგები ხართ, ღმერთმა დაგლოცოთ ასეთი სიკეთისთვის". "ბიბლუსმა" უქმეები გაგვილამაზა. ბავშვების მთავარი საფიქრალი ახალი წიგნების შერჩევა გახდა. დაიწყეს პერსონაჟების ხატვა, მათი დახასიათება, განხილვა, შეფასება... ბედნიერებაა, როცა ბავშვის გონება წიგნებით არის დაკავებული. მადლობა ამისთვის".

"დღევანდელი დღისთვის "ბიბლუსს" მადლობა. დღეს მესამედ ვიყავით. დავესწარით აფხაზავას, ჩანადირისა და ბაღაშვილის ღონისძიებებს. ძალიან მოგვეწონა კითხვის საათი. კიდევ და კიდევ მოვალთ".

"როგორი კმაყოფილი მივდივართ, არ იცით. კითხვის საათის შემდეგ შესრულებული ჩემი ბავშვის ნახატი ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო და ჯილდოც გადასცა. ისეთი ბედნიერია. ზუსტად ისეთი ღონისძიება იყო, როგორსაც ველოდი. გმადლობ, ჩემო ძვირფასებო".

"ძალიან კმაყოფილი მივდივართ. კითხვის სტილიც მოგვეწონა, მკითხველიც, ორგანიზებაც. მომავალ შაბათ-კვირამდე გემშვიდობებით".

ნინი ჯაფარიძე, "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "ბიბლუსის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი წიგნის პოპულარიზაციაა და ჩვენს ფილიალებში ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის ლიტერატურული საღამოები, სადაც ვიწვევთ სხვადასხვა მწერალს და განვიხილავთ ამა თუ იმ ნაწარმოებებს.

გვინდოდა სპეციალურად ბავშვებისთვისაც შეგვექმნა პროექტი, რომლის მეშვეობითაც უფრო მეტად შეიყვარებდნენ კითხვას. თითქმის ორი თვეა, რაც ჭავჭავაძეზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" კითხვის საათი იმართება. ჩვენი სტუმარი, რომელიც ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილია, ბავშვებს სხვადასხვა მოთხრობას უკითხავს. ღონისძიების დასასრულს საყვარელ პერსონაჟებს ხატავენ. ვარჩევთ ოთხ საუკეთესოს და ავტორებს ვასაჩუქრებთ. ვცდილობთ, რომ თითოეული შაბათ-კვირა პატარებისთვის ზეიმი იყოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა არც ერთი მათგანი არ გამოტოვონ და შვილები ამ ღონისძიებებს დაასწრონ.

დროის მცირე მონაკვეთში ჩვენი პროექტი ძალიან წარმატებული გახდა და ეს მშობლებისა და ჩვენი პატარა მეგობრების დამსახურებაა.

წასაკითხ წიგნებს წამყვანებსა და ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად ვირჩევთ. ყველას შეუძლია ფეისბუქკომენტარებში მიუთითოს საყვარელი ავტორი და ნაწარმოები, რომლის მოსმენაც "ბიბლუსში" გაუხარდებათ. ჩვენ შევეცდებით სურვილი ყველას შევუსრულოთ.