ბიბლუსის დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება! - კვირის პალიტრა

ბიბლუსის დიდი ლიტერატურული ტურნე გრძელდება!

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულთა "დიდი ლიტერატურული ტურნე" საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. თელავში, რუსთავსა და გორში დებიუტანტი ავტორები მკითხველებს უკვე შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს ხვდებიან და ახლოს ეცნობიან. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობს.

კონკურსს - "გახდი ბესტსელერის ავტორი" - გამომცემლობა "პალიტრა L " მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახელები და ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. 2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე ბესტსელერებია. წელს ხალხის რჩეული რომანები გახდა ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები", ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება". ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია"" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულებია.

ნათია ჯაგონდიშვილი: "პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" უნიკალური შანსია დამწყები ავტორებისათვის, საკუთარი ოცნება რეალობად იქციონ. ერთია წიგნის დაბეჭდვა, მეორეა შემდგომი პროცესი და სწორედ ამის ნაწილია დიდი ლიტერატურული ტურნეც. დედაქალაქი განებივრებულია კულტურული ღონისძიებებით, მაგრამ ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ წიგნით, არამედ თვითონაც მივიდეთ მკითხველებთან. მკითხველებთან შეხვედრა, მათი აზრის მოსმენა ყველა ავტორისათვის სასიამოვნოა. სწორედ ეს ზრდის მას, როგორც მწერალს, გამომცემლობა "პალიტრა L" კი მაქსიმალურად ზრუნავს ამაზე.

რაც შეეხება ჩემს წიგნს, "ცდუნებას", ხშირად ამბობენ, რომ ის რომანია სასიყვარულო სამკუთხედზე, მე კი ყოველთვის აღვნიშნავ, რომ წიგნის მთავარი აზრი არა სასიყვარულო სამკუთხედი, არამედ პერსონაჟის მიერ საკუთარი თავის ძიებაა, იმის გარკვევა, რა სურს სინამდვილეში და როგორ უნდა წარმართოს საკუთარი ცხოვრება. როგორ უნდა ვიცხოვროთ, ავყვეთ საკუთარ სურვილებს, თუ ვიფიქროთ იმაზე, რას იფიქრებენ სხვები..."

ვახტანგ ვახტანგაძე: "გახდი ბესტსელერის ავტორი" შესანიშნავი პროექტია. შარშანაც და წელსაც დამწყები ავტორების სადებიუტო ნაწარმოებები დაიბეჭდა. საქართველოში ძნელია წიგნის დაბეჭდვა, ძირითადად, ფინანსების გამო.

ამ პროექტმა მოგვცა შანსი, გვქონოდა საკუთარი წიგნები. ჩემს შემთხვევაში ეს ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდა, ზოგი ხალხის რჩეული გახდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გრძნობაა, როცა ადამიანთა თანადგომით იმარჯვებ.

არ მახსენდება, სხვა რომელიმე გამომცემელს ავტორებისთვის ტურნე მოეწყოს. ძალიან კარგი წამოწყებაა. ლიტერატურული საღამოები რეგიონებში იშვიათად იმართება. სასიამოვნოა, როდესაც უცხო ადამიანებს აცნობ საკუთარ ნამუშევარს. შენ ინტერესს აღუძრავ და ისიც კმაყოფილია ამ უშუალო ურთიერთობით. მთელი დასავლეთი საქართველო გვაქვს შემოსავლელი და იმედი მაქვს, მკითხველიც მრავლად დაგვხვდება".

რაც შეეხება ჩემს წიგნს, დაახლოებით 6-7 წელი ვწერდი და ოცდახუთ წლამდე დაგროვილი მთელი ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩავატიე. როგორი გამომივიდა, ამის გადაწყვეტას მკითხველს მივანდობ. ნუ შეგაშინებთ სათაური, პირიქით, სასიამოვნოდ გაკვირვებულებსაც კი დაგტოვებთ, რადგან დასასრულს მიხვდებით და დამეთანხმებით კიდეც, რომ ალაჰი ჩემი მეგობარია."

გვანცა გუბელაძე: "როდესაც ამ კონკურსის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ყველაფერი წიგნის გამოცემით არ მთავრდება.

შეიძლება ძალიან კარგი ნაწარმოები დაწერო, წიგნადაც გამოსცე, მაგრამ მკითხველამდე დიდი ხანი ვერ მივიდეს, რადგან შენ დამწყები მწერალი ხარ და არავინ გიცნობს... ან თვითონ შენ ვერ მიხვიდე მკითხველამდე, როგორც ავტორი, ვერ გაიგო მათი შთაბეჭდილებები, ვერ შეხვდე, ვერ გაეცნო. პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" სწორედ ამით არის გამორჩეული - მას შემდეგ, რაც წიგნი იბეჭდება, საშუალება გაქვს, შეხვდე შენს მკითხველს, გაიზიარო მათი შთაბეჭდილებები და გაუზიარო შენი; მოგისმინონ და მოუსმინო...

უკვე სამ ქალაქში შევხვდით მკითხველებს. მათ საშუალება ჰქონდათ, გაეგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა ნაწარმოებები, გვესაუბრა ლიტერატურის ვრცელ სამყაროსა და მწერლებზე. რუსთავში რვა მარტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, რომელსაც ქმნიან ქალები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ გადავხედავთ მსოფლიოს სამწერლო ისტორიას, ქალი მწერლების წილი შედარებით მცირეა.

სულ მინდოდა, გოგონებზე დამეწერა და არა - მხოლოდ გოგონებისთვის... ასე დაიწერა ჩემი წიგნი "შულამელი გოგონები". ეს არის ამბავი ამბავში, სხვადასხვა პერიოდში მცხოვრები გოგონების განცდებზე, გრძნობებზე, ტკივილებსა თუ ბედნიერებაზე. წიგნს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტები, ლეგენდები... შევეცადე, ეს ყველაფერი გამეცოცხლებინა და შემექმნა ამბავი გოგონებისა, რომელთაც მოუწევთ პასუხის გაცემა ნაწარმოებში დასმულ შეკითხვაზე: "შენ გაბედავ საკუთარი თავის პოვნას, შულამელო გოგონავ?"

დიდი ლიტერატურული ტურნეს გრაფიკი:

19 მარტი, ოზურგეთი

ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე -

"რვა +1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00;

20 მარტი, ბათუმი

ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე -

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00;

ბათუმის "ბიბლუსი გალერეა", 19:00;

26 მარტი, ოზურგეთი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი -

"რვა +1" (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00;

27 მარტი, ბათუმი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00;

ბათუმის "ბიბლუსი გალერეა", 19:00;

2 აპრილი, ქუთაისი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე -

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14:00

(შოთა რუსთაველის გამზ. #5), 19:00;

3 აპრილი, ზუგდიდი

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე -

"არტ ჰოუსე" (რუსთაველის ქ. #87ა), 16:00;

10 აპრილი, ქუთაისი

ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი -

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14:00;

(შოთა რუსთაველის გამზ. #5), 19:00;

11 აპრილი, ზუგდიდი

ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი -

"არტ ჰოუსე"(რუსთაველის ქ. #87ა), 16:00.