"ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული" - კამპანია რომელმაც ქართველი ხელოვანები გააერთიანა
"ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული" - კამპანია რომელმაც ქართველი ხელოვანები გააერთიანა
"არა ინტელექტის ოკუპაციას" - ეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის კამპანიაა, რომელიც რუსეთის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაციის მიმართ არის მიმართული. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, რუსეთი ცდილობს, საქართველოში საავტორო უფლებები გააკონტროლს და ამისთვის ზეწოლისა და ციხის შიგნიდან გატეხვის მეთოდებსაც კი მიმართავს. კამპანიით "არა ინტელექტის ოკუპაციას" ასოციაციის წევრები და კამპანიაში მონაწილე ხელოვანები საქართველოში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საავტორო უფლებების დამცველი ახალი ორგანიზაციის დაარსების მცდელობას აპროტესტებენ.
საფრთხე საკმაოდ რეალურია, თუმცა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მხარს უჭერს
არაერთი ცნობილი და წარმატებული ავტორი.

მანანა მენაბდე, მუსიკოსი: "ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს და იქ ვმუშაობდი კიდეც. თუ შევამჩნიე, რომ ჩემი მეგობრებიც იჭრებიან ჩემი ქვეყნის
უფლებებში, მათ წინააღმდეგაც კი წავალ. ჩემს ბინაში ხომ არ შემოვუშვებ მეზობელს და ხომ არ მივცემ მისი წესების დაწესების საშუალებას. ჰოდა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ამის უფლება? ეს ხომ არ არის ქართველისა და რუსის ნამღერის შეფასება და ამაზე არჩევანის გაკეთება? სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და პროტესტს სხვა საფუძველი და მიზეზები აქვს. თან საქართველოში საავტორო უფლებათა ასოციაცია მშვენივრად მუშაობს და რა უფლება აქვს რუსეთს, რომ ჩაერიოს? რუსეთს კი არა, არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამის უფლება. მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის მხარეს ვიქნები. ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იმ ხალხასაც მინდა ვუთხრა, რომ დაფიქრდნენ, დღეს აიღებენ გარკვეულ თანხას და ხვალ აღარაფერი ექნებათ, ღირსებადაკარგულები იქნებიან. ღირსება კი ისეთი რამეა, რასაც ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდე. შეიძლება იყო ღარიბი, მაგრამ ღირსება არ უნდა დაკარგო."

ლევან ლაუდაძე, მუსიკოსი: "ქვეყანაში კანონით განსაზღვრულია, რომ უნდა იყოს ერთი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს მუსიკოსების საავტორო უფლებებს. ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც მიბმულია საერთაშორისო საზოგადოებასთან და ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. ბოლო პერიოდში გამოჩნდა ახალი ძალა ამ მიმართულებით, რომელსაც სურს გადაიბიროს მუსიკოსები. ეს ორგანიზაცია არის რუსული და მე პირადად რუსული კომპანიებისა და ორგანიზაციების მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი. განსაკუთრებით უარყოფითად ვუყურებ იმას, რომ კულტურის პროცესებში ცდილობენ ჩარევას. ჩემთვის, ამის წინააღმდეგი რომ ვიყო საკმარისია ის ფაქტიც, რომ რუსული კომპანიაა. ხალხი, ვინც მას წარმოადგენს და ცდილობს მუსიკოსების გადაბირებას, ჩემთვის ავტორიტეტი ნამდვილად არაა. ის ფაქტი, რომ დათო ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოღვაწეობენ რუსეთში და ახლა ცდილობენ ქართველი მუსიკოსების გადაბირებას და ორმაგი ანაზღაურების მიცემას, ჩემთვის სასაცილოა. დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ და მათი მიზანი დარჩება უბრალოდ მიზნად."

მიხეილ ზაქარიაშვილი, კომპოზიტორი: ქართველი ავტორების საავტორო უფლებები საქართველოშივე უნდა კონტროლდებოდეს. მეორე მხრივ, საქართველოში RAO-ს კონტროლირებადი ორგანიზაციის შემოსვლას იმიტომ ვეწინააღმდეგები, რომ ჩემი უფლებები რუსეთში ბევრჯერ დაირღვა. ამ სახელმწიფომ საკუთარ ქვეყანაში ვერ მოახერხა საავტორო უფლებების დაცვა და სხვაგან როგორ მოახერხებს? საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ გიგა კობალაძის ხელმძღვანელობით ჩვენთვის ბევრი გააკეთა, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი საქმიანობით. გაიზარდა ცნობიერებაც. საზოგადოებამ გაიგო, რომ საავტორო უფლებების დარღვევაც დარღვევაა. ამას ბევრი წელი და საკმაოდ დიდი კამპანია დასჭირდა. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყანაში ერთი ორგანიზაცია უნდა აკონტროლებდეს საავტორო უფლებებს. სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა, აქ კარგად ნამდვილად არაა დაცული საავტოფო უფლებები. მაგალითად, უკრაინაში მშვენივრად იყო დაცული საავტორო უფლებები, ვიდრე რუსეთი არ ჩაერია და რამდენიმე ორგანიზაცია არ გაჩნდა. არც რუსეთმა და არც სხვა ქვეყანამ არ უნდა აკონტროლოს საქართველოში საავტორო უფლებები."

ნეკა სებისკვერაძე, მომღერალი: "ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, რომელმაც ნულიდან დაიწყო საქმიანობა და მოკლე ხანში საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია. ასოციაციაში გაწევრიანებულია არაერთი ქართველი ავტორი, რომელთაგანაც მე მხოლოდ მადლიერება მესმის. ეს კი ძალიან დასაფასებელია. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იმ პოზიციაზე, რომ ვუგულშემატკივრო ყველაფერ ქართულს და არასდროს მომინდება იმ ქვეყნის ინსტიტუციის მხარდაჭერა, რომელიც ჩემი ქვეყნის ოკუპანტია. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ბევრს აკეთებს როგორც ქართველი ავტორებისთვის, ისე საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდის კუთხით. წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ზრდა აქვთ, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩემი მხარდაჭერა ყველაფერ ქართულს და მათ შორის, ასოციაციას, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე აპლოდისმენტებს იმსახურებს."
ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის საფრთხე და შესაბამისად კამპანია "არა ინტელექტის ოკუპაციას" ჯერ კიდევ გრძელდება. ამ ეტაპზე მასში 200 მდე ქართველმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო


რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები