"იკითხე ქართული" - მშობლიური მწერლობის ულამაზესი სამყარო ყველა თაობის მკითხველისთვის - კვირის პალიტრა

"იკითხე ქართული" - მშობლიური მწერლობის ულამაზესი სამყარო ყველა თაობის მკითხველისთვის

"იკითხე ქართულის" ფარგლებში გამოცემული ანა კალანდაძის კრებული სრულყოფილია"

გრძელდება "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის, "იკითხე ქართული" გამოცემა - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გაიყიდება ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ნიმუშები. მკითხველს საშუალება ექნება წაიკითხოს საყვარელი მწერლების მაღალმხატვრული ნაწარმოებები, მკითხველის ნაწილს კი პროექტი შესაძლებლობას მისცემს გაიცნოს მისთვის ახალი ლიტერატურა, რომელიც საინტერესო სამყაროს გადაუშლის.

ქართული ლიტერატურის მხარდამჭერ პროექტზე გამომცემლობის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური გვესაუბრება:

- გამომცემლობაში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა აზრი ისეთი პროექტის შექმნის შესახებ, რომელიც უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევდა ქართულ მწერლობას. ქართული მწერლობა უეჭველად იმსახურებს ასეთ მხარდაჭერას - ჩვენ გვაქვს მართლაც მაღალმხატვრული, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ნოვატორობით გამორჩეული მწერლობა, რომელიც ღირსია, რომ მკითხველმა გაიცნოს. თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ისე ხდებოდა, რომ ასპარეზზე შედარებით მეტად ჩანდა მწერალთა ერთი, განსაზღვრული ნაწილი და თითქოს ყურადღების მიღმა დარჩა ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ის ნაწილი, რომლის ნაწარმოებები ასევე ძალიან საინტერესოა და მკითხველშიც უკვე დიდი სიყვარულით სარგებლობს. მათ მიზეზთა გამო ხელი შეეშალათ, რომ მათი ნაწარმოებები მკითხველთან მისულიყო.

ჩვენს პროექტში გათვალისწინებულია უახლესი თაობის მწერლების იმ ნაწარმოებების წარმოჩენაც, რომლებიც ინტერესს იმსახურებს, თუმცა მკითხველი ნაკლებად იცნობს. შევეცდებით, რომ ეს სფერო რაც შეიძლება მეტად მოვიცვათ და საუკეთესო ნაწარმოებები გამოვცეთ.

ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა თამაზ ჭილაძის რომანი "აჰა, მიიწურა ზამთარი", რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული. მკითხველს საშუალება მივეცით კვლავ შეხვედროდა გურამ ფანჯიკიძის პოპულარულ რომანს "სპირალს", ამჯერად კი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა ანა კალანდაძის ლექსების კრებული. თუ რატომ შევარჩიეთ ამ პროექტისთვის ანა კალანდაძე, ვფიქრობ, ამას ვრცელი განმარტება არ სჭირდება.

- პოეტი, რომლის ლექსები მანამდე გავრცელდა, სანამ წიგნებად დაიბეჭდებოდა; პოეტი, რომელსაც სიცოცხლეშივე უწოდეს პოეზიის დედოფალი და რომლის წაკითხვა მართლაც უდიდესი სიამოვნებაა.

- ანა კალანდაძის სახელი, მისი პოეზიის საოცარი ლირიკულობა და სილაღე მართლაც განსაკუთრებულია ქართველი მკითხველისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს კრებული მომზადდა პოეტის ლექსების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცემის, "ანას" მიხედვით, რომელიც მის სიცოცხლეშივე, 2004 წელს გამოსცა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა.

- ანუ ამ გამოცემას თავად მწერალი ადევნებდა თვალს. - დიახ, ჩვენ კი ამ გამოცემას დავამატეთ პოეტის ის ლექსები სხვადასხვა გამოცემიდან, რომლებიც, მართლაც გულდასაწყვეტი იქნებოდა, თუ კრებულში ვერ მოხვდებოდა. ასე რომ, "იკითხე ქართულის" ფარგლებში გამოცემული ანა კალანდაძის კრებული სრულყოფილია.

მოგეხსენებათ, ანა კალანდაძის პოეზიას ახასიათებდა ერთგვარი ციკლურობა, ჩვენი კრებული კი პოეტის შემოქმედების ყველა ციკლს მოიცავს. ასე რომ, მისი პოეზია სრულყოფილად გადაიშლება ჩვენი მკითხველის თვალწინ.

- გარდა იმისა, რომ "იკითხე ქართულის" პროექტით მართლაც საინტერესო ქართული ლიტერატურა გამოიცემა, ცნობილია, რომ ეს პროექტი სხვა პროექტებისგან ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩევა. - ალბათ, ბევრისთვის არის ცნობილი ხელოვნების სასახლის ძალიან საინტერესო პროექტის, "ქართული ისტორიული ქსოვილის" შესახებ. ამ პროექტმა მოიცვა და შეისწავლა ქართული ეროვნული ქსოვილის ორნამენტები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. "იკითხე ქართულის" დიზაინი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შესწავლილი ქართული ისტორიული ქსოვილის ორნამენტებით არის გაფორმებული. ამავე ორნამენტებით იქნება შემკული ანა კალანდაძის კრებულიც.

პროექტის დასასრულს ჩვენი წიგნები, გარდა იმისა, რომ გაამდიდრებს მკითხველის ლიტერატურულ საგანძურს, მის წიგნის თაროზე შექმნიან ქართული ხალიჩის ფერებს.

პროექტში "იკითხე ქართული" შემავალ წიგნებს ყველა თაობის მკითხველი სიამოვნებით გადაშლის. თუმცა, ვფიქრობთ, ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალი თაობის მკითხველისთვის, რომელიც ამ ლიტერატურას შესაძლოა ჯერაც არ იცნობს. სწორედ მათთვის მომზადდა სიახლე, რომლითაც პროექტი განსხვავდება სხვა პროექტებისგან: თითოეულ კრებულს წინ უძღვის რომელიმე მწერლის ან ლიტერატურათმცოდნის წინათქმა. წინათქმა ერთგვარი გზამკვლევი იქნება იმ საინტერესო სამყაროში შესასვლელად, რომელსაც პროექტის თითოეული კრებული მკითხველს ჰპირდება. და კიდევ ერთი: ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი ჩვენს მწერლობას ახალი ნაწარმოებების შექმნის დიდ სტიმულს მისცემს.