"ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უახლესი მოდელები წარადგინა - კვირის პალიტრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ უახლესი მოდელები წარადგინა

"TOYOTA“-ს პირველმა ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - "ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ თავის ერთგულ მომხმარებელსა და ტოიოტას მოყვარულებს ახალი თაობის, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ლეგენდარული მოდელები - Toyota Corolla და Toyota RAV4-ი წარუდგინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

ახალი თაობის ავტომობილების პრეზენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ტადაჰარუ უეჰარა, "ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტი მიცურუ კონიში, იაპონიის საელჩოს, ტოიოტას რეგიონული ოფისისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და ავტომოყვარულები ესწრებოდნენ.

როგორც "ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი გურჩიანმა აღნიშნა, "ტოიოტას“ ორივე უახლესი მოდელი - განახლებული დიზაინის, გარემოზე ზრუნვის, ასევე, კომფორტის უახლესი ფუნქციებისა და უსაფრთხოების სისტემების წყალობით - მაქსიმალურად სრულყოფილი და კომფორტულია.

"ტოიოტას ჰიბრიდები თითქმის არ მოიხმარენ საწვავს და ხშირად მხოლოდ ელექტროძრავისა და ჰიბრიდული ბატარეის მეშვეობით გადაადგილდებიან. ტოიოტა ჰიბრიდული ტექნოლოგიების ლიდერია და მისი ახალი თაობის აქ წარმოდგენილი Corolla და RAV4-ი სრულყოფილებამდე დახვეწილი, ინოვაციური, მოქნილი და თვითდამუხტვადია. ორივე მოდელი უპრეცედენტოდ ეფექტური, საიმედო და მძლავრია. იმედი გვაქვს, რომ ტოიოტას ეს სიახლე ასევე მიმზიდველი აღმოჩნდება ჩვენი მომხმარებელისთვის“, - განაცხადა ირაკლი გურჩიანმა.

"თუ რამდენად გაბედული და დინამიურია მე-12 თაობის Toyota Corolla წინა მოდელებთან შედარებით და რამდენად ძირეულად არის შეცვლილი Toyota RAV 4-ის კონცეფცია, ამაში "ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მომხმარებლები და ავტომოყვარულები ახალი მოდელების დათვალიერებისას თავად დარწმუნდნენ.

ახალი თაობის Toyota Corolla აღჭურვილია 1,6-ლიტრიანი ბენზინის ძრავითა და 1,8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით - ეს პირველი შემთხვევაა Corolla-ს წარმოების მანძილზე, რომელიც მსოფლიოში ისედაც მაღალი ხარისხის, სანდო და გამძლე სედანად არის ცნობილი.

მე-12 თაობის Corolla-ს ვიზუალში ეფექტს იძლევა მსუბუქშენადნობი დისკები, განიერი რადიატორის ცხაური და შუქდიოდიანი წინა ფარები. უახლეს ავტომობილს ტევადი, ერგონომიული სალონი აქვს. მაღალხარისხიანი სენსორები და უახლესი ტექნოლოგიები განუმეორებლ ეფექტს ქმნის და მის უპირატესობას უსვამს ხაზს.

შთამბეჭდავია ახალი თაობის Toyota RAV4-ი. მისი მკვეთრად გაუმჯობესებული შესაძლებლობები სრულად ფარავს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ტოიოტას უახლესი პლატფორმის - GA-K-ს დამსახურებაა. ახალ RAV 4-ს უკეთესი მართვადობა, კომფორტული მგზავრობის სრული გარანტია, ტევადი ინტერიერი და 580 ლიტრის მოცულობის საბარგული აქვს, რაც ამ კლასის მოდელებში წამყვანი მახასიათებელია. აღსანიშნავია მისი დაბალსახურავიანი დიზაინი და უჩვეულოდ მაღალი ძარა.

ორივე მოდელის უახლეს ვერსიაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მათ დაემატა ისეთი ახალი ფუნქციები, რაც მძღოლებს მეტ კომფორტს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია ავტომობილებს შორის უსაფრთხო დისტანციის მართვა და შესაბამისი მანევრირებაა.

ახალი თაობის Toyota RAV4-ი და Toyota Corolla უკვე გაყიდვაშია. ორივე მოდელს გააჩნია ჰიბრიდული ძრავებიც, რაზეც საქართველოში დიდი მოთხოვნაა. "ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იმედს გამოთქვამს, რომ ტოიოტას მოყვარულები უყურადღებოდ არ დატოვებენ იმ ფაქტსაც, რომ "ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ ფილოსოფია და ინოვაციური მიდგომები მთლიანად ითვალისწინებს საერთაშორისო გარემოსდაცვით გამოწვევებს.

ახალი თაობის Corolla-ს და RAV 4-ის წარდგენის შემდეგ, "ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი გურჩიანმა, მრავალწლიანი თანამშრომლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის, თავისი ერთგული მომხმარებლები - საქართველოში მოქმედი კომპანიები დააჯილდოვა და მათ წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.