"წიგნის ჩუქების დღე ტრადიციად უნდა იქცეს" - კვირის პალიტრა

"წიგნის ჩუქების დღე ტრადიციად უნდა იქცეს"

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, წიგნი კი კაცობრიობის დაგროვილი მეხსიერებაა, სადაც ყოველივე საუკეთესო ჩაიბეჭდა. რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მით უკეთესად ვუგებთ ცხოვრებასა და ადამიანებს, მით უფრო მრავალფეროვანს ვხდით საკუთარ სამყაროს. სწორედ იმიტომაც არის წიგნი საუკეთესო საჩუქარი, მასში დაგროვილ სიბრძნეს სხვებს გადავცემთ და მათაც ვამდიდრებთ. გარდა ამისა, გაჩუქებით თავადაც სიამოვნებას ვიღებთ.

გასაკვირი არც არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იდეაც სწორედ წიგნის დღესთან დაკავშირებით შეიქმნა: მწერალ გიორგი კეკელიძეს გაუჩნდა იდეა, რომ სწორედ 23 აპრილს დაწესდეს წიგნის ჩუქების დღე. პროექტი სოციალურ ქსელში გააზიარა, რასაც იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თავად მწერალიც გააოცა. პროექტს მხარდაჭერა ათასობით მოქალაქემ, მათ შორის, საზოგადოების არაერთმა ნაცნობმა პირმა გამოუცხადა.

აი, როგორ ახსნა მწერალმა გიორგი კეკელიძემ ამ პროექტის მნიშვნელობა: "მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეთ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ".

ამ საინტერესო პროექტთან დაკავშირებით იდეის ავტორ გიორგი კეკელიძეს, მწერალ დათო ტურაშვილსა და ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას დავუკავშირდით, რომელთაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მთავარია, ვაჩუქოთ წიგნი, რომელსაც საკუთარი ემოციები გვიკარნახებს"

გიორგი კეკელიძე: მე მუდამ იმ აზრის გახლდით, რომ წიგნი უპირველესი და ამავე დროს მრავალმხრივი საჩუქარიც არის. მრავალმხრივობა უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ადამიანებს წიგნთან ერთად ვჩუქნით იმ მეხსიერებას და გამოცდილებას, რომელიც კაცობრიობამ აქამდე დააგროვა. აქედან გამომდინარე იმ შესაძლებლობასაც, რომ ეს მეხსიერება საკუთარი მომავლისთვის გამოიყენონ.

წიგნი არის ემოციური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნივთი და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების წყაროც. ის წარმატების წყაროც არის. ამ თვალსაზრისით წიგნის კითხვა გადამწყვეტ როლს თამაშობს, ისევე როგორც უწიგნურობა - წარუმატებლობაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო: წიგნი არის დამკვირვებელი ადამიანის მიერ დანახული და აღწერილი ადამიანის შინაგანი სამყარო, რომლის შესწავლა მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავიც შეიცნოს... საკუთარ მომავალზეც ჩამოაყალიბოს პრაგმატული აზრი.

რაც შეეხება გამოხმაურებას, რასაკვირველია, ველოდი, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ არა ასე სწრაფად და ასე მასობრივად, როგორც აიტაცეს. გვეხმაურებიან არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეები, არამედ სკოლები, უნივერსიტეტები, ჯგუფები, საზოგადოებები, სპორტსმენები, მათ შორის, რაგბის კავშირიც, რაც ძალიან მახარებს. მათ შორის არის წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" რომელიც ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი, ძლიერი და საიმედო მხარდამჭერია. მისი ასეთი აქტივობა პროექტისთვის უმნიშვნელოვანესი მსაზღვრელია.

მინდა ყველას მოვუწოდო წიგნის გაჩუქების იდეის გაზიარებისკენ. დიდი იმედი მაქვს, იდეა ტრადიციად იქცევა. იმის იმედიც მაქვს, რომ მალე პროექტში პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. სავალდებულო სულაც არ არის ერთმანეთს ვაჩუქოთ მხოლოდ მოდური წიგნები ან თუნდაც კლასიკა. მთავარია, ვაჩუქოთ წიგნი, რომელსაც საკუთარი ემოციები გვიკარნახებს. სწორედ ასეთი საჩუქარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი".

"ჩემთვის წიგნზე ძვირფასი საჩუქარი არც არსებობს"

დათო ტურაშვილი, მწერალი: "რასაკვირველია, უდიდესი სიხარულით და სიამოვნებით გამოვეხმაურები გიორგი კეკელიძის ინიციატივას. ეს ჩემთვის, ალბათ, ყველაზე ადვილია, რადგან ჩემთვის ყოველი დღე (თითქმის) ისედაც 23 აპრილია და წიგნებს (თითქმის) ყოველდღე ვჩუქნი!

თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ მაინც საქართველოს რომელიმე კუთხის რომელიმე სოფელში მიმაქვს ბავშვებისთვის წიგნები და ამ კეთილ საქმეში არაერთხელ სწორედ გიორგი კეკელიძე დამხმარებია და თანაც დიდი სიამოვნებით.

რაც შეეხება კონკრეტულად 23 აპრილს, ეს დღე, როგორც წიგნის ჩუქების დღე, დიდი ხანია აღინიშნება ესპანეთში და განსაკუთრებით კატალონიაში, სადაც წიგნებთან ერთად ქალებს ყვავილებსაც ჩუქნიან. ჩემთვის წიგნზე კარგი და ძვირფასი საჩუქარი არც არსებობს, რადგან არაფერი ისე არ ამდიდრებს ადამიანს (გონებრივად თუ სულიერად), როგორც წიგნი. ლიტერატურა ყველაზე მთავარი და ყველაზე გენიალური გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში".

"ვემზადები, რომ 23 აპრილს გასაჩუქებელი წიგნები შევიძინო"

გოდერძი შარაშია, ჟურნალისტი: "წიგნის ჩუქების დღის დაწესება და ჩუქება საუკეთესო იდეაა იდეათა შორის. მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, სადაც ამის ტრადიცია ძველთაგან იყო, როდესაც ჩვენი წინაპრები "ვეფხისტყაოსანს" მზითევში ატანდნენ. წიგნის ჩუქება კულტურის მაჩვენებელიც არის - როდესაც ერთმანეთს წიგნს ჩუქნიან, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა სხვებზე უკვე ერთი ნაბიჯით წინ არის; სხვა რამეში თუ არა, ამ მხრივ მაინც.

ჩვენ ერთი გამოცდილებაც გვაქვს: ხშირად რომელიმე იდეას საზოგადოების დიდი ნაწილი აიტაცებს და მოდურად აქცევს ხოლმე. თუ ეს წიგნის ჩუქების დღესაც შეეხება, ძალიან კარგი იქნება. ამ პროექტით წიგნს უფრო მეტი მკითხველი გამოუჩნდება.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ყველა პრობლემა სწორედ უწიგნურობისა და გაუნათლებლობის ბრალია.

წიგნიერება აუცილებელია, რათა ქვეყანაში იყოს ნაკლები აგრესია და ნაკლები ქილიკი, განკითხვა-გაკიცხვა და ა. შ. სწორედ ამის გამო დავუჭერ მხარს წიგნის პოპულარიზაციის ნებისმიერ პროექტს.

ეს პროექტი იმითაც მომწონს, რომ შემიძლია წინასწარ მოვნიშნო ისინი, ვისაც წიგნს ვაჩუქებ. მაგალითად, მე უპირველესად ჩემი ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი, მერე კი მეგობრები მოვნიშნე. რაც შეეხება გაჩუქებას, წიგნის მოყვარული კაცისთვის წიგნებით სავსე თაროები განძია და იქიდან ვერც ერთ წიგნს ვერ გააჩუქებს, ამიტომაც ვემზადები, რომ 23 აპრილს გასაჩუქებელი წიგნები შევიძინო. ამით კიდევ ერთ კარგ საქმეს გავაკეთებ - მხარდაჭერას გავუწევ გამომცემლებს, რომელთაც მინდა კიდევ ძალიან ბევრი წიგნი დაბეჭდონ."