"გახდი ბესტსელერის ავტორი-2019" გახდი სახალხო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - მესამე სეზონი დაიწყო! - კვირის პალიტრა

"გახდი ბესტსელერის ავტორი-2019" გახდი სახალხო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - მესამე სეზონი დაიწყო!

"გასული 2 სეზონის გამარჯვებულთა რომანები უკვე იქცა ბესტსელერებად და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. ამ კონკურსმა უკვე შექმნა უნიკალური ისტორია, რომელიც მესამე სეზონზე გაგრძელდება"

გამომცემლობა "პალიტრა L" იწყებს ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" მესამე სეზონს. კონკურსმა, რომელიც მასშტაბურ და სახალხო ლიტერატურულ პროექტად იქცა, უკვე გამოავლინა ავტორები, რომელთა რომანები ბესტსელერები გახდა და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. ასე შეესხა ხორცი იდეას, რომელიც ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორების აღმოჩენასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კონკურსის მესამე სეზონიც იმავე მიზანს ემსახურება: ნიჭიერი ავტორების გამოვლენასა და მათ დახმარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ცნობილ მწერლებსაც. ყოველ მათგანს უნიკალური შანსი ეძლევა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი ნაწარმოები დაიბეჭდოს. გამარჯვებულებიდან სამ მათგანს საზოგადოება აირჩევს, ორი კი მაღალკვალიფიციური ჟიურის რჩეული გახდება. განაცხადის შემოტანა 1-ლ აპრილს დაიწყო და 1-ლ მაისამდე გაგრძელდება. მესამე სეზონს სხვა სასიამოვნო ნიუანსებიც დაემატა...

კონკურსისა და მისი მიმდინარეობის შესახებ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე გვესაუბრა:

- გამომცემლობა "პალიტრა L" უკვე მესამედ იწყებს მასშტაბურ კონკურსს "გახდი ბესტსელერის" ავტორი. მათ, ვინც წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობენ, კონკურსში მონაწილეობით ეძლევათ საშუალება, ოცნება რეალობად აქციონ. ამის პრეცედენტები კი უკვე გვაქვს: გასული 2 სეზონის გამარჯვებულთა რომანები უკვე იქცა ბესტსელერებად და საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდა. ვფიქრობ, ამ კონკურსმა უკვე შექმნა უნიკალური ისტორია, რომელიც მესამე სეზონზე გაგრძელდება. არადა, როცა ვიწყებდით, დიდი ექსპერიმენტის წინაშე ვიდექით. ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა ისეთი ავტორები, რომლებიც არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, ვიწრო წრეში გახდებოდნენ პოპულარულები, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონებას დაიმსახურებდნენ, უპირველესად საქართველოში, მერე კი საზღვარგარეთაც. როდესაც ქართულ წიგნის მაღაზიათა ქსელებში გაყიდვების ტოპათეულებს ვნახულობდით და იქ ქართველები არ გვხვდებოდა, ეს იყო ჩვენთვის მოტივატორი. გვინდოდა, რომ მათ რიგებში ქართველი ავტორებიც ყოფილიყვნენ. შესაბამისად, დავიწყეთ ლიტერატურული პრეცედენტების ძებნა, თუ ვინ როგორ გახდა პოპულარული. მაგალითად თუნდაც სტივენ კინგს ან ჯოან როულინგს მოვიყვან. თუმცაღა ისეთი პროექტის მოძებნა, რომელიც ქართულ სინამდვილეს მოერგებოდა, გაგვიჭირდა და სხვა გზით წავედით: ვესაუბრეთ ცნობილ ქართველ მწერლებს, ვიმსჯელეთ და საბოლოოდ შევქმენით ქართული პროექტი, რომლის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, დავარქვით ის, რაც ჩვენი პროექტის მიზანი იყო: "გახდი ბესტსელერის ავტორი". ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ დავეხმარებოდით ნიჭიერ ადამიანებს ბესტსელერების შექმნაში. მოვიფიქრეთ ისეთი ფორმატი, რომ ამ ლიტერატურულ პროცესში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩართულიყო. მალევე მივხვდით, რომ ეს არ იყო არარეალური - თუკი შეიძლება მუსიკალურ პროექტში უამრავმა ადამიანმა მისცეს ხმა თავის რჩეულს, რატომ არ შეიძლება მომხდარიყო ეს ლიტერატურულ პროექტში, ესეც ხომ ხელოვნების ნაწილია!

მოხდა უნიკალური რამ - ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ლიტერატურულ პროცესში, რომლის მიზანი იყო, გამოგვევლინა საუკეთესო წიგნი! შარშანდელ კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" 99 554 კაცი მონაწილეობდა. სწორედ ამდენი ხმა იყო შემოსული სხვადასხვა ავტორის ნაწარმოების გამოსაცემად არჩევისთვის!

- თითქმის დაუჯერებელია ლიტერატურულ პროცესში ამდენი ადამიანის მონაწილეობა. მსგავსი მასშტაბურობა ცნობილი მუსიკალური კონკურსებისთვისაც იმიჯია. - მსგავსი რაოდენობის ხმა სხვა კონკურსებში ერთჯერადად მართლაც რეკორდად ითვლება. თუმცა, თუკი სხვა კონკურსებში ერთი და იმავე ტელეფონის ნომრიდან შეიძლება რამდენიმე ხმა მისცე, ჩვენს კონკურსში წიგნისთვის ხმის მიცემა ერთი ნომრიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა. სწორედ ეს როლი - წიგნის გამოცემის საქმეში მწერლის დახმარება იკისრა ამ კონკურსმა და ჩვენმა გამომცემლობამ. მეტიც, უკვე გამოცემული წიგნის, შესაბამისად, მწერლის, გზამკვლევისა და დამხმარის როლიც შეითავსა. დავინახეთ ისიც, რომ საზოგადოებას აქვს დიდი სურვილი, არსებობდეს კარგი ბესტსელერები და ეს სურვილი წიგნების გაყიდვაზეც აისახა. აი, ამიტომაც გადავწყვიტეთ კონკურსის მესამე სეზონის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვყოყმანობდით, ამდენი რომანი გადაჭარბებული ხომ არ იქნებოდა, მაგრამ გასული კონკურსების მონაცემებმა დაგვიდასტურა, რომ მესამე სეზონის ჩატარება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.

- როგორც ცნობილია, კონკურსის ორ სეზონზე გამოვლენილი საუკეთესო ავტორების წიგნებზე დიდი მოთხოვნაა. - 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, ელის დოჯსონი და შორენა ხუხუა, ხოლო 2018 წლის გამარჯვებულები ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე და იაგო თვალაბეიშვილი. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" გაყიდვების მასშტაბი რეკორდულია. ია კარგარეთელის რომანი "სხვა უდაბნოს საიდუმლო" აღმოსავლურ თემატიკას ეხება და საავტორო უფლებები უკვე გაიყიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. წიგნი არაბულად ითარგმნება და სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაიყიდება. შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით" გერმანულად ითარგმნა და წარდგენილი იყო ფრანკფურტის ფესტივალზე, სადაც მისმა ავსტრიელმა გამომცემელმა რედაქტორთან ერთად წარადგინა. წარმატებით იყიდება ჟიურის რჩეული ელის დოჯსონის "რაფლეზია". ავტორი უკვე მე-3 რომანზე მუშაობს. 2018 წლის გამარჯვებულების წიგნები უკვე იქცა მოთხოვნად წიგნებად. ავტორების ინტერვიუები ქვეყნდება სხვადასხვა მედიაში, მათ პოსტერებს ნახავთ ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში", წიგნების ყდებზე იმუშავეს ცნობილმა დიზაინერებმა და მხატვრებმა. ჩვენ ვეხმარებით, რომ მათი პირველი ნაბიჯები ლიტერატურულ სამყაროში სწორი და წარმატებული იყოს. მათ წიგნებს აუცილებლად წარვუდგენთ უცხოელ გამომცემლებს, რომ დაინტერესების შემთხვევაში ითარგმნოს და საერთაშორისო აღიარებას მიაღწიოს.

ასევე იქნება გამომცემლობის ყურადღება კონცენტრირებული კონკურსის მესამე სეზონის გამარჯვებულ ავტორებზე. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც წერს და მიიჩნევს, რომ ნიჭიერია, თუმცა ეშინია ნაწარმოების გამომზეურების, დასძლიოს შიში და ჩაერთოს კონკურსში. დაე, ყველა ავტორი გაიცნოს საზოგადოებამ. წარმატება წინ არის. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ თქვენი ნაწარმოები გახდეს გამარჯვებული! მათ კი, ვისაც ჯერ არ დაუწყია წერა და ყოყმანობს, მინდა ვუთხრა, ჯერ კიდევ არ არის გვიან, მით უმეტეს, უკვე ორჯერ გვქონდა შემთხვევა, რომ ნაწარმოები დაიწერა სპეციალურად კონკურსისთვის. რაც მთავარია, მათ გამომცემლობა სრულ მხარდაჭერას ჰპირდება... მაქვს სასიამოვნო ინფორმაციაც: წინა კონკურსებისაგან განსხვავებით, ამ სეზონზე პრიზი მხოლოდ წიგნის გამოცემა არ იქნება. უკვე გვყავს სპონსორები, რომლებიც თავიანთი რჩეული ნაწარმოებებისთვის სპეციალურ პრიზებს დააწესებენ. რაც შეეხება ჟიურის, ის კვლავ კომპეტენტურია, საკონკურსოდ წიგნებს პროფესიონალები შეარჩევენ.

კონკურსის შემდგომ ეტაპებზე გამომცემლობა პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. ამჯერად კი კონკურსში გამარჯვებული ავტორის ჩანაწერს შემოგთავაზებთ:

ნათია ჯაგოდნიშვილი: "ეს კონკურსი, პირველ რიგში, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო, უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის და რაც მთავარია, მივიღე უდიდესი სითბო და სიყვარული, როგორც ჩემი მკითხველების, ისე სრულიად უცხო ადამიანებისაგან. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვიღებ შეტყობინებებს, სადაც მწერენ, როგორ დაეხმარათ ჩემი წიგნი, რამხელა ემოცია მიიღეს და დაფიქრდნენ კონკრეტულ საკითხებზე, ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია".

რა უნდა წარმოგვიდგინონ კონკურსანტებმა

გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოყოლილი მოკლე ბიოგრაფია. იმის მითითებით, გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.); ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით; კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი); საკონტაქტო ინფორმაცია; საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი). ფაილები უნდა გამოგზავნოთ 1-ლი აპრილიდან 1- ლი მაისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: konkursi@palitra.ge; საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ რომანი, მაგრამ ნებისმიერი ჟანრის და პირველ ეტაპზე, ანუ 1-ლ მაისამდე, უნდა წამოგვიდგინონ მინიმუმ 20-დან 30 გვერდამდე დაწერილი რომანის დასაწყისი. საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციაც, რათა შევძლოთ მათთან დაკავშირება. გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

ეთერ ერაძე